ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი 2 თებერვლისთვის გადადო

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი 2 თებერვლისთვის გადადო.

საუბარი, რომლის მიზანია მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების თავმოყრის ფონზე, თავდაპირველად 31 იანვარს უნდა შემდგარიყო. მაგრამ ჯონსონმა სატელეფონო საუბრის თარიღი 1 თებერვლით შეცვალა დაუსახელებელი მიზეზების გამო.

ამის შემდეგ, 1 თებერვალს, ჯონსონის ოფისმა გამოაცხადა, რომ საუბარი 2 თებერვალს, ნაშუადღევს შედგება.

მანამდე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ საუბარი არ გაიმართება 1 თებერვალს. „მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული უფრო მოგვიანო პერიოდისთვის“, - დასძინა მან.

სამშაბათს ჯონსონი კიევში მიფრინავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის შეჩერება. მისმა ოფისმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

მოსკოვი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ის უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თუმცა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ მოიყარა თავი.