გაუძლებს თუ არა უკრაინის ეკონომიკა რუსეთის ზეწოლას?

როცა 2014 წელს რუსეთმა ყირიმი ჩაიგდო ხელში და დახმარება აღმოუჩინა აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს, უკრაინის ეკონომიკა გაკოტრების პირას იყო. დღეს, როცა კარს მომდგარია რუსეთის ახალი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე, უკრაინას ჯერაც უწევს ბრძოლა სტრუქტურულ პრობლემებთან და კორუფციასთან, მაგრამ მისი ეკონომიკა ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შვიდი წლის წინ.

მაშინ, როცა რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი უკრაინის საზღვრებთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ მეზობელ ქვეყანაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს უკრაინის ბევრად უფრო ძლიერი არმია დაუპირისპირდება, ვიდრე 2014 წელს, როცა მოსკოვმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასელ სეპარატისტებს ეხმარებოდა.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის ბევრად უფრო დიდი არმია თავის სასარგებლოდ გადაწონის დაპირისპირების ბედს. მაგრამ, ამავე დროს, ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული ცვლილებები განიცადა - ის უფრო დიდი, უკეთ გაწვრთნილი და აღჭურვილია, ვიდრე დონბასში ომის დასაწყისში შვიდი წლის წინ.

ასევე ნახეთ რამდენიმე საათში? - უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების შესაძლო სცენარები

რაც შეეხება ეკონომიკას, ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად მრავალი სტრუქტურული პრობლემისა, დაუძლეველი კორუფციისა თუ COVID-19-ის სავალალო შედეგებისა, უკრაინის ეკონომიკა ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე იყო 2014 წელს რუსეთის აგრესიის დროს, და ეს კიევს საშუალებას მისცემს, უკეთ გაუმკლავდეს მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას.

„თუკი უბრალოდ შეხედავთ რეზერვებს, - უკრაინის სავალუტო რეზერვებსა და ბიუჯეტის დეფიციტს, - ჩემი აზრით, ისინი კარგ ფორმაშია და მდგრადობა გაიზარდა“ 2014 წელთან შედარებით, ამბობს ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Oxford Economics-ის ეკონომისტი ტატიანა ორლოვა.

2014 წლის თებერვალ-მარტში, როცა „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი პროდასავლური, ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაემხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოსკოვმა ამას აგრესიით უპასუხა. ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასსა და უკრაინის სხვა რეგიონებში კიევის საწინააღმდეგო სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი. როცა ეს მოხდა, მაშინ უკრაინის ეკონომიკა რუსეთის აგრესიის გარეშეც უკვე გაკოტრების ზღვარზე იმყოფებოდა იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას შექმნილი მძიმე ვითარების პირობებში.

2014 წლის დამდეგს ცენტრალურ ბანკს მხოლოდ 18 მილიარდი დოლარი ჰქონდა რეზერვების სახით, რაც უტოლდებოდა სამ თვეზე ნაკლებ პერიოდს იმპორტისთვის. ახლოვდებოდა მილიარდობით დოლარის ოდენობის საგარეო სესხების გასტუმრების ვადები.

იმ წელს რუსეთის აგრესიამ უკრაინის ეკონომიკა კიდევ უფრო მკვეთრად დასცა დაბლა - მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის ერთი მეექვსედით შემცირდა.

ასევე ნახეთ „პუტინი გადაწყვეტს“ - უკრაინის დიპლომატიური ფრონტი და დასავლეთის პასუხი მოსკოვს

დღეს ვითარება სრულიად სხვაგვარია. უკრაინას მოეპოვება 31 მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, მისი საბიუჯეტო დეფიციტი უფრო მცირეა, რაც ნაწილობრივ არის რეფორმების დამსახურება, მათ შორის გაზის ბაზრის ლიბერალიზაციისა.

დღეისთვის უკრაინის სავალუტო რეზერვები ხუთი თვის იმპორტის ეკვივალენტია. ეს ბევრად მეტია, ვიდრე სამთვიანი პერიოდი, რასაც ექსპერტები მიიჩნევენ აუცილებლად საგარეო რყევების პირობებში ფინანსური კრიზისისგან თავის დასაცავად.

„უკრაინას აღარა აქვს ორმაგი დეფიციტის ეს დიდი პრობლემა, ამიტომ მისთვის ბევრად უფრო იოლია სუვერენული დეფოლტის თავიდან აცილება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდება,“ თქვა ორლოვამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვენციის საფრთხებზე საუბრისას.

სუვერენული დეფოლტი ხდება მაშინ, როცა მთავრობას არ შეუძლია ვალების დროულად გადახდა. დეფოლტი ქვეყნისთვის უფრო ართულებს და აძვირებს მომავალში კრედიტის აღებას.

ამჟამად მრავალი აზრი გამოითქმის იმაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში. მაგრამ ერთი რამ დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას: სამხედრო ძალების თავმოყრით ის შესაძლოა ცდილობდეს უკრაინის შიგნიდან დესტაბილიზაციას, მათ შორის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას, იმ იმედით, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა დასუსტდება ან კრახს განიცდის, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მისცემდა მოსკოვის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილ ძალებს.

მიმდინარე თვეში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მოეპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების სათავეში პრორუსულად განწყობილი ლიდერის მოყვანას ფიქრობს.

რუსეთმა ახლახან შეწყვიტა უკრაინაში ქვანახშირის ექსპორტი, რომელსაც უკრაინა ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენებს. ამით მან ენერგიის დეფიციტის პერიოდში აიძულა კიევი, მსოფლიო ბაზრებზე ეშოვა დამატებითი რესურსები.

მან ასევე თითქმის ნახევრით შეამცირა გაზის მოცულობა, რომელსაც ის უკრაინის გავლით გზავნის ევროპაში. ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ის წელიწადში 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ომის საფრთხემ ასევე დააფრთხო უცხოელი ინვესტორები.

ასევე ნახეთ უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთან

უკრაინული გრივნა 10%-ზე მეტით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯარების კონცენტრაცია დაიწყო საზღვართან. 28 იანვრის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი 28,6 გრივნა იყო, რაც თითქმის სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელია.

ეკონომისტთა აზრით, სტრატეგიულმა ინვესტორებმა - ენერგეტიკის, საწარმოო და საცალო ვაჭრობის სფეროს კომპანიებმა - შესაძლოა შეაჩერონ უკრაინაში დაგეგმილი ინვესტიციები კრიზისის გამო, რომელიც მის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრის პირობებში წარმოიშვა.

ამას შესაძლოა დაერთოს ისიც, რომ მოსახლეობამ ბანკებიდან ფულის გატანა ან დოლარში კონვერტაცია დაიწყოს, რაც პრობლემებს შეუქმნის საბანკო სისტემასა და ეროვნულ ვალუტას.

მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან 5 მილიარდი დოლარის სესხებას შეეცდება დახურული საკრედიტო ბაზრების გავლენის კომპენსირებისთვის.

მიუხედავად ამისა, ეკონომისტების თქმით, უკრაინის ეკონომიკას დღეს უნარი შესწევს, ბევრად უკეთ გაართვას თავი რუსეთის შესაძლო აგრესიის შედეგად წარმოქმნილ კრიზისს, ვიდრე 2014 წელს. ვინაიდან ქვეყანაში წლების განმავლობაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და უკრაინის ეკონომიკა ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე.

ამავე დროს კიევს მკაფიო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დასავლეთის მთავრობების მხრიდან.

2014 წლამდე უკრაინის ბანკებში სუსტი იყო რისკების კონტროლის მართვა. ამიტომ ეს სექტორი სწრაფად აღმოჩნდა კრიზისში მას მერე, რაც რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ქვეყანა რეცესიამ მოიცვა.

მას შემდეგ მთავრობამ გამაჯანსაღებელი ზომები გაატარა ამ სექტორში და მასში მეტი ფული ჩატუმბა, რათა სისტემა უფრო გამძლე ყოფილიყო შოკების მიმართ, ამბობს ორლოვა.

