რას უმიზნებს ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი?

ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლება დიდ იმედებს უკავშირებს ბრიტანეთსა და პოლონეთთან ერთად პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომლის ამოცანებზე სავარაუდოდ კიევში ბორის ჯონსონისა და მატეუშ მორავეცკის ვიზიტის დროსაც იმსჯელებენ.

ეს ინფორმაცია დაადასტურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, რომელიც 1 თებერვალს ბრიტანელ კოლეგაზე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა კიევს და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობის ფორმატის საფუძვლად რეგიონის უსაფრთხოება უნდა იქცეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ფორმატის შექმნას საფუძვლად უდევს არა გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ „საერთო პრინციპები“ და გამოწვევები, რომელთა შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაც იგულისხმება.

უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის საიმედო სარტყელი

საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს, ვერხოვნა რადაში გამოსვლის დროს დააანონსა.

„ჩვენ ვქმნით ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთსა და უკრაინასთან ერთად“, - მოკლედ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვერხოვნა რადაში, სადაც სამშაბათს საჯაროდ მოაწერა ხელი ისტორიული მნიშვნელობის განკარგულებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიულ რელსებზე გადაყვანას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი არმიაში სასწრაფო წესით გაწვევის გაუქმების წინადადებით გამოვიდა

სხვა დეტალებზე უკრაინის ლიდერს არ უსაუბრია.

მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის მორიგი მასშტაბური სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთთან ერთად თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნაზე ზრუნვა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაგრამ ეს იდეა პირველად ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, 21 იანვარს ავსტრალიაში ახსენა. სწორედ კიევში ლიზ ტრასის ვიზიტის დროს, 2 თებერვალს იგეგმებოდა ახალი ფორმატის შექმნის ოფიციალური გამოცხადება.

„კიევი ამ ფორმატის გამოცხადებას ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს აპირებდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ საჭირო იყო კიევში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთად შეკრება. საბოლოოდ დასახელდა 2 თებერვალი, როდესაც უკრაინაში იგეგმებოდა ლიზ ტრასის ვიზიტი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი ვიზიტი და, შესაბამისად, ამ ახალი ფორმატის გამოცხადება რამდენიმე კვირით გადაიდო“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს სერგეი სიდორენკომ, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდის“ საერთაშორისო მიმომხილველმა, რომელმაც დასძინა, რომ იქნება არა ორგანიზაცია, არამედ მხოლოდ „თანამშრომლობის დეკლარირება“.

კიევი ამტკიცებს, რომ თავად ახალი ფორმატის შექმნის იდეა კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ კიევს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა აქვს როგორც ვარშავასთან, ისე ლონდონთან, ასეთი „მცირე ალიანსები“ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ასეთი ფორმატების საშუალებით ქვეყნის გარშემო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საიმედო სარტყლის შექმნას ცდილობს.

„ვარშავა, კიევი და ლონდონი არა მხოლოდ რეალისტურად აფასებენ ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებს და რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, არამედ ასევე ფლობენ სამმხრივი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, - კერძოდ, განახლებადი ენერგიის გამომუშავების - მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით ატლანტიკის, ბალტიისა და შავი ზღვის გაერთიანებით, ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისათვის“, - საკმაოდ ამბიციურად მოხაზა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების დაგეგმილი ვიზიტის წინ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა სხვა ქვეყნებთანაც არის დაკავშირებული თანამშრომლობის მსგავსი ფორმატებით. კერძოდ, ესაა „ასოცირებული ტრიო“ საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, ლიუბლიანის სამკუთხედი ლიეტუვასა და პოლონეთთან და „კვადრიგა“ - თურქეთთან. მაგრამ, როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის „მცირე ალიანსს“ უფრო დიდი და ამბიციური მიზანი გააერთიანებთ.

„ეს იქნება სამი თანაბარი სახელმწიფოს კავშირი, რომლებიც ერთმანეთს დაეხმარებიან და ერთად იბრძოლებენ დემოკრატიის განვითარებისთვის. სამივე ამ ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას, აერთიანებს ერთი საერთო პრიორიტეტი, ეს არის კონტინენტის უსაფრთხოება და საერთო მოწინააღმდეგე, რუსეთის ფედერაცია, რომელიც ცდილობს ევროპული უსაფრთხოების განადგურებას. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ისინი არ დამალავენ, რომ, არსებითად, სწორედ ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან“, - აღნიშნავს სერგეი სიდორენკო.

კიევისთვის ამ ფორმატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ სამხედროსა და ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის შეიძლება ემზადებოდეს. მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას.

„რუსმა დედებმა უნდა იფიქრონ თავიანთი შვილების სიცოცხლეზე“

უკრაინაში მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის მთავარ ამოცანად დაასახელა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, რაზეც არის დამოკიდებული ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის ნორმალური განვითარება.

„ჩვენ ყველანი ვართ ამით (უსაფრთხოებით) დაინტერესებული და რეგიონში უსაფრთხოებისათვის ბრძოლა წარმოადგენს ასეთი თანამშრომლობის მიმართულებას. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი ჰიბრიდული თავდასხმის სახით ჩვენ უკვე ვიგრძენით დესტაბილიზაცია ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე. სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლით ბრიტანეთმა საკუთარ ზურგზე გამოცადა, თუ რას ნიშნავს რუსეთის გრძელი ხელები“, - აღნიშნა 1 თებერვალს კიევში მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კიევში დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდა და აეროპორტიდანვე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა ზელენსკისა და ჯონსონს უნდა ემსჯელათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის შეჩერება.

1 თებერვალს კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა „ათასობით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა“, რომელიც უკრაინაში ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ჩაიტანეს.

ორმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი ყველაფერს აკეთებს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობის გასაძლიერებლად. უკრაინის მიწაზე ბორის ჯონსონმა საჭიროდ ჩათვალა გაეფრთხილებინა რუსეთი, რომ უკრაინის არმია მზად არის, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს თავისი ქვეყნის დასაცავად.

„ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგებინოთ რუსეთის მოქალაქეებს, რომ უკრაინელები მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საბრძოლველად თავიანთი ქვეყნისთვის. 200 ათასი უკრაინელი სამხედრო ეს არის დიდი ძალა, ამიტომ რუსმა დედებმა უნდა იფიქრონ თავიანთი შვილების სიცოცხლეზე. შესაძლოა ამან შეაჩეროს პუტინი კონფლიქტის გაღრმავებისგან, ჩვენ კი ამისთვის მზად ვართ, დიალოგში ჩავერთოთ“, - განაცხადა კიევში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე დღესვე, 1 თებერვალს, უნდა გამართულიყო სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, მაგრამ ჯონსონის ოფისმა გამოაცხადა, რომ საუბარი 2 თებერვალს, ნაშუადღევს შედგება.

ასევე ნახეთ ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი 2 თებერვლისთვის გადადო

სასაუბრო კი ჯონსონსა და პუტინს, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი აქვთ.

კიევში გამგზავრებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი განიხილავს NATO-ს სამხედრო ნაწილების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების მობილიზების საპასუხოდ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.

ასევე ნახეთ რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება

„დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად დღეს უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი მთავარი დონორია. სწორედ დიდი ბრიტანეთი აწვდის ამჟამად მაღალი სიზუსტის იარაღს უკრაინას, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ არ დაუშვას რუსეთის მორიგი ფართომასშტაბიანი ინტერვენცია“, - ამბობს სერგეი სიდორენკო.

ასევე ნახეთ უკრაინის კრიზისი: ბრიტანეთი განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდას

ლონდონი ასევე განიხილავს ყველაზე დიდ შესაძლო შეთავაზებას ნატოს თავდაცვის პაქტის წევრებისთვის სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში, რაც გულისხმობს ჯარების რაოდენობის გაორმაგებას და თავდაცვითი იარაღის გაგზავნას ესტონეთში.

„ეს პაკეტი იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის - ჩვენ არ შევეგუებით მათი მხრიდან დესტაბილიზაციას და ყოველთვის დავდგებით ნატოს მოკავშირეებთან ერთად. მე დავავალე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, მოემზადონ მომავალ კვირას ევროპაში განლაგებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ ნატოელ მოკავშირეებს“, - განაცხადა 30 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.