პუტინთან შეხვედრაზე ორბანმა ითხოვა რუსეთის გაზის იმპორტის გაზრდა

უნგრეთმა ითხოვა გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა ორმხრივი, გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 1 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

ორბანის თქმით, მან ითხოვა გაფართოვდეს უნგრეთის 15-წლიანი ხელშეკრულება რუსეთის კომპანია გაზპრომთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაზის უფრო დიდი მოცულობით მიწოდება, ევროპაში ენერგიაზე ფასის ზრდის ფონზე.

ორბანი ამ განცხადებებით გამოვიდა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა კი მიანიშნა, რომ მზად არის უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა გაიზარდოს წელიწადში 4.5 მილიარდი კუბური მეტრიდან 5.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

დეტალები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ორბანმა დასძინა, რომ რუსეთთან გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, უნგრეთს არ შეეხება ევროპაში ენერგიაზე სამომავლო ფასების ზრდა.

ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთმა სექტემბერში მოაწერა ხელი გაზის მიწოდების 15-წლიან კონტრაქტს რუსეთთან. ორბანმა, რომელიც პუტინთან მეგობრულ კავშირებს ინარჩუნებს, უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოს 28 იანვარს უთხრა, რომ ეცდება რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას კვების მრეწველობის, ტურიზმის და კოსმოსური კვლევების სფეროებში.

ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უნგრეთის შესაძლებლობა თავად აწარმოოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, Sputnik V. უნგრეთი მზადაა შეისყიდოს პრეპარატის ერთი ინიექციისგან შემდგარი ვერსია, Sputnik Light-ი, განაცხადა ორბანმა.