ყნოსვა და გემო დაგიბრუნდათ? - როდესაც კოვიდის შემდეგ ფორთოხალიც ყარს 

ის, ვინც კოვიდი გადაიტანა, ხშირად თვეების განმავლობაში ვერ იბრუნებს ყნოსვასა და გემოს. ამ პოსტკოვიდური სიმპტომებით მთელ მსოფლიოში უკვე მილიონობით ადამიანი იტანჯება. ისინი ინტერნეტჯგუფებს ქმნიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

რუსუდან ფანოზიშვილს კოვიდ-19 შარშან ზამთარში დაემართა. გემო რომ დაკარგული ჰქონდა, ამას მალევე მიხვდა, ყნოსვის გრძნობის გაქრობა კი მოგვიანებით შეამჩნია, მაშინ როცა საახალწლოდ მომზადებული კერძების არომატი ვეღარ იგრძნო. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, იცოდა, რომ კოვიდს მსგავსი რამ ახასიათებს. შეეშინდა მოგვიანებით, თან ორჯერ: პირველად, როცა ბინაში გაჟონილი გაზის სუნი ვერ იგრძნო და მეორედ, თვეების შემდეგ, როდესაც ყნოსვა დაუბრუნდა და ყველაფერი გაზის, ბენზინისა და დამპალი საჭმლის სუნად „აყროლდა“.

„მეზობელთან გაზმა გაჟონა, დეტექტორი აყვირდა და ინკასატორები მოვიდნენ. მეგონა, ჩემს სახლში არაფერი იყო, მაგრამ ინკასატორები ჩემთანაც შემოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ აქაც ჟონავდა. ფანჯარა ისედაც სულ ღია მაქვს ხოლმე, მაგრამ მას მერე საერთოდ არ ვხურავ“, - ჰყვება რუსუდანი და შემდეგ უკვე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ყნოსვის გრძნობა, როგორც იქნა, დაუბრუნდა, - სუნს ვგრძნობდი, მაგრამ გამრუდებულად. მწვანილი და ფორთოხალი ყარდა; პარფიუმერია გადავყარე, მეგონა გაფუჭდა. მერე კი დავფიქრდი, რაც არ უნდა გაფუჭებულიყო, პარფუმერიას აყროლებული საჭმლის სუნი მაინც არ ექნებოდა. ბენზინის სუნს დღეების განმავლობაში ვგრძნობდი და სულ სახლს ვწმინდავდი“.

რატომ ვკარგავთ ყნოსვას?

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, იგივე ანოსმია, კოვიდით დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ყნოსვის რეცეპტორების დაზიანება არა მხოლოდ კოვიდს, არამედ სხვა ნებისმიერ ვირუსსაც შეუძლია. მხოლოდ ყნოსვის გრძნობას შეეხება ვირუსი თუ გემოსაც, ეს უშუალოდ ვირუსის ტოქსიკურობასა და ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებული.

ტოქსინი, რომელსაც ვირუსი გამოყოფს, ყნოსვის რეცეპტორების დადამბლავებას იწვევს. შესაძლოა მოქმედებდეს ნერვულ სისტემაზეც, სადაც ყნოსვის ცენტრია. არის სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ კოვიდ-19 იმდენად ელვისებურია და იმდენად ბევრი გართულება აქვს, რომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ამ ეტაპზე უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევა. ამიტომ ამ კუთხით საფუძვლიან კვლევებს არ ატარებენ. ამის პრევენციას ვერ შეძლებ, თვითონ კოვიდი არ უნდა დაგემართოს“, - ამბობს ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი ზაზა ხუციშვილი.

თუ ვიცით, რა იწვევს ამ პათოლოგიას? ჯერჯერობით მხოლოდ თეორიები არსებობს, მაგალითად, ჯანმრთელობის საკითხების ეროვნული ინსტიტუტის 2020 წლის კვლევის მიხედვით, ყნოსვის დაკარგვა მოსდევს ტვინის იმ უბნების შეშუპებასა და სისხლჩაქცევებს, რომლებიც ყნოსვაზე არიან პასუხისმგებლები.

ზოგადად ნაწილაკებმა, რომლებსაც ბოლოს სუნად აღვიქვამთ, ცხვირის გავლით ცხვირის ზედა ნაწილამდე უნდა მიაღწიონ, იქ, სადაც ნერვული დაბოლოებებია. თუ ლორწოვანი გარსი გასიებულია და ლორწოს გამოყოფა გახშირებული, ნაწილაკები ცხვირში ვეღარ ხვდებიან და ყნოსვის გრძნობაც ქვეითდება, ან საერთოდ ქრება.

კოვიდგადატანილების აბსოლუტურ უმრავლესობას ყნოსვის გრძნობა რამდენიმე თვის შემდეგ უბრუნდება.

მოსახლეობამ იცის, რომ ეს კოვიდის თანხმლები სიმპტომებია, ამიტომ მომართვიანობა მიზერულია. მკურნალობის გაიდლაინი იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც კოვიდის შემდეგ ყნოსვა დაკარგეს, არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის შესასხურებლები, სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებლები, რომლებიც დაზიანებული უჯრედების აღსადგენად ინიშნება. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ყნოსვა საერთოდ არ აღდგეს“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.

ბუენოს აირესში მედიცინის მუშაკები მოქალაქეებს ყნოსვას უმოწმობენ, 2020 წელი

პაროსმიის ნაგავსაყრელზე

ანოსმიის შემდეგ კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პაროსმიის ეტაპი იწყება. დაზიანებული რეცეპტორები თანდათანობით აღდგენას იწყებენ, მაგრამ, რადგანაც სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, ადამიანი სუნს კი გრძნობს, მაგრამ გაუკუღმართებულად. ინტერნეტში შექმნილია ჯგუფები, რომლებშიც ის ადამიანები ერთიანდებიან, ვინც კოვიდის შემდეგ ყნოსვა ან გემო დაკარგა. რუსუდან ფანოზიშვილისთვის ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში გაწევრიანება შვება იყო, „ჩემს ენაზე“ ლაპარაკობენო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ სახლებშიც ბენზინის სუნი იდგა და მათი ფორთოხლებიც აუტანლად ყარდა.

მანამდე ამ თემაზე ვერავისთან ვლაპარაკობდი, ყველას ვიღაცა ჰყავდა მკვდარი და მე ყნოსვის გრძნობა დავკარგე... მაგრამ უკვე ვფიქრობდი, რომ განსხვავებული ვხდები. კოვიდმა დამიტოვა ფსიქიკური პრობლემები, რაღაც დეპრესიის მსგავსი დამემართა. ეს ჯგუფი კი ძალიან პოზიტიური იყო, მხოლოდ თანაგრძნობა და ერთმანეთის გამხნევება, ამან კარგად იმოქმედა. რომ იგებ, რომ სხვებიც ასე ყოფილან, შვებას გრძნობ, ვიღაც ახალი ზელანდიიდან დაპოსტავდა, ვიღაც კიდევ საიდანღაც“...

პაროსმიისკენ უფრო მეტად 30 წლამდე ასაკის ადამიანები არიან მიდრეკილნი, უმეტესად - ქალები. პაროსმიის დროს შეიძლება იგრძნო ისეთი აუტანელი სუნი, როგორიცაა კანალიზაციის, ნაგვის, ბენზინის, ძმრის, გაურეცხავი წინდებისაც კი. ადრე ეს დაავადება იშვიათი იყო, მაგრამ კოვიდის შემდეგ მთელმა მსოფლიომ საკუთარ თავზე იწვნია.

აი, რას წერენ ჯგუფებში:

ყავას ფსლის სუნი აქვს, როდესმე უდაბნოში თუ ჩავრჩი, ალბათ დავლევ“.

არაქისის კარაქი ყარს, მენატრება არაქისის კარაქი“.

ვერანაირ პურს ვერ ვჭამ, ვერც პიცას. კიდევ ვინმე ხართ ასეთი?“

შვიდი კვირის ორსული ვარ და კოვიდის გამო ყნოსვის გრძნობა ათჯერ გამიმძაფრდა, ვეღარაფერს ვჭამ“.

ბავშვის ფაფების სუნს ვერ ვიტან, ბავშვს საჭმელს ვეღარ ვაჭმევ“.

პაროსმია ერთი წელი გამიგრძელდა და მერე ყნოსვის თერაპია დავიწყე. თითქოს უკეთესობა მაქვს“.

სამი თვის წინ მქონდა კოვიდი, დავკარგე გემოს შეგრძნებაც და სუნისაც. ახლა ორი კვირაა სიგარეტის სუნს ვგრძნობ გამუდმებით. ჩემს სახლში არავინ ეწევა. მაგიჟებს ეს ყველაფერი. ვინმე არის კიდევ ასეთი პრობლემით?“

კიდევ ვინმეა ისეთი, ვინც კბილის პასტის სუნს ვერ იტანს? სუნი გაზის აქვს, გემო - ნივრის“.

ვინმეს ოპტიმისტური გამოცდილება აქვს, რომ ყნოსვა და გემო დაუბრუნდა?“

რუსუდანს ყნოსვის გრძნობა სრულად 8 თვის შემდეგ აღუდგა, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული დღემდე არაა, რომ ისევ ისეთი ყნოსვა აქვს, როგორიც კოვიდამდე ჰქონდა.

თავიდან ჯგუფებში წერდნენ, ხალხო, მიშველეთო... ამ ბოლო დროს კი სულ უფრო მეტი ადამიანიყვება, რომ ყნოსვა დაუბრუნდა. ზოგს 5 თვეში უბრუნდება, ზოგს 10-17 თვის მერე. მე რასაც ვუყურებ, გემო უფრო ადვილად ბრუნდება, ვიდრე სუნი“, - ამბობს ის.

ყნოსვის დასაბრუნებლად ზოგი ე.წ. ყნოსვის თერაპიასაც მიმართავს. ამ დროს ხშირად ყნოსავენ სხვადასხვა მკვეთრი სუნის მქონე ეთერზეთებს, მაგალითად, ლიმონის, ვარდის... ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ ეს მეთოდი ძალიან ეფექტური არ არის, მაგრამ მაინც მისაღებია, რადგან, ჯერ ერთი, ყნოსვის რეცეპტორები ღიზიანდება, რამაც შესაძლოა მის აღდგენას ხელი შეუწყოს, მეორეც - თავად ადამიანი რწმუნდება, რომ მას ყნოსვის გრძნობა ბოლომდე არ დაუკარგავს.