ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (24-30 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 22 239 622 შემთხვევა. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით შემცირდა.
ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 59 195 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 9%-ითაა გაზრდილი. გარდაცვალების შემთხვევები 41%-ით იყო მომატებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 32%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 16%-ით სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელმა იკლო.
ასევე ნახეთ საქართველოში "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადგენილი შემთხვევებიდან ლეტალურად 3 დასრულდაინფიცირების ახალი შემთხვევები ყველაზე მეტად, 20%-ით შემცირდა ამერიკაში და ყველაზე მეტად, 37%-ით გაიზარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ევროპაში 7%-იანი მატება იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კლებას განაგრძობს კორონავირუს SARS-CoV-2-ის "ალფა", "ბეტა", "გამა" და „დელტა" ვარიანტების გავრცელება და ისევ სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. გლობალურ სამეცნიერო სისტემაში ბოლო ერთ თვეში ატვირთული 403 000-ზე მეტი ნიმუშიდან 93.3% „ომიკრონზე“ მოდიოდა და 6.7% „დელტაზე“. დანარჩენი ვარიანტების წილი 1%-ზე ნაკლები იყო.
ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: "ალფა", "ბეტა", "გამა", "დელტა" და "ომიკრონი".