სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„მე ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემში ბინადრობს ხმა, რომელიც არა და არ მშვიდდება“ - ამბობდა სილვია პლათი, რომელმაც პირველი ლექსი რვა წლის ასაკში გამოაქვეყნა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად გახდებოდა „ამერიკის მთავარი პოეტი ქალი“. სილვია პლათის სიცოცხლე ხანმოკლე იყო, მან ის 1963 წლის 11 თებერვალს, 30 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ, როგორც ლიტერატურის ისტორიკოსები გვეტყვიან, თავისი მშფოთვარე, მხურვალე, ინტენსიური პოეზიით - ხმით, რომელიც არა და არ დამშვიდდა - მან მეოცე საუკუნის ამერიკული და ბრიტანული ლიტერატურის მთელი ტრადიცია შეცვალა.
პლათის შემოქმედებასთან მიმართებით ხშირად შეგხვდებათ განსაზღვრებები „აღსარებითი“, და „ფემინისტური“ - თუმცა, გვეტყვიან მისი მემკვიდრეობის მკვლევრები, რომელიმე ერთი სახელი ვერც პლათის ლიტერატურის მასშტაბს და სიღრმეს მოიცავს და ვერც ინტენსიური სიბრაზისა და სინაზის მისეულ, უნიკალურ ნაზავს. სილვია პლათის ტექსტები ავტობიოგრაფიულია, თუმცა სიურრეალისტური წარმოსახვით გაჯერებული, თავის „აღსარებებს“ კი პლათი მძაფრი და ხშირად დაუნდობელი ირონიით გვაწვდის. როგორც, მაგალითად, უკვდავ ლექსში „ლედი ლაზარე“, რომელშიც პლათი საკუთარ, რეალურ თვითმკვლელობის მცდელობებზე გვიყვება, მაგრამ ირონიას ჩვენსკენ, მკითხველისკენ მომართავს - საზოგადოებისკენ, რომელიც ქალის ნგრევის და განადგურების ამბავს პერვერსიული ვნებით და „მიწის თხილის კრატუნით“ ადევნებს თვალს. ავტობიოგრაფიულ მოტივებს ეყრდნობა მისი „მამილოც“ - მაგრამ გერმანული წარმომავლობის მამასთან საკუთარი მიმართების აღწერისას ტოტალიტარიზმის და ჰოლოკოსტის სახეების გამოხმობით პლათი ამ ლექსით ისეთი რადიკალური განაცხადით გამოდის, რომ „მამილოს“ გარშემო დღემდე არ შემწყდარა ცხარე დისკუსია. ამ ლექსს ლიტერატურის „გერნიკა“ შეარქვეს, პიკასოს მონუმენტური და ომის სისასტიკის უნივერსალურ სიმბოლოდ მიჩნეული ტილოს კვალდაკვალ. ამბობენ იმასაც, რომ „მამილოში“ დატრიალებული დამზაფვრელი სიურრეალისტური კოშმარით პლათმა მტკივნეულად უპასუხა თეოდორ ადორნოს ცნობილ ფრაზას - რომ ოსვენციმის შემდეგ პოეზიის წერა ბარბაროსობაა.
სილვია პლათი საკუთარ ბიოგრაფიას ეყრდნობა „ზარხუფშიც“ - თავის რომანში, რომელიც გვიყვება ახალგაზრდა, გონიერი ქალის ფსიქიკურ კოლაფსზე და იმ სულისშემხუთავ ნორმებზე, რომლებსაც ქალებს საზოგადოება უწესებდა 1950-იანი წლების ამერიკაში. ამ წიგნს ხშირად უწოდებენ ქალურ ვერსიას რომანისა „თამაში ჭვავის ყანაში“ - თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ „ზარხუფი“უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სელინჯერის უკვდავი რომანი. ისეთივე პოლიტიკური, როგორიც, მაგალითად, ბიტნიკების თაობის ემბლემატური ლექსი, ალენ გინზბერგის „ყმუილი“, თავისი ცნობილი პირველი ფრაზით - „მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას, მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული". რადგან სილვია პლათიც და ალენ გინზბერგიც იმ რეპრესიულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კლიმატს აღწერენ, რომელსაც ადამიანები სიგიჟის პირას მიჰყავს.
სილვია პლათს თანამედროვე კულტურულ წარმოსახვაში საკულტო სტატუსი აქვს - მაგრამ ეს სტატუსი, მის ლიტერატურაზე მეტად, მისი სიკვდილით საზრდოობს. ყველამ, ვინც პლათს ზედაპირულად მაინც იცნობს, ეს საზარელი ამბავი აუცილებლად იცის - პლათი, რომელსაც თინეიჯერობის ასაკიდან პერიოდულად მძიმე დეპრესია ტანჯავს და რომელიც ქმარმა, დიდმა ინგლისელმა პოეტმა, ტედ ჰიუზმა სხვა ქალის გამო მიატოვა, ლონდონში, სახლში იკლავს თავს. მის ორ პატარა შვილს ზედა სართულზე ძინავს. პლათი ბავშვებს რძეს და პურს გაუმზადებს, მათ საძინებელში ფანჯარას გამოაღებს, კარების ქვეშ ნაჭრებს და პირსახოცებს ჩატენის, შემდეგ სამზარეულოში თავს ღუმელში შეყოფს და გაზით იწამლება.
პლათის ცხოვრების ასეთი დასასრული იოლად მოერგო მითოლოგიურ არქეტიპებსაც და ტრივიალურ, მელოდრამატულ ფაბულებსაც. საზოგადოებამ, რომელიც, „ლედი ლაზარესი“ არ იყოს, ქალის განადგურების სანახაობას პერვერსიული სიამოვნებით ადევნებს ხოლმე თვალს, პლათი გადააქცია სიკვდილით შეპყრობილი ქალი პოეტის სიმბოლოდ - ფემინისტი მკვლევრების თქმით, „ინტელექტუალთა მერილინ მონროდ“. მას ხან თვითდესტრუქციულ მედეას უწოდებდნენ, ხან ელექტრას, ხანაც ურჩხული დედის სახეს, იმის გამო, რომ მან თვითმკვლელობით პატარა შვილები მიატოვა. და ეს აღქმა მის ტექსტებზე, მის შემოქმედებაზეც გავრცელდა - ჰოლივუდის რომელიმე ფილმში ქალი გმირი პლათის „ზარხუფს“, ან ლექსებს თუ კითხულობს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის აუცილებლად მელანქოლიური და ნევროტული პერსონაჟი იქნება.
მაგრამ ეს აღქმა უნდა შეიცვალოს - ამბობს ჰეზერ კლარკი, ჰადერსფილდის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი და პლათის შემოქმედების ვეტერანი მკვლევარი, რომელმაც 2020 წლის მიწურულს გამოაქვეყნა სილვია პლათის მონუმენტური, თითქმის 1000-გვერდიანი ბიოგრაფია სათაურით „წითელი კომეტა: სილვია პლათის ხანმოკლე ცხოვრება და მხურვალე ხელოვნება“. მის წიგნს გამოსვლისთანავე ერგო აღიარება, ის წლის საუკეთესო წიგნების სიებშიც მოხვდა და პულიცერის პრემიის ფინალისტიც იყო. პლათის პიროვნული ტრაგედია მის შემოქმედებას ყოველთვის მიანიჭებს დამთრგუნველ განზომილებას, მაგრამ ჰეზერ კლარკის წიგნი გვაჩვენებს, რომ პლათი არც მედეაა, არც ელექტრა, არც მსხვრევადი მსხვერპლი და არც საბედისწერო ქალიო, წერდნენ კრიტიკოსები და დასძენდნენ - ამ ბიოგრაფიით პლათი ბოლოს და ბოლოს წარმოგვიდგა კომპლექსურ, ცოცხალ, ვნებიან და უნიკალური ნიჭის მქონე ქალად - მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს და თან ერთ-ერთ ყველაზე არასწორად გაგებულ პოეტადო.
„მისი საუკეთესო პოეზია ესთეტიკურად ისეთივე ძლიერია, ისეთივე გარღვევაა და ისევე ირეკლავს თავის ისტორიულ მომენტს, როგორც პლათის კერპების, იეიტსის და ელიოტის პოეზია. პლათი უწინარესად მისი ტრანსცენდენტული, მხურვალე ლექსებით უნდა გვახსოვდეს, და არა იმით, რომ მან სამზარეულოში გაზით მოიწამლა თავი“ - წერს თავის წიგნში ჰეზერ კლარკი, რომელიც „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია. ის გვიყვება სილვია პლათის ცხოვრებაზე, მის მთავარ პოეტურ სახეებზე, იმ გზაზე, ფორმებზე თუ სტილებზე, რომლებიც პლათის პოეზიამ გაიარა მისი შემოქმედების მწვერვალად მიჩნეული ლექსების კრებულის, „არიელის“ დაწერამდე. ჩვენს სტუმართან ერთად ვილაპარაკებთ პლათის მნიშვნელობაზე ფემინისტური მოძრაობისთვის, მის რევოლუციურ ლექსებზე დედობის, და დედობასთან დაკავშირებული შფოთის, სინაზის, სიყვარულის და ამბივალენტურობის შესახებ. ვილაპარაკებთ პლათის ბრძოლაზე დეპრესიასთან, ტრავმულ გამოცდილებებზე, რომლებიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მიიღო. და, ცხადია, მოგიყვებით სილვია პლათის და ტედ ჰიუზის ვნებიან სიყვარულზე და შვიდწლიან ქორწინებაზე - კავშირზე, რომლის დასასრულიც დამანგრეველი და პლათისთვის საბედისწერო იყო, მაგრამ პირველ წლებში მან ორივე პოეტს მძლავრი ბიძგი მისცა მათი საერთო ესთეტიკური მგრძნობელობის გასავითარებლად.
ეპიზოდში მოისმენთ თავად სილვია პლათის ხმას, წავიკითხავთ ნაწყვეტებს პლათის ლექსებიდან და მისი„ზარხუფიდან“ - რომლებიც ქართულ ენაზე ბრწყინვალედ
აქვს ნათარგმნი ლელა სამნიაშვილს. ძალიან მახარებს ის, რომ ამ ეპიზოდში შეხვდებით თავად ლელასაც - რომელიც პლათის ტექსტებზე მუშაობის პროფესიონალურ და ემოციურ გამოცდილებას გაიხსენებს.
ბოლოს, ფინალურ აკორდად შემოგთავაზებთ „არიელს“, ბევრის მიერ სილვია პლათის ანდერძად მიჩნეულ ლექსს - სუნთქვისშემკვრელი დინამიზმით და იდუმალებით მფეთქავ ტექსტს ცხენზე ამხედრებულ შემოქმედ ქალზე, რომელიც ჩვენი თანდასწრებით ექსტაზურ, ტრანსფორმაციულ, ტრანსცენდენტულ მომენტს გაივლის და საკუთარი ბედისწერის განმკარგველი ხდება.