როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა გვითხრა, ცხრავე მეშახტე, წესით, უსაფრთხო ადგილას უნდა ყოფილიყო.
როგორია შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნა?
შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის პირველადი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით და ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. საქართველოში აკრძალულია ბურღვა და აფეთქება, თუ მეთანის კონცენტრაცია 1%-ზე მეტია. შრომის ინსპექციის პირველადი შეფასებით, დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვით, აფეთქების სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს, ხელმძღვანელი პირი კი ადგილზე არ იმყოფებოდა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას თანახმად, ამ ეტაპზე გამოკვეთილი დარღვევების გამო მიღებულია ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება: „შეჩერდა საამფეთქებლო სამუშაოები შახტში და მუშაობა იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. მოკვლევა კომპლექსური პროცესია და დამსაქმებელთან, დასაქმებულებთან და დაშავებულებთან გასაუბრების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შევიმუშავებთ დასკვნას, თუ რა ნორმები დაირღვა შრომის უსაფრთხოების“.
დაუშვეს თუ არა შეცდომა მეშახტეებმა?
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ, თავისი მეგობრისგან, აფეთქებისას დაშავებული მეშახტის, ირაკლი კირკიტაძისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მეშახტეები ბურღვა-აფეთქების სამუშაოს შესასრულებლად იმყოფებოდნენ ადგილზე, რომელიც უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, თუმცა: „სავარაუდოდ, აფეთქდა მეთანი, რა დროსაც გამოიტყორცნა ტალღა და ცეცხლი, რომელმაც მათ ადგილსამყოფელთან მიაღწია“. გაგა ისაკაძის ინფორმაციით, შახტი, სადაც 4 ცვლაში მუშაობენ, ზედაპირიდან კონტროლდება მონიტორინგის სამსახურის მიერ: „თუკი სადმე იყო გაზი, მეთანი, აფიქსირებს კომპიუტერი და არ უნდა მისცენ აფეთქების უფლება“. ისაკაძე გამორიცხავს, რომ შეცდომა მეშახტეებმა დაუშვეს: „მათ მოამზადეს ასაფეთქებლად უბანი, დატოვეს და წავიდნენ წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე, სადაც არაფერი უნდა მომხდარიყო“.
მემანქანე თემურ ხაჭაპურიძე, რომელიც 42 წელია ტყიბულის შახტში მუშაობს, გვეუბნება, რომ უქმე დღეებში უსაფრთხოების წესების დაცვას, სავარაუდოდ, ნაკლები ყურადღება ექცევა: „ყველა უბედური შემთხვევა, რაც კი ხდება შახტში, უქმე დღეებში ხდება, როცა უსაფრთხოების სამსახური ნაკლებ ყურადღებას აქცევს წესებს. მეშახტეებმა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შახტში აირია, მეთანია, მაგრამ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის შემთხვევაში, ინციდენტი არ ხდება“. თემურ ხაჭაპურიძის თქმით, უსაფრთხოების წესების დაუცველობა საფრთხეს უქმნის შახტში დასაქმებული ყველა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და მნიშვნელობა არ აქვს, მეშახტეა, მემანქანე თუ სხვა მუშა: „წუხელ შეიძლებოდა იმ ადგილზეც მოეღწია გაზს, სადაც მე ვმუშაობდი და გავეგუდე. კვირა იყო და ვერავინ მიპოვიდა. ელმავალს ვმართავ, თუ ფეხით მივდივარ, იგივე მომივიდოდა მეც“.
ასევე ნახეთ მინდელის შახტაში მეშახტეები გაფუჭებული აპარატურით მუშაობდნენ
რას ამბობენ შახტის მმართველ კომპანიაში?
ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. შახტის მმართველი კომპანიის, „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა დელიბაშვილი გვეუბნება, რომ ობიექტური მიზეზების დადგენა კომპანიის ინტერესებშია: „ბოლო სამი-ოთხი წელია მსგავსი რამ არ მომხდარა. უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული და მეშახტეებთანაც მივაღწიეთ ცნობიერების ამაღლებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაიცვან უსაფრთხოების წესები. ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს და გავასაჯაროებთ“.
ტყიბულში, სადაც ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიაში 1300-მდე ადამიანი მუშაობს, 2010 წლიდან 40-მდე მეშახტეა დაღუპული. ტყიბულის შახტებში დასაქმებულები არაერთხელ გაფიცულან სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.