აშშ მზადაა განიხილოს რუმინეთსა და პოლონეთში ნატოს ბაზებზე რუსეთის ინსპექტორთა დაშვება

შეერთებული შტატები მზადაა განიხილოს რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულ ნატოს ბაზებზე რუსეთის დაშვება იქ განთავსებული რაკეტების ინსპექციისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

რუსეთს აშფოთებს თავის საზღვრებთან ახლოს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზების განლაგება. მოსკოვი შიშობს, რომ ბაზებზე შესაძლოა განთავსებული იყოს არა მხოლოდ ანტისარაკეტო რაკეტები, არამედ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებიც პოტენციურად გამოსადეგია ბირთვული ქობინების გადასატანად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამაზე უკანასკნელად 1 თებერვალს ილაპარაკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ.

Bloomberg-ის წყაროებმა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ახლოს არიან, თქვეს, რომ ადმინისტრაციამ კრემლს შეატყობინა თავისი მზადყოფნის შესახებ, ბაზებზე რუსეთის ინსპექტორები დაუშვას. ამასთან, შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ, განსაკუთრებით პოლონეთთან და რუმინეთთან, აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო.

აშშ საპასუხოდ მოითხოვს ანალოგიური ინფორმაციის წარმოდგენას რუსეთის ბაზების შესახებ, სადაც მფრინავი რაკეტებია განთავსებული.

ვაშინგტონის წინადადების შესახებ ცნობამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ევროპაში გაემგზავრება ნატოელ მოკავშირეებთან შესახვედრად.

როგორც ვარაუდობენ, სამიტზე განიხილავენ უკრაინის გარშემო კრიზისს და მის ტერიტორიაზე რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის მზადებას. ოსტინის დაგეგმილ მოგზაურობაზე ინფორმაცია პენტაგონმა დაუდასტურა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს, რომელმაც ამის თაობაზე 2 თებერვალს დაწერა ტვიტერში.