ავტორი: ალინა პინჩუკი
ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთის ინტელიგენციის „კონგრესის“ განცხადებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ. დოკუმენტი, სახელწოდებით „მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი „ომის პარტიის“ წინააღმდეგ“, 30 იანვარს გამოქვეყნდა. მას ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოაწერა ხელი. რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე მათგანს იმის შესახებ, თუ ვის მიმართავენ ისინი ამ განცხადებით და როგორ შეიძლება სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.
გასული წლის ნოემბერში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაიწყოს საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის იანვარ-თებერვალში. ასევე, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესაძლო მომზადების შესახებ იუწყებოდა ამერიკული მედიაც, და მოჰყავდა დაზვერვის მონაცემები და წყაროები ადმინისტრაციაში.
სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები რუსეთის ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადასროლის შესახებ ორი ქვეყნის საზღვართან, ხოლო უკრაინის საომარი დაზვერვა ამტკიცებს, რომ საგანგებო ცენტრებში, რუსეთის ტერიტორიაზე, „აქტიურად აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს“, რომლებსაც, მომზადების გავლის შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში აგზავნიან. კრემლში უარყოფენ რაიმე მზადებას შეჭრისთვის, ხოლო სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, თავის მხრივ, დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინის ოკუპაციის სურვილში.
დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში „ომის პარტიის“ წინააღმდეგ. „რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ხდებიან მძევლები დამნაშავეობრივი ავანტიურისა, როგორადაც ყალიბდება რუსეთის საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. ისინი არა მხოლოდ გაურკვევლობაში ცხოვრობენ - დაიწყება თუ არა დიდი ომი, - არამედ შეინიშნება ფასების მკვეთრი ზრდა და ეროვნული ვალუტის ვარდნა“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით ჩამოყალიბდა „ომის პარტია“, რომელსაც სურს საზოგადოებას თავს მოახვიოს „დასავლეთთან წმინდა ომის იდეა“.
„ომის პარტია“ რუსეთის ხელისუფლებაში - ეს არიან ადამიანები, რომლებიც იმპერიალისტური კატეგორიებით აზროვნებენ და ნებისმიერი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ქვეყანაში მიიჩნევენ ტერიტორიების გაფართოებას, მათ შორის, დაპყრობისა და ოკუპაციის საშუალებით, - ამბობს პოლიტიკოსი ლევ შლოსბერგი, - ისინი XX საუკუნის კატეგორიებით აზროვნებენ და თავიანთ უპირველეს ამოცანად თვლიან რუსეთისთვის XX საუკუნის საბჭოთა საზღვრების მაქსიმალურად დაბრუნებას.
სრულიად ცხადია, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხაზს ახლა განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად, იდეოლოგიურად და ფსიქიკურადაც კი, მთლიანად ჩამოყალიბებული არიან XX საუკუნეში.
ეს ღრმად საბჭოთა ადამიანები არიან. ისინი, პრინციპში, ანგარიშს არ უწევენ ადამიანის სიცოცხლის ფასეულობებს. მათთვის არ დგას საკითხი - რის ფასად ადამიანის სიცოცხლის თვალსაზრისით. საკითხი „რის ფასად“ მათთვის მხოლოდ ფინანსებში გამოიხატება - რამდენი მილიარდი რუბლი გვაქვს ჩვენ ომისთვის. და თუ ფული არის - ის კი, არის - მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის ომზე უნდა დაიხარჯოს. რუსეთში „ომის პარტიას“ სათავეში უდგას პუტინი“.
„ომის პარტიაში“ ასევე შედიან ჯარებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ მოიაზრებენ მშვიდობიან პოლიტიკაში, მიიჩნევს შლოსბერგი. ინტელიგენციის „კონგრესის“ განცხადებამ კი მათ ალტერნატივის არსებობა უნდა აჩვენოს.
„პარლამენტში მათ ეს ალტერნატივა არ დაუშვეს. სახელმწიფო დუმის ხუთივე პარტია დღეს არის „ომის პარტია“, - განაცხადა ლევ შლოსბერგმა, - თუ პუტინს დასჭირდება სახელმწიფო დუმის დეპუტატების თანხმობის მიღება რუსეთის ჯარების გამოყენებაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ის შეიტანს ამას სახელმწიფო დუმაში, 450 დეპუტატიდან არც ერთი არ მისცემს ხმას ამის წინააღმდეგ! არც ერთი! იმიტომ რომ ეს პუტინის პირადი გამოწვევის ტოლფასი იქნება. სახელმწიფო დუმის ხუთივე პარტია - პუტინის პარტიაა.
ამიტომ ომის პოლიტიკის ალტერნატივა დღეს არის პარლამენტის გარეთ. ძალიან საშიში ვითარებაა. 2021 წლის საარჩევნო კამპანიისას, მე არაერთხელ ვთქვი, რომ თუ ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმაში არც ერთი „მშვიდობის პარტია“ არ იქნება (ერთი ასეთი იყო არჩევნებზე - ეს იყო „იაბლოკო“), მაშინ იქნება ომი.
ზოგიერთები, განსაკუთრებით ოპოზიციური ინტელექტუალური დემოკრატიული საქმიანობის ექსპერტები, დამცინოდნენ. მათ უბრალოდ დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდათ. ახლა ისინი ამბობენ: „რა ვქნათ?! აი, ასეთია ჩვენი რუსეთი“. ამიტომაც, ეს არის იმ ადამიანების წერილი, ვინც ღიად და საჯაროდ აცხადებს თავს პუტინის ალტერნატივად და „ომის პარტიის“ ალტერნატივად.
პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ბორის ვიშნევსკის, აზრით, საომარი კონფლიქტის ალბათობა რუსეთსა
და უკრაინას შორის ახლა უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, გასული წლის აპრილში, როცა ასევე შეიმჩნეოდა რუსეთის სამხედრო ძალების მოზღვავება საზღვრებთან.
„მე ძალიან მაშფოთებს განცხადებები, ვითომ უკრაინის მხრიდან პროვოკაციების მზადების შესახებ, იმის შესახებ, რომ ვითომ უკრაინა ემზადება დონბასზე იერიშის მისატანად, იმის შესახებ, რომ „ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ და იძულებული გავხდებით, ვუპასუხოთ“, რომ „ნატოს სურს უკრაინის ოკუპაცია“. ჩემი აზრით, განცხადება, რომ ნატოს სურს უკრაინის ოკუპაცია, უნდა განიხილებოდეს ფსიქიატრის მიერ. მსურს, შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი პოტენციური აგრესორი ყოველთვის, აგრესიის დაწყებამდე, ცდილობს მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს თავი და გაჰყვირის, რომ „აი, ახლა იქნება პროვოკაციები“ და ის „იძულებული გახდება, ამ პროვოკაციებს ღირსეული პასუხი გასცეს“.
„ასეთი რამ ისტორიაში, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბევრჯერ მომხდარა. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია, - ამბობს ვიშნევსკი, - მე ის მაწუხებს, რომ ომის საწინააღმდეგო თემა არსებით გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს რუსულ საზოგადოებაში. როგორც ჩანს, სანამ მეხი არ გავარდნილა და ომი არ დაწყებულა, ბევრს ეს დიდად არ ანაღვლებს. თუ, ღმერთმა დაიფაროს და, დაიწყო, მიმართვაზე ხელის მოწერა უკვე გვიან იქნება“.
ინტელიგენციის „კონგრესის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება, მოქმედების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც შეიძლება შეიმუშაოს საზოგადოებამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მიიჩნევს უფლებადამცველი სვეტლანა განუშკინა:
„ჩვენ ნებისმიერი არაძალადობრივი ფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ, და ამ ფორმათაგან ერთ-ერთი
არის მუდმივი კონტაქტი უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებასთან, უკრაინასთან. მადლობა ღმერთს, მე არც ერთ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან არ გამიწყვეტია ურთიერთობა, და ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთიანია. ხელისუფლების დაუფიქრებლობა დაუშვებელია. და ჩვენ მას უნდა დავუპირისპიროთ ბრძნული დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება, ცხოვრების მიმართ. შეიძლება ეს ადამიანები ხელისუფლებაში დროებით იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი ხალხი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობს და ასეთი შეუქცევადი მოვლენები არ უნდა დავუშვათ.
მიმაჩნია, რომ უკვე დროა, მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ომი არ არის პოლიტიკის გაგრძელება. შესაძლოა, იმ დროს, როცა განადგურების საშუალებები გაცილებით სუსტი იყო, შეიძლებოდა ომის განხილვა პოლიტიკის გაგრძელებად, როცა უცხო ტერიტორიებზე ექსპანსია სახელმწიფოს მმართველის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლებოდა. ახლა საზღვრები სულ უფრო და უფრო მცირე როლს თამაშობს, და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ადამიანობა და სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შთამომავლებისთვის. უკრაინასთან ომს ჩვენ არ გვაპატიებენ. თუ ეს მოხდება, ღმერთმა დაიფაროს, ეს წარუშლელ ლაქად დარჩება რუსეთის ისტორიაში. ეს, ფაქტობრივად, რუსეთის განადგურებაა“, - ხაზს უსვამს განუშკინა.