„ომიკრონი“, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა...“, - აი, ასე ფიქრობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი COVID19-ის მორიგ მუტირებულ შტამზე „ომიკრონზე“, რომელიც ერთი მხრივ, დღეს არსებული მონაცემებით, მის წინამორბედ შტამებთან შედარებით, მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა, ასევე წინა შტამებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ერთდროულად ბევრი ადამიანის დაინფიცირების განსაკუთრებული უნარი აქვს და ქმნის საფრთხეს, რომ აუცრელ საზოგადოებაში, ის შესაძლოა, სულაც არ იყოს „მსუბუქად მიმდინარე“, „სეზონური გრიპის“ მსგავსი ვირუსი.
მინისტრის ნახსენები „სხვა ქვეყნების გამოცდილება“, საქართველოს კონტექსტში ვერ გამოგვადგება რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ იმ „სხვა ქვეყნებისგან“ განსხვავებით, დღეს საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 31%-მდეა სრულად ვაქცინირებული. აპელირება იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მოზრდილი მოსახლეობის 41% ჰყავს აცრილი, არარელევანტურია, რადგან „დელტა“ და „ომიკრონის“ შტამების გავრცელების პირობებში, მსოფლიო უკვე კაი ხანია ითვლის არა მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის, არამედ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში COVID19-ის ახალი შტამის გავრცელებას ჯერჯერობით ვერ ვუწინასწარმეტყველებთ „მსუბუქად გადატანას", ისევ ვაქცინაციას უკავშირდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, აქცენტი რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე უნდა გაკეთდეს. საქართველოში ძალიან დაბალია სწორედ რისკ-ჯგუფში შემავალი, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციის რიცხვი.
უკიდურესად დაბალია 12-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი მოზარდების ვაქცინაციის მაჩვენებელი. 23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მათი რიცხვი სულ 13 377-ს შეადგენს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ უკანასკნელი დღეებია, ქვეყანაში გადავსებულია ის პედიატრიული კლინიკები და განყოფილებები, სადაც კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებს მკურნალობენ. რამდენიმე დღის წინ საჭირო გახდა დამატებითი პედიატრიული საწოლების მობილიზებაც.
„ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებოა „ბუსტერ დოზით“ ვაქცინაციის მონაცემიც. რაკიღა, როგორც უკანასკნელი გამოკვლევები აჩვენებს, COVID19-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის რისკს მაღალი პროცენტული მაჩვენებლით სწორედ მესამე, ბუსტერ დოზა იცავს. მარტივად რომ ავხსნათ, ბუსტერ“ დოზა, არავაქცინირებული ადამიანისგან განსხვავებით, ადამიანს 40-ჯერ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, ორი დოზა კი 9-ჯერ. არადა, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში მესამე დოზით სულ 140 000-მდე ადამიანია აცრილი.
ვაქცინაცია და საქართველო - NDI-ის კვლევის უახლესი მონაცემი
ვაქცინაციის მიმართ მოქალაქეების სკეპტიკური განწყობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საქართველოში, 2021 წლის დეკემბერში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას.
გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 25%-ია ვაქცინაციაზე თანახმა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20%). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% არ აპირებს ბუსტერ დოზის გაკეთებას, ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
სამაგიეროდ, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი (50%), მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს.
რატომ უნდა ვიფრთხილოთ „ომიკრონისთვის“ სტატუსების მინიჭებისას?
ანუ, რატომ არ უნდა ვთქვათ დღეს საქართველოში, რომ „ომიკრონი“ „ჩვეულებრივი სეზონური გრიპია“.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ტერმინი „ჩვეულებრივი გრიპი“, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღიქმება როგორც „რიგითი გაციება, რინო ვირუსი“ და არა სეზონური გრიპი, რომელიც არც თუ იშვიათად ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შესაბამისად, „ომიკრონის“ მსგავსი ტერმინებით მოხსენიება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გულისხმობს და მათ კიდევ უფრო ინდიფერენტულს ხდის როგორც კოვიდ-რეგულაციების დაცვის, ისე ვაქცინაციის მიმართ.
