„მაშინ იქ, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ვიდექი“ - ჯონ ტეფტი პუტინზე, უკრაინაზე, აგვისტოს ომზე

ჯონ ტეფტი. 21 მაისი, 2009 წ.

მოსკოვი ვაშინგტონისგან მორიგ წერილს ელოდება - კრემლში ამჯერად სურთ, აშშ-მ განმარტოს, თუ რატომ „არღვევს“ 1999 წელს ეუთოს სტამბოლის აქტის დებულებას „უსაფრთხოების განუყოფელობლობის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“. რუსეთი მიუთითებს, რომ ნატოს გაფართოება და განსაკუთრებით, უკრაინის ნატოში შესვლაზე საუბარიც კი, სხვა არაფერია, თუ არა ამ დებულებების უხეში უგულებელყოფა.

ნატოს გაფართოების მეორე ტალღის დროს, როდესაც მან წევრებად ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბალტიის სამი ქვეყანა მიიწვია, ჯონ ტეფტი აშშ-ის ელჩი იყო ლიეტუვაში, მოგვიანებით - საქართველოში, უკრაინასა და რუსეთშიც. დღეს ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პუტინი ცდილობს დროის როგორმე შემოტრიალებას და წარსულის დაბრუნებას: „პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია. უკრაინელები, რომლებიც საუკუნეზე მეტია, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და 90-იანი წლების შემდეგ, დაიბრუნეს კიდეც თავიანთი ქვეყანა, რბილად რომ ვთქვათ, ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. პუტინს სურს საათი გადაწიოს უკან, როცა უკრაინა ჰეგემონი რუსეთის გავლენის სფეროს ქვეშ იყო“. ტეფტი პუტინის ამ „დროში მოგზაურობის“ სურვილში, მეორე მიზანსაც ხედავს - რუსეთის მმართველის მიზანია, ჩამოშალოს ყველაფერი, რაც ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის გაკეთებულა. „სწორედ ამ სისტემამ გადაარჩინა ევროპა ომებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. ახლა კი პუტინი ცდილობს, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შემოგვთავაზოს, რომელიც ბევრად უფრო არასტაბილური იქნება, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ჩემი აზრით, აქ მთავარი შეკითხვა ევროპელებს უნდა დავუსვათ: გინდათ, იმ ომებისა და ბრძოლების დღეებს დაუბრუნდეთ? მე მგონი, რომ არა. ჩვენ, შტატებში, ნამდვილად არ გვინდა“, - ამბობს აშშ-ის ყოფილი დიპლომატი. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთზე სანქციების დაწესება დაიწყო, ვაშინგტონმა ის პენსიიდან გამოიხმო და მოსკოვში ელჩად დანიშნა. 2013 წლამდე ჯონ ტეფტი აშშ-ის ელჩი იყო კიევში, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომის დროს - თბილისში.

რადიო თავისუფლება: რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად?

პუტინი ერთადერთია, ვისაც „აღლუმი მიჰყავს“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ჯონ ტეფტი: დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელარუსში, ბელარუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს... ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთი „ელვისებურ ომს“ გეგმავს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს კიევის სწრაფად აღებაც. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს უკრაინის ხელისუფლებაში მისთვის სასურველი რეჟიმის მოყვანა სურს.

დასავლეთიდან მზარდი განგაშის ფონზე, როდესაც 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრების სიახლოვესაა თავმოყრილი, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა სატელეფონო საუბრისას ომის შესაძლო დაწყების სავარაუდო თარიღების შესახებ გააფრთხილა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ვითარების დამშვიდება სცადა: „მე არ ვთვლი, რომ ვითარება ახლა უფრო დაძაბულია, ვიდრე აქამდე იყო. საზღვარგარეთ ისეთი განცდა აქვთ, რომ აქ ომია. ეს ასე არ არის... არ ვამბობ, რომ ესკალაცია შეუძლებელია ... მაგრამ ეს პანიკა არ არის საჭირო“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 28 იანვარს.

რადიო თავისუფლება: ბევრს აბნევს მზარდი კონტრასტი ვაშინგტონისა და კიევის განცხადებებს შორის - ამერიკაში ომს წინასწარმეტყველებენ, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს...

ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან.

ჯონ ტეფტი: ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გზავნილები სხვადასხვა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. პრეზიდენტი ბაიდენი თავისი განცხადებებით საჯარო სიგნალებს უგზავნის როგორც რუსეთს, ასევე მოკავშირე ქვეყნებს - ეს გაფრთხილებაა, რომ რუსეთი ევროპული უსაფრთხოების ჩამოშლას ცდილობს. პრეზიდენტ ზელენსკის, თავისთავად ცხადია, საკუთარი მოსახლეობის მოლოდინის მართვა უწევს, ხალხისა, რომელიც შეშფოთებულია რუსეთის მოსალოდნელი აგრესიით. რა მოხდება შემდეგ, ეს ალბათ მხოლოდ პუტინმა იცის - ფაქტობრივად, ეს რუსულმა მხარემაც დაადასტურა წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ. ის ერთადერთია, ვისაც „აღლუმი მიჰყავს“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

რადიო თავისუფლება: ვაშინგტონის პარალელურად, საკუთარ დიპლომატიურ არხებს იყენებენ ბერლინი და პარიზიც - აქცენტი კეთდება ნორმანდიის ფორმატსა და ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. რამდენად აქვს ამ მიდგომას წარმატების შანსი?

ჯონ ტეფტი: მთავარი პრობლემა მინსკის შეთანხმებასთან არის ის, რომ ის მიბმულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც არანაირად არ შედის კიევის ინტერესებში. მეტი ავტონომიის მიცემა დონბასისთვის, ის, რომ მათ უფლება ჰქონდეთ, მთავრობის გადაწყვეტილებებს, ასე ვთქვათ, ვეტო დაადონ - ეს კიევისთვის მიუღებელია. ისინი არ მისცემენ რუსეთს ან რუსების მარიონეტებს უფლებას, სამთავრობო საკითხებში თავიანთი სიტყვა თქვან, განსაკუთრებით გასული წლის მოვლენების ფონზე. ასე რომ, ფუნდამენტურ უთანხმოებას ვაწყდებით, რომელიც არა მგონია, ახლო მომავალში გადაწყდეს.