ასევე მოხდა გაზის სექტორის ფართო ლიბერალიზაცია როგორც კომპანიების, ისე კერძო მომხმარებელთათვის. მანამდე გაზი სახელმწიფოს მიერ იყო სუბსიდირებული, რაც მძიმე ტვირთად აწვა ბიუჯეტს.

დღეს უკრაინა დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს ახორციელებს, რაც თითქმის ორი მესამედით ნაკლებია, ვიდრე 2013 წელს. მაღალმა ფასებმა მომხმარებლები აიძულა, ბევრად უფრო მომჭირნედ მოიხმარონ გაზი. ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილზე კონტროლის დაკარგვის შედეგადაც შემცირდა ქვეყანაში გაზის მოხმარება.

ასევე ნახეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით პუტინს ზედმეტად დიდი ბერკეტი ჩავუგდეთ ხელში“ - ბუნდესტაგის დეპუტატი ფრანკ მიულერ-როზენტრიტი

უკრაინა, რომელიც ცდილობს, შეამციროს მის ეკონომიკაზე კრემლის გავლენა, ამჟამად ბუნებრივი აირის იმპორტს თავისი დასავლელი მეზობლებიდან უფრო ახდენს, ვიდრე პირდაპირ რუსეთიდან.

ამის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთთან უკრაინის ვაჭრობა. შესაბამისად, შემცირდა მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების საფრთხე, ამბობს უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი ტიმოფიი მილოვანოვი.

დღეისთვის რუსეთი აღარ არის უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, მას ჩინეთმა და პოლონეთმა გაუსწრეს.

მაგრამ უკრაინა ჯერაც მიერთებულია იმავე ენერგოსისტემას, რასაც რუსეთი და ბელარუსი, ამიტომ მათზე დამოკიდებული რჩება დეფიციტის შემთხვევაში.

უკრაინას 2023 წლისთვის დაგეგმილი აქვს თავისი ელექტროგადამცემი სისტემის სინქრონიზაცია ევროპის კავშირთან. ეს გაზრდის მის ენერგოუსაფრთხოებას და კიდევ უფრო დაასუსტებს კრემლის გავლენას, მიაჩნია მილოვანოვს.

მართალია, უკრაინამ ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია ზოგიერთ ისეთ სფეროში, როგორებიცაა საბანკო სექტორი, გაზის მოხმარება, ახლახან გატარებული სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, მაგრამ დღემდე არაა გატარებული ბევრი პოლიტიკური რეფორმა, რაც, დასავლეთის მთავრობებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, აუცილებელია ეკონომიკის შემდგომი გაძლიერებისთვის.

სტოკჰოლმის Free World Forum-ის ანალიტიკოსის, ანდერს ასლუნდის თქმით, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, წერს, რომ ქვეყანას დიდი ხანია, ესაჭიროება რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურაში. ასლუნდი ასევე შენიშნავს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ხელში არსებული კომპანიების რეფორმირება, ვინაიდან ისინი დიდ ტვირთად აწევს ეკონომიკას.

შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მზად არიან, ფინანსური დახმარება გაუწიონ უკრაინას, რათა ის გაუმკლავდეს რუსეთის მიერ სამხედრო ძალის თავმოყრასთან და შესაძლო სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„ვაძლიერებთ უკრაინის უსაფრთხოებას და ასევე ვეძებთ გზებს, როგორ დავეხმაროთ მის ეკონომიკას გარდა იმ მნიშვნელოვანი დახმარებისა, რასაც უკვე ვუწევთ მას. ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორებიც ასე იქცევიან,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 იანვარს. მას არ დაუზუსტებია, რა სახის ფინანსურ დახმარებაზეა ლაპარაკი.

ვაშინგტონის ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ეკონომისტის, ელინა რიბაკოვას თქმით, საკრედიტო ბაზრები შესაძლოა ნახევარ წელში გაიხსნას კიევისთვის, თუკი რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს უკრაინის საზღვრებიდან.

„თუკი მოხდება დამაჯერებელი დეესკალაცია, მე ვფიქრობ, ექვს თვეში ინვესტორები ამას თითქმის დაივიწყებენ. ეს უკრაინაში ან რუსეთში ინვესტირების რეალობის ნაწილია,“ თქვა მან.