NDI: გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) დაკვეთით საქართველოში, 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 43% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2020 წლის დეკემბერში ასე ფიქრობდა 38%.

საქართველოს განვითარების მიმართულებას სწორად მიიჩნევს 27%. 21% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

გამოკითხულთა 32-32%-მა ეროვნული დონის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად დაასახელა სიღარიბე და ინფლაცია, 29%-მა სამუშაო ადგილები, 16%-მა ტერიტორიული მთლიანობა, 13%-მა პენსიები და 11-11%-მა განათლება და ხელფასები.

გამოკითხულთა 49%-მა საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა უმუშევრობა. მეორე ადგილზეა ინფლაცია(42%) და მესამეზე სიღარიბე(23%).

NDI-ის კვლევისთვის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC) 2021 წლის 7-13 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით ჩაატარა 2 099 სატელეფონო ინტერვიუ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია.