დღეიდან, 1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით - ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა. მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ ვადიანი ბარათებით. 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ღირს, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 და 1-წლიანი - 250 ლარი.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იანვრის ბოლოსთვის გაყიდული ვადიანი ბარათების 75% მოდიოდა ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე. წილოსანი ვარაუდობს, რომ ბარათების გაყიდვის რეალური მაჩვენებელი მარტის შუა რიცხვებისთვის გაირკვევა.
ასევე ნახეთ ვინ როგორ იმგზავრებს მეტროთი და ავტობუსით 1 თებერვლიდანერთჯერადი გადახდის შემთხვევაში, ისევ მოქმედია მგზავრობის ბარათი „მეტრომანი“ და „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ ბარათები. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარია.
ძალაში რჩება ყველა საშეღავათო ბარათიც, რომლის მფლობელები, მაგალითად პენსიონერები, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ და მათთვის არაფერი იცვლება. როგორც ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 55% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის თანახმად, მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაიაფდა.