კვირას გამოქვეყნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კელინის განცხადებები, რომლებშიც ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას.
რუსეთს არ სურს ომი და არანაირად არ ემუქრება უკრაინას, ამის თაობაზე აშშ-ის ხელისუფლების მტკიცება სრული უაზრობაა. ასეთი განცხადებით გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. როგორც ტასი იტყობინება, 30 იანვარს მან სანქტ-პეტერბურგში, მემორიალურ სასაფლაოზე გვირგვინი და ყვავილები მიიტანა ლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
„ამჟამად ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას ემუქრება. სრული უაზრობაა! არავითარი მუქარა არ არის“, - თქვა პატრუშევმა და აღნიშნა, რომ „უკვე თავად უკრაინელები, მათ შორის ოფიციალური პირები, აცხადებენ“, რომ არ არის მუქარა. „არა, ამერიკის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მუქარა არის და ისინი იარაღს აგზავნიან და მზად არიან იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე“, - დასძინა პატრუშევმა. მისი სიტყვებით, ამერიკელებს არ ადარდებთ, რა მსხვერპლი შეიძლება გაიღონ მხარეებმა.
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ანდრეი კელინმა The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომი. შექმნილი დაძაბულობა დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს, გაიმეორა კელინმა კრემლის რიტორიკა, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმის უკანასკნელ დღეებში. „...ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს დიპლომატიური გზით, მოლაპარაკებებით“, - განაცხადა მან პასუხად შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს ომი.
რუსეთმა 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ამას.