დაბრუნდება თუ არა ენმ პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 იანვარს

"ნაციონალური მოძრაობა" 31 იანვარს იტყვის, შეწყვეტს თუ არა საპარლამენტო ბოიკოტს

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ეტყვის, შეწყვეტს თუ არა საპარლამენტო ბოიკოტს. ბრიფინგზე, რომელიც 12:00-ზეა ჩანიშნული, პარტია საკუთარ ფართო სტრატეგიასაც წარადგენს. ინფორმაცია მედიას შაბათს დაუდასტურა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონს იწყებენ, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ესახებათ.

29 იანვარს გაიმართა ფრაქციის სხდომა, რომელსაც პარტიის სამდივნოც ესწრებოდა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა:

პირველი ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური, წამების ფაქტების დადგენის საკითხია, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ღონისძიების მიმართვა, მათ შორის, საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების ჩართვა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და თუ საჭიროა, მისი გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში იმისთვის, რომ ნორმალური რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი და ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, ასევე აქციების დაწყების საკითხი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

სტოლტენბერგი: რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში ნატო საბრძოლო შენაერთებს არ გაგზავნის უკრაინაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ალიანსი უკრაინაში სამხედრო შენაერთებს არ გააგზავნის, ამის ნაცვლად კი, „დახმარების აღმოჩენაზეა კონცენტრირებული“.

„ერთია იყო ნატოს წევრი და მეორე - ძლიერი და დიდად დაფასებული პარტნიორი, როგორიც უკრაინაა“, - თქვა მან.

ამის პარალელურად კი, მოსკოვი ნატოს ახსნა-განმარტებებს სთხოვს, როგორ აპირებენ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გზით ოფიციალურ მოთხოვნას ვუგზავნით ჩვენს კოლეგებს ალიანსსა და ეუთოში და მოვუწოდებთ მათ, აგვიხსნან, როგორ აპირებენ შეასრულონ ვალდებულებები, რომ არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“, თქვა ლავროვმა 30 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში. „თუკი ამას არ აპირებენ, მაშინ უნდა ახსნან, რატომ“, დასძინა მან.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ბიუროს სხდომაზე გადის

31 იანვარს ბიუროს სხდომაზე ინიცირებისთვის გადის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა შედგენილი. ტექსტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, რადგან მასში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ აგრესიის შესახებ.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რეზოლუციის მათეული ვერსია პროვოკაციული რიტორიკისგანაა დაცლილი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიზანია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის გამოხატვა. მისი თქმით, ტექსტში ყველაფერია ნათქვამი.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

სეული: ჩრდილოეთმა კორეამ მორიგი "ამოუცნობი სარაკეტო ობიექტი" გაუშვა

კვირას ჩრდილოეთმა კორეამ გაუშვა „ამოუცნობი სარაკეტო ობიექტი“, იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროები. რაკეტის ეს გაშვება უკანასკნელია რაკეტების გამოცდის სერიიდან, რომელსაც ფხენიანი ახორციელებს უკანასკნელი კვირების განმავლობაში.

დღევანდელი სტარტი ჩრდილოეთ კორეის მიერ წელს რაკეტების გამოცდის მეშვიდე შემთხვევაა. როგორც Reuters-ი იტყობინება, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სამხედრო ამბიციების დემონსტრირებას ეწევა და უარყოფს აშშ-ის წინადადებებს მოლაპარაკებების თაობაზე. როგორც ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება, 5 და 11 იანვარს ფხენიანმა ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდა ჩაატარა.

შეერთებულმა შტატებმა დაგმო გუშინ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკაში შედის, რაში სჭირდება ეს რუსეთს?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 2021 წლის დასასრულს, 29 დეკემბერს გადაწყვიტა, აფრიკის კონტინენტზე ჩამოაყალიბოს საკუთარი ეგზარქატი. მის შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის ეპარქიები შევლენ. ამასთან, რუსულმა ეკლესიამ თავის შემადგენლობაში აფრიკის 8 ქვეყნის 102 მღვდელი მიიღო.

ეგზარქატი - მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი ოლქია, რომლის უფროსი - ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს.

ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქია 31 ქვეყანას მოიცავს (მაროკოდან და ეგვიპტიდან დაწყებული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებისა და სამხრეთ სუდანით დამთავრებული). სამხრეთ აფრიკის ეპარქია მოიცავს 23 ქვეყანას (მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, მადაგასკარს, ანგოლას, ზამბიას და სხვებს) ანუ ლაპარაკია თითქმის მთელ აფრიკაზე.

რელიგიის ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს საქციელი არღვევს საეკლესიო კანონიკას და მართლმადიდებელი სამყაროს ერთობასაც ემუქრება. ეს ტერიტორიები უპატრონო არ ყოფილა - ეკუთვნის ალექსანდრიის პატრიარქატს, რომელსაც აფრიკის კონტინენტზე 29 ეპარქია და 6 მონასტერი აქვს.

წაიკითხე მეტი.

„ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე - რომ ამ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარები გაიყვანონ. ეს ის გზაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენამდე მიგვიყვანს”, - ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.