აშშ 3 ათასამდე ჯარისკაცს განალაგებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უახლოეს მომავალში აშშ-ის 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ეს ინფორმაცია დაადასტურა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა განკარგულება გასცა, აშშ-იდან ევროპაში გაიგზავნოს 2 ათასი სამხედრო. მათგან 1700 ჯარისკაცი პოლონეთში განთავსდება, 300 კი გერმანიაში ჩავა.

ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება რუმინეთში, მაგრამ არა აშშ-იდან, არამედ გერმანიიდან.

მანამდე აშშ-მა 8500 სამხედრო მოსამსახურე მოიყვანა სრულ მზადყოფნაში ევროპაში გასაგზავნად.

გასულ კვირაში ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში „უახლოეს მომავალში“ გაიგზავნებიან და დასძინა, რომ საქმე ეხება მცირერიცხოვან ჯარს.

ასევე იტყობინებიან, რომ დიდი ბრიტანეთი უახლოეს მომავალში დამატებით ჯარებს გაგზავნის პოლონეთსა და ესტონეთში.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ მოქმედებებს მოჰყვება სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის გაზრდა ნატოს წევრ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობენ. თავად უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება. პენტაგონის წარმომადგენელმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები „არ იბრძოლებენ“ უკრაინის ტერიტორიაზე.

მრავალი წყაროს თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ მოიყარა თავი. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინაში ინტერვენციისთვის მზადება შეიძლება იყოს. მოსკოვი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ის უკრაინაში შეჭრას გეგმავს.