საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების მთლიანად გაუქმებას სარისკოდ მიიჩნევს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. მისი შეფასებით, „მწვანე პასპორტის“ თავდაპირველი მოთხოვნები უნდა შეცვლილიყო და მორგებოდა დღევანდელ რეალობას, როცა ქვეყანაში დომინანტად იქცა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.
მედია-ცენტრ „მთავარში“ დღეს, 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანე ჩხაიძემ თქვა, რომ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას ჰქონდა ორი ძირითადი ფუნქცია - ვაქცინაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩხაიძის თანახმად, „მწვანე პასპორტის“ შემოღებამ, „ვაქცინაციის მარათონმა“ და აცრის ფინანსურმა წახალისებამ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზარდა და თუ მანამდე დღიურად იცრებოდა საშუალოდ 2-3 ათასი ადამიანი, ეს მაჩვენებელი 11-12 ათასამდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ საქართველოში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო აღარააროგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ დომინანტი გახდა და დეკემბრის ბოლოდან ეპიდემიის მეექვსე ტალღა დაიწყო, „მწვანე პასპორტის“ გარკვეული დებულებები რეალობასთან შეუსაბამო გახდა. ივანე ჩხაიძის თქმით, თავიდანვე ჰქონდათ შენიშვნა, რომ კორონავირუსის გადატანის ფაქტი არ უნდა ყოფილიყო უვადო გარანტია, რაც დღევანდელმა რეალობამაც დაადასტურა. ექიმის განმარტებით, „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში რეალობას არ შეესაბამება არც ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, რადგან თუ დაავადება უსიმპტომო ან მსუბუქია, ანტიგენის ტესტი კორონავირუსის არსებობას ხშირად არ აჩვენებს. ჩხაიძის თანახმად, რეალობასთან შეუსაბამო გახდა 72-საათიანი PCR-ტესტის უარყოფითი პასუხიც, რადგან „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების და ინკუბაციის ხანმოკლე პერიოდის გამო, ეს ტესტი არ შეესაბამება მოთხოვნებს, რომლებსაც „ომიკრონი“ აყენებს დღევანდელი დიაგნოსტიკური საშუალებების წინაშე.
„ამიტომ, ჩვენი ძირითადი სურვილი იყო, რომ შეცვლილიყო ეს დებულებები და "მწვანე პასპორტი" ყოფილიყო მორგებული დღევანდელ რეალობას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისი ინფორმაციით, ბევრმა ქვეყანამ "მწვანე პასპორტის" მოთხოვნად დატოვა მხოლოდ ორჯერად აცრას პლუს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა:
„შესაბამისად, მწვანე პასპორტების მთლიანად გაუქმება და ამოღება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ უსაფრთხოების ნაკლები განცდა. როდესაც თქვენ დახურულ სივრცეში ხართ და დახურული სივრცე "მწვანე პასპორტის" აუცილებლობას გულისხმობდა, ეხლა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი იქნება უფრო მეტი და თუ ასევე, განვიხილავთ, რომ ჯერჯერობით საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზეა, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, სავსებით შესაძლებელია, რომ "მწვანე პასპორტების" მთლიანად გაუქმებამ გარკვეულწილად ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი“.
ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება დემოტივატორი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცრას აპირებდნენ.
ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 26 000-ზე მეტ ადამიანს2021 წლის 1 დეკემბრიდან, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებოდნენ მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით. „მწვანე სტატუსი“ ენიჭებოდა პირს, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა, ან სრულად ვაქცინირებული იყო, ან ჰქონდა 72-საათიანი მოქმედების PCR ტესტის, ან 24-საათიანი მოქმედების სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. "მწვანე პასპორტის" გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებოდნენ რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერასა და მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნეს-ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
2022 წლის 1 თებერვალს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა და ამის მიზეზებად დაასახელა "ომიკრონის" გავრცელების სწრაფი ტემპი, ვირუსის სუსტი მიმდინარეობა და მსოფლიო პრაქტიკა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ დღეს თქვა, რომ "მწვანე პასპორტის" გაუქმება საქართველოს უნიკალური გადაწყვეტილება არ არის და ეს სხვა ქვეყნებმაც გააკეთეს, თუმცა, მაგალითად, დანიამ "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა გააუქმა მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის ფონზე, საქართველომ კი, 42%-იანი ვაქცინაციის.