სწორედ ამიტომ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აუცილებელია საზოგადოებამ სწორად გაითავისოს რა შეიძლება მოიაზრებოდეს მომავალში „ომიკრონის“ „სეზონურ გრიპად“ გადაქცევაში:
„მსოფლიოში არსებობს ე.წ. გაციებითი დაავადებები, რინო-ვირუსები, რომლებიც იწვევენ სურდოს, ყელში ფხაჭნის შეგრძნებას და ა.შ. ისინი არასდროს აზიანებენ ფილტვის ქსოვილს. შესაბამისად, არ იწვევენ ადამიანის ჰოსპიტალში მოხვედრას და სიკვდილს. „ომიკრონის“ ასეთი ტიპის ვირუსად გარდაქმნა არ განიხილება. ეს სრული ნონსენსია. მაგრამ თუ ჩვენ „ომიკრონს“ შევადარებთ პანდემიამდე, მსოფლიოში არსებულ ნომერ პირველ რესპირაციულ დაავადებას, გრიპის ვირუსს, მაშინ შესაძლოა, რომ სწორედ გრიპის ვირუსთან იყოს მიახლოებული „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენთან ყველაფერს, მათ შორის, გაციებით დაავადებებსაც გრიპს უწოდებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერმინები მკვეთრად გაიმიჯნოს და გავიგოთ, რას ნიშნავს რეალურად გრიპის ვირუსი, რომ ის არ არის ე.წ. გაციება. მსოფლიოში გრიპის ვირუსით ყოველწლიურად 200-დან 300 ათასამდე ადამიანი იღუპება. დღეს „ომიკრონის“ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, 1000-დან 1 ადამიანის სიკვდილის რისკი, ეს უკვე არის სეზონური გრიპის ვირუსთან ახლოს მყოფი მაჩვენებლები, კი, ეს ასეა, მაგრამ ვერ შევხედავთ „ომიკრონს“ ისე, თითქოს ის უბრალო გაციებად და რინო-ვირუსდან გარდაიქმნება. ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, ეს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან“.
რაზე მიუთითებს მსოფლიო სტატისტიკისა და საქართველოს შედარება?
„ომიკრონი“ მსოფლიოსთვის დღეს ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიუხედავად მოსაზრებისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარე შტამია, თუკი მაგალითად, აშშ-ის სტატისტიკას ჩავხედავთ, იქ კოვიდით ინფიცირების 99% სწორედ „ომიკრონზე“ მოდის, თუმცა, ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მაღალია და 2000-ს აღწევს. ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც და 155 ათასს შეადგენს.
„უბრალო გაციება რომ იყოს, აშშ-იც იტყოდა, რომ მორჩა, დამთავრდა, აღარ გვჭირდება დამატებითი ზომები და სიფრთხილე. რა თქმა უნდა, კოვიდი კვლავ სერიოზულ გამოწვევად დარჩება“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
დღეს საქართველოში კოვიდით ინფიცირების 118 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს. ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის 4600 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 5%-ია. ვაქცინირებულია საქართველოს მოსახლეობის 31%.
თუკი საქართველოს, ვაქცინაციის, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს შევადარებთ, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მონაცემებს, სადაც მოსახლეობის 85%-ია სრულად ვაქცინირებული, ბუსტერ დოზა კი 65%-ს აქვს მიღებული, ვნახავთ, რომ იქ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ქვეყანაში ვაქცინაციის რიცხვის გაზრდა:
„დღეს დიდ ბრიტანეთში კოვიდით ინფიცირებულია 3 მილიონ 300 ათასი ადამიანი. ჰოსპიტალში სულ 17 000 ადამიანი მკურნალობს. ანუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იქ 0,5%-ია. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ არ გვჭირდება ჩვენ არანაირად ერთდროულად ამდენი ინფიცირებული, ჰოსპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი. ჩვენ ისედაც უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ. 15 ათასამდე ადამიანი მოგვიკვდა. ჩვენ შეგვეძლო მათი 90%-ის გადარჩენა ვაქცინაციით“.
„რა ჟრიამული აგიტყდათ, ხალხო“?- ასეთ კითხვას სვამს სოციალურ ქსელში რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე. სტატუსი, რომელსაც ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კოვიდ-ვითარების შედარების არარელევანტურობას ეხება. ექიმი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც, შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს:
„დელტა აღმოფხვერით ქართველებმა? თუ გადავედით რეჟიმში, რომ "ომიკრონი" და ქართველობა ერთმანეთს ჩავახუტოთ, ავტომატურად აჯეჯილებთ დელტასაც. თანაც, იმ ქვეყნებს რომ უყურებთ და მარტივად გადმოგაქვთ მათი გამოცდილება და გადაწყვეტილებები, იცით იქ რატომ აქვთ უფლება გაუთამამდნენ დელტას? მათ ჩვენგან განსხვავებით, აცრილი ჰყავთ მოხუცები, მსუქნები, ქრონიკულად მოავადეები , განსაკუთრებით დიაბეტიანები. არ, აღარ მოუკვდებათ დელტათი, ომიკრონით მით უმეტეს. ჩვენი აცრის სტატისტიკამ არ მოგატყუოთ. აცრა მოსახლეობის იმ ჯგუფებში, რომლის მიმართაც ადამიანი მეტად დაზიანებადია, აცრილობა გვაქვს მინიმალური... ორი საფრთხეა: 1. დელტა იხუვლებს. 2. სუსტებს, მოწყვლადებს, ავადმყოფებს, მოხუცებს რომლებსაც აქამდე აცილებდით დაინფიცირებას, ომიკრონიც შეიძლება მოერიოს“.
მაშინ, როდესაც მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ, რომ „ომიკრონი“ COVID19-ის უკანასკნელი შტამია, მაშინ, როდესაც „ომიკრონი“ ინფიცირებული ადამიანების სიკვდილს იწვევს, განცხადება, რომ ის „სეზონური ტიპის გრიპად გადაიქცევა“, ნაადრევი და უპასუხისმგებლოა. ეუბნება რადიო თავისუფლებას ექიმი-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ შექმნის იმუნურ ფენას და ამით დაასრულებს პანდემიას. კლინიცისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, გვაქვს ეს მოლოდინი, მაგრამ ამას, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ ბიოლოგები. მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ დელტა შტამისგან განსხვავებით მსუბუქად მიმდინარეობს, ეს ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ პრობლემას არ გვიქმნის, როდესაც მოკლე დროში ხდება ბევრი ადამიანის ერთდროულად ინფიცირება“.
ანი ქავთარაძის თქმით, ამ პრობლემამ უკვე იჩინა თავი პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რომელიც როგორც ის ამბობს, კვლავ მოუწესრიგებელია და ბინაზე დარჩენილი ინფიცირებულების ნაწილი ექიმების მეთვალყურეობის მიღმა აღმოჩნდა:
„აპელირება იმაზე, რომ ვირუსი კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს და ყველა დედამ იცის, როგორ დაუწიოს ტემპერატურა შვილს, ძალიან არაჯანსაღი და არააკადემიური მიდგომაა. ყველა პაციენტს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა და კონსულტაცია“.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ანი ქავთარაძეს ჯანდაცვის სისტემის მიმართ უჩნდება, კოვიდ-ტესტირებას უკავშირდება. 25 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების, ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. როგორც მან განაცხადა, თუკი ადამიანებს არ აქვთ სიმპტომები, ტესტირება აუცილებელი არ არის.
ანი ქავთარაძე ამბობს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, ჯანდაცვის სისტემა და ხელისუფლება ქმნის ილუზიას, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვირუსს მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ზედმეტი ღონისძიებების გაწევა აღარ არის საჭირო:
„ეს არის პროცესის ერთგვარი მიშვება. არც ერთ ეტაპზე არ ჩანს ზრუნვა რისკ-ჯგუფებზე, რომლებიც არც თუ ცოტა გვყავს. საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფრისთვის მზად არიან და საშიში არაფერი ხდება. მაგრამ რაციონალურად თუ შევხედავთ, ეს ასე არ არის. ქვეყანაში ამდენი ინფიცირებული გვყავს. ჯერ ინფიცირების პიკისთვის არ მიგვიღწევია“.
ხომ არ უკავშირდება კოვიდ-ტესტირების რაოდენობის შემცირება იმას, რომ ქვეყანაში ტესტების დეფიციტი შეიქმნა? ამ კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს:
„გაკეთდა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რომ თუ აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, რომ ყველამ გაიკეთოს ტესტი. თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ. უბრალოდ ბატონი ამირანის რეკომენდაცია იყო რიგებიდან გამომდინარე“.
მაშ, როგორ აღირიცხებიან კოვიდინფიცირებული ადამიანები ბაზაში? სად დაფიქსირდება, რომ მათ კოვიდი გადაიტანეს? ზურაბ აზარაშვილი ამბობს:
„ამ შემთხვევაში, ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმზე, თუ როგორ შეიძლება ეს ადამიანები მოხვდნენ მწვანე პასპორტების ბაზაში. სხვადასხვა ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. შეიძლება იგივე ანტისხეულებთან დაკავშირებით იყოს...“
როგორია 2022 წლის ვაქცინაციის გეგმა?
დღეს საქართველოში 500 ათასი „ფაიზერის“ დოზაა დარჩენილი, რომელსაც ვადა მარტში ეწურება. საქართველოს ანგარიშზეა ასევე მილიონ ნახევარი ჩინური წარმოების ვაქცინა, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოდან, იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინა ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი, 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი ადგილზე შესთავაზებს მოსახლეობას ვაქცინაციას.
მისივე თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად გაგრძელდება სამოტივაციო ღონისძიებები. მათ შორის, 50 წელს ზევით მოქალაქეებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, მათ 100 ლარი ჩაერიცხებათ. პირველი დოზის მიღების შემთხვევაში - 200 ლარი.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ წამახალისებელი ღონისძიებებითა და გასვლითი კამპანიებით, მარტის თვემდე სრულად იქნება ათვისებული ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.
რაც შეეხება „ფაიზერის“ ახალი დოზების ქვეყანაში ჩამოტანას, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს:
„ფაიზერთან“ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და შეთანხმებიდან 4-6 კვირის განმავლობაში „ფაიზერის“ ახალი პარტია ჩამოვა“.
27 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 27 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილია 14 840 ადამიანი.