ვოლოდიმირ ზელენსკი: გაჩნდა დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოწესრიგების იმედი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ვითარების დეესკალაციისა და დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმედს იძლევა.

1 თებერვალს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ვერხოვნა რადაში სიტყვით გამოსვლის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ერთობამ ნორმანდიული ფორმატი განბლოკა და დიალოგის მზადყოფნა წარმოაჩინა. ზელენსკის მხედველობაში ჰქონდა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის („ნორმანდიული ოთხეულის“) წარმომადგენელთა შეხვედრა პარიზში, ამჟამად კი ახალი შეხვედრის ბერლინში გამართვის თარიღი განიხილება. მასზე შესაძლოა იმსჯელონ დონბასის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე, მაგრამ კიევი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული უთანხმოება რუსეთთან, მინსკის შეთანხმებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის განსაკუთრებულ სტატუსს და სეპარატისტების ფაქტობრივ აღიარებას ითვალისწინებს.

„ეს შეთანხმება დაიდო რუსეთის ქვემეხის სამიზნის ქვეშ და მისი სიტყვა-სიტყვით შესრულება ნიშნავს ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა სააგენტო „ასოშიეტიდ პრესთან“ ინფორმაციაში.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები რუსეთთან მოლაპარაკების დროს უკრაინის ბედს არ წყვეტენ უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე, ხოლო დასავლეთის ქვეყნის ბევრი ლიდერი ამ დღეებში პირადად ჩადის უკრაინაში. კერძოდ, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ 1-2 თებერვალს უკრაინაში პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები იგეგმება.

ბოლო კვირებში უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ არსებობს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირდაპირი საფრთხე. კიევის შეფასება უფრო ზომიერია და ემყარება იმას, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. უკრაინის ხელისუფლება გადაჭარბებულს უწოდებს გარდაუვალი ინტერვენციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს და მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ „ნუ დათესავენ პანიკას“.