პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი სადავო რეზოლუცია მიიღო - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 თებერვალს

პარლამენტმა მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია 74 ხმით, პირველ საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, ისე, რომ კენჭისყრაში ოპოზიციის დიდ ნაწილს პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღია. „ქართული ოცნების" ოპონენტები მოითხოვდნენ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებას. მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ტექსტში „რუსეთი“ არ წერია, თუმცა იგულისხმება.

ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა თქვა: „რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი. ამაში, სიმართლე გითხრათ, ლოგიკას ვერ ვხედავ. რუსეთს ჩავწერთ თუ არა რეზოლუციაში, ალბათ, არც თქვენ გაქვთ ილუზია, რომ ეს რამეს შეცვლის ჯამში ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. თუმცა, აქ გადის ზუსტად ის ხაზგამყოფი, ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვცალდეს და შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა“.

"სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება" უწოდა რეზოლუციის პროექტში რუსეთის არხსენებას "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც კენჭისყრამდე, პლენარულ სხდომაზე მოუწოდა მმართველ გუნდს, ეცადა ოპოზიციის მხარდაჭერაც მოეპოვებინა.

საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეს ამბავი დასრულდება ჩემი გამარჯვებით - ინტერვიუ გენერალ გიგი კალანდაძესთან

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი (გიგი) კალანდაძე გერმანიის სასამართლოს ვერდიქტს ელოდება იმედით, რომ არ მოხდება საქართველოში მისი ექსტრადიცია, როგორც ამას საქართველოს გენერალური პროკურატურა მოითხოვს.

ექსტრადიციის საკითხის განხილვამდე მას ქვეყნიდან გასვლა აქვს შეზღუდული. გერმანულმა სასამართლომ, დეკემბერში ბერლინში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქართველი გენერალი 18-დღიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იანვრის დასაწყისში გაათავისუფლა.

გიგი კალანდაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებას საფუძვლად დაედო გერმანული მხარისთვის თბილისიდან მიწოდებული ინფორმაცია, რომ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. კალანდაძე უარყოფს, რომ მისი გვარი ინტერპოლის ცირკულარში იყო შეტანილი და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას, დიდწილად, სწორედ ამ საკითხზე სიმართლის დადგენას უკავშირებს.

გენერალი კალანდაძე საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს და რადიო თავისუფლებას უზიარებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

„ეს იყო ჩასაფრება. რამდენიმე დღით ადრე „ფორმულას“ მივეცი ინტერვიუ და შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ვაგნერები [რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“] ხელს ითბობენ არეულობით, რაც ხდება დონბასის [რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია] მიმართულებით უკრაინაში, შოულობენ დიდძალ ფულს და ამ ფულით ახორციელებენ ბიზნესს საქართველოში“, - ამბობს კალანდაძე ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ლელა კუნჭულიას მისცა. წაიკითხე სრულად.

საქართველოში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო აღარაა

საქართველოში „მწვანე პასპორტების“ წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მიზეზად კი „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობა და სხვა ქვეყნების მაგალითი დასახელდა.

მიუხედავად ამისა, მაინც მოქმედი რჩება კოვიდაპლიკაციები საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველთათვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, "მწვანე პასპორტი" ბიზნესმა კვლავ მოითხოვოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის გავრცელების პირობებში "მწვანე პასპორტი" არ იყო ინფიცირებისგან დაცვის გარანტი.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ახალი პიკი დაფიქსირდა - 24 201 ახალი ინფიცირებული. საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1754 შემთხვევა, თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად აღრიცხული დადებითი შემთხვევების 90-95% „ომიკრონია“.

წაიკითხე და ნახე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დასავლეთის მხარდაჭერა და დიპლომატიური მცდელობები უკრაინის კრიზისის განმუხტვის მიზნით გრძელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. რუსეთის მხრიდან მზარდი ესკალაციის ფონზე ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დღეს ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით გაესაუბრება, მანამდე კი კიევში ყოფნისას მან განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის შუბლზე იარაღი აქვს მიჭერილი და რომ საფრთხე „აშკარაა“.

გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა საქართველოც ახსენა. მისი თქმით, რუსეთი გავლენის ახალი სფეროების შექმნას ცდილობს და კრემლის ამბიციები კიდევ უფრო გაიზრდება: „უკრაინა არ იქნება ერთადერთი. თქვენ უნდა იფიქროთ საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე სხვა ქვეყნებზეც“, - თქვა მან.

რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და შეიარაღების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-მ. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კვლავ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და განაცხადა, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მოკავშირეები.

პარალელურად, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ვითარების დეესკალაციისა და დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმედს იძლევა.

1 თებერვალს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ვერხოვნა რადაში სიტყვით გამოსვლის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ერთობამ ნორმანდიული ფორმატი განბლოკა და დიალოგის მზადყოფნა წარმოაჩინა. ზელენსკის მხედველობაში ჰქონდა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის („ნორმანდიული ოთხეულის“) წარმომადგენელთა შეხვედრა პარიზში, ამჟამად კი ახალი შეხვედრის ბერლინში გამართვის თარიღი განიხილება.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ რას უმიზნებს ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი?

კიევში აშშ-ის ელჩად, სავარაუდოდ, ინიშნება დიპლომატი, რომლის საქართველოში ელჩად დანიშვნა 2018 წელს განიხილებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე შეარჩია ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, თუმცა, ოფიციალურად მის დასახელებამდე აშშ ელოდება უკრაინის მთავრობის თანხმობას. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან CNN-ი და Bloomberg-ი.

პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურის სტანდარტულ შემოწმებას ახორციელებს და ამ პროცესში არანაირი შეფერხება არ ყოფილა, რადგან კიევს ბრინკის კანდიდატურა დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზეს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს CBS-ი, რომელიც წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ამასთან, CBS-ს ორმა უკრაინულმა წყარომ უთხრა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. ამერიკელი დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად შეერთებული შტატების ელჩია სლოვაკეთში.

წაიკითხე მეტი.

„უკრაინასთან ომს ჩვენ არ გვაპატიებენ“

ავტორი: ალინა პინჩუკი

ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთის ინტელიგენციის „კონგრესის“ განცხადებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ. დოკუმენტი, სახელწოდებით „მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი „ომის პარტიის“ წინააღმდეგ“, 30 იანვარს გამოქვეყნდა. მას ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოაწერა ხელი. რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე მათგანს იმის შესახებ, თუ ვის მიმართავენ ისინი ამ განცხადებით და როგორ შეიძლება სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.

გასული წლის ნოემბერში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაიწყოს საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის იანვარ-თებერვალში. ასევე, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესაძლო მომზადების შესახებ იუწყებოდა ამერიკული მედიაც, და მოჰყავდა დაზვერვის მონაცემები და წყაროები ადმინისტრაციაში.

სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები რუსეთის ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადასროლის შესახებ ორი ქვეყნის საზღვართან, ხოლო უკრაინის საომარი დაზვერვა ამტკიცებს, რომ საგანგებო ცენტრებში, რუსეთის ტერიტორიაზე, „აქტიურად აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს“, რომლებსაც, მომზადების გავლის შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში აგზავნიან. კრემლში უარყოფენ რაიმე მზადებას შეჭრისთვის, ხოლო სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, თავის მხრივ, დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინის ოკუპაციის სურვილში.

წაიკითხე მეტი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ქართველ ავტორებს ვთხოვეთ, წაეკითხათ თავიანთი უკრაინელი კოლეგების ლექსები.