კრემლის თქმით, აშშ-მა რუსეთის მოთხოვნებზე პასუხში არ გაითვალისწინა მოსკოვის წუხილი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. 2021 წ. 17 დეკემბერი.

კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის მოთხოვნებზე წერილობით პასუხში არ გაითვალისწინა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მოსკოვის წუხილი, თუმცა ამ თემაზე ჯერაც არსებობს დისკუსიის საშუალება.

რუსეთისთვის გაგზავნილ პასუხში შეერთებულმა შტატებმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ მომავალში ნატოში მიღებაზე უარი ეთქვათ უკრაინასა და საქართველოს. ამის სანაცვლოდ ვაშინგტონმა მოსკოვს შესთავაზა „სერიოზული დიპლომატიური გამოსავალი“ კრიზისიდან, რომელიც წარმოიშვა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ასი ათასზე მეტი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის შედეგად. ჯარების ამ კონცენტრაციას უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პრელუდიად მიიჩნევენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 იანვარს გაიმეორა, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა კვლავაც ძალაში რჩება და ამავე დროს გამოვიდა წინადადებით, „პრაგმატულად“ შეფასდეს მოსკოვის მიერ გამოხატული შეშფოთება.

ბლინკენის თქმით, წერილი, რომელიც მოსკოვს გაეგზავნა მისი მოთხოვნების პასუხად, მთლიანად შეთანხმებული იყო უკრაინასთან და ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებთან და მასში მოცემულია „სერიოზული დიპლომატიური გზა, თუკი რუსეთი აირჩევს მას“, ვინაიდან შეერთებულ შტატებს სურს, თავიდან იქნეს აცილებული უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 27 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის პასუხიდან ჩანს, რომ მას არ სურს რუსეთის შიშების გათვალისწინება.