საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 26 000-ზე მეტ ადამიანს

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 84 658 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 26 320 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. 9 555-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ასევე ნახეთ საქართველოში "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადგენილი შემთხვევებიდან ლეტალურად 3 დასრულდა

საქართველოში იანვრიდან გააქტიურდა განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელების უნარის მქონე, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის ცირკულაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ინფიცირებულთა 90-95%-ს კორონავირუსის ეს შტამი აქვს.

2 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 31.09%;
  • ბოლო 7 დღის - 26.38%;
  • ბოლო 14 დღის - 23.4%.

ოფიციალური სტატისტიკით, 2 თებერვლის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 181 293 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 522 პაციენტი.

ასევე ნახეთ WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში 9%-ით გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 226 444 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 060 ადამიანი.