ტყის იჯარით აღება ყველას შეუძლია - სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც დაბა ბაკურიანში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის 5958 კვ/მ ფართობის მიწის გადაცემას შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, ეს არ იყო ჩუქება, ეს არის ვალდებულება, რომელიც ტყის მოვლას ითვალისწინებს. რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ტყის ფართობის გადაცემა ლეგალურად განხორციელდა, 2020 წელს სატყეო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად დადგენილი მართვის პრინციპების საფუძველზე.

ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მსგავსი გზით მათაც შეუძლიათ აუქციონში მონაწილეობის მიღება

აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. თითოეულმა თქვენგანმა, რომლებიც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე ნახეთ როგორ ვაჩუქოთ ცოლს ტყე

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ნუნუ თამაზაშვილმა ყოველწლიურად 5 ათასი ლარის ოდენობის საიჯარო თანხა უნდა გადაიხადოს.

ამასთან, მისი განმარტებით, 22 მსგავსი ხელშეკრულება და 100-ზე მეტი განაცხადი არსებობს.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის შესაძლებელია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საუბარი ან პრემიერმინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტვ პირველის გამოძიების თანახმად, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით სარგებლობის უფლება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით მოიპოვა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. პრემიერმინისტრს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.