პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი აშშ-ისა და ნატოს პასუხზე უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ის კრემლში გამოვიდა სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ.

„ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში უნდა მიიღონ. უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში წერია, რომ მათ სურთ ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნონ. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა, ნატოს წევრი, იწყებს ოპერაციას ყირიმში (დონბასზე არ ვლაპარაკობ). ეს სუვერენული რუსეთია. რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა“, - თქვა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა უგულებელყო რუსეთის პრინციპული შეშფოთება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. მისი სიტყვებით, დასავლეთის პასუხში არ იყო „ადეკვატურად გათვალისწინებული რუსეთის სამი საკვანძო მოთხოვნა, რომლებიც ეხებოდა ნატოს გაფართოების დაუშვებლობას, რუსეთის საზღვრებთან საიერიშო შეიარაღების სისტემების განთავსებაზე უარს, ასევე ევროპაში სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნებას 1997 წლის მდგომარეობაზე.“

„ნატო აცხადებს, რომ ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ. მაგრამ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების გაძლიერება სხვების ხარჯზე“, - თქვა პუტინმა.

გასული წლის ბოლოს რუსეთმა აშშ-სა და ნატოს გადასცა ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც კრემლი ითხოვს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებს. სხვათა შორის, ის შეიცავს მოთხოვნას, ბოლო მოეღოს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, რაშიც რუსეთი თავისი უსაფრთხოების მუქარას ხედავს. იანვრის დამდეგს ევროპაში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა აშშ-ის, ნატოსა და ეუთოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა თავის წინადადებებზე წერილობითი პასუხი მოითხოვა.

გასულ კვირაში ვაშინგტონმა მოსკოვს წერილობით უპასუხა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მასში აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა არ დათმეს ნატოს ფუძემდებელი პრინციპები და განაცხადეს, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა ახალი წევრების, მათ შორის უკრაინისთვის. პასუხი ასევე შეიცავს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ლაპარაკია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ ხელშეკრულებაზე.