ვოლოდიმირ ზელენსკი არმიაში სასწრაფო წესით გაწვევის გაუქმების წინადადებით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) სამხედროებთან ერთად ფრონტის ხაზზე. ლუგანსკის ოლქში. 2021 წ. 8 აპრილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, მომზადდეს კანონპროექტი 2024 წლიდან ჯარში სასწრაფო წესით გაწვევის გაუქმების თაობაზე. ამასთან, არმიის რაოდენობა თითქმის 40%-ით უნდა გაიზარდოს, კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს კი გაეზრდებათ ხელფასები. ბრძანებულება 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

ბრძანებულების თანახმად, 2025 წლისთვის უკრაინის არმიის რაოდენობა 100 ათასით უნდა გაიზარდოს. ამჟამად მასში 261 ათასი ადამიანია. უკანასკნელად სამხედროთა რაოდენობა ივლისში გაიზარდა. ამგვარად, 2025 წლისთვის უკრაინის არმიაში 38%-ით მეტი სამხედრო უნდა იყოს, ვიდრე დღესაა.

ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, კონტრაქტით მომუშავე სამხედროების ხელფასი 2023 წლიდან, სულ ცოტა, სამჯერ მეტი უნდა იყოს შრომის მინიმალურ ანაზღაურებაზე. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს თანხა დაახლოებით 20 ათას გრივნას, ანუ 705 აშშ დოლარს შეადგენს. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი უკრაინის არმიაში.

არმიაში სამხედროთა რაოდენობისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის ფონია მრავალრიცხოვანი ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ სამხედროსა და ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის შეიძლება ემზადებოდეს. მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას.