საქართველოში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო აღარაა

საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"ომიკრონის" სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისიწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება.

თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც "მწვანე პასპოტი" საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, "მწვანე პასპორტი" ბიზნესმა კვლავ მოითხოვოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის გავრცელების პირობებში "მწვანე პასპორტი" არ იყო ინფიცირებისგან დაცვის გარანტი.

"მწვანე პასპორტის" ტექნიკური საფუძვლები "ომიკრონის" ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა... რეინფიცირება მაღალია "ომიკრონის" პირობებში, ამდენად ეს არ იცავს და არ არის გარანტი იმის, რომ პირი იქნება უსაფრთხოდ, როცა ის შევა რომელიმე ბიზნესგარემოში...

ვაქცინაციაც ვიცით, რომ გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებებისგან.

აქ ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის PCR ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია", - თქვა თამარ გაბუნიამ.

სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისთვის "მწვანე პასპორტის" ქონის ვალდებულება საქართველოში 2021 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. ეს სტატუსი მოქალაქეს ჰქონდა, თუ პანდემიის განმავლობაში ერთხელ მაინც გადაიტანა კორონავირუსი ან აცრილი იყო. ეს სტატუსი ენიჭებოდა მოქალაქეს სწრაფი ტესტის ჩატარების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში, PCR-ის შემთხვევაში კი 72 საათის განმავლობაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკი იყო ბოლო 24 საათში. ჩატარებული 85 191 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 201 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 200 124 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 016 ადამიანი.