ბლინკენი: აშშ-მა უარყო მოსკოვის მოთხოვნა, უკრაინას ჩაეკეტოს ნატოს კარი

ენტონი ბლინკენი

აშშ-მა ოთხშაბათს უარყო რუსეთის მოთხოვნა, უკრაინას ჩაუკეტოს ნატოს კარი. ამასთან ვაშინგტონმა, რომლის თქმითაც, მოსკოვი მზადაა უკრაინაში ინტერვენციისთვის, განაცხადა, რომ რუსეთს შესთავაზა კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის მთავრობისათვის გაგზავნილ კერძო წერილში მოსკოვს „სერიოზული დიპლომატიური გზა“ შესთავაზა კონფრონტაციის განმუხტვისთვის.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არის ფუძემდებელი პრინციპები, რომლებსაც ვუერთგულებთ და დავიცავთ, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოთა უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და მოკავშირეები.“

ასევე ნახეთ ნატომ უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე

ჟურნალისტების წინაშე ბლინკენის გამოსვლამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დარწმუნებულია, რომ პუტინი თებერვლის შუა რიცხვებამდე გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბლინკენის თქმით, მოსკოვისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია, რომ კიევს თავად შეუძლია საკუთარი მოკავშირეების არჩევა. ამით მან უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატომ არასოდეს მიიღოს თავის რიგებში უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.

ამავე დროს ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილი არ გამოქვეყნდება, „ვინაიდან, ჩვენი აზრით, დიპლომატიას წარმატების საუკეთესო შანსი აქვს.“

ბლინკენის თქმით, წერილისა და აშშ-ის პოზიციის თაობაზე იგი უახლოეს დღეებში ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, წერილში, რომელიც კიევთან და აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებთან არის შეთანხმებული, ვაშინგტონი მოსკოვს ასევე კარს უხსნის მოლაპარაკებებისთვის შეიარაღების კონტროლზე, კერძოდ ევროპაში განთავსებული სტრატეგიული რაკეტებისა და ბირთვული იარაღის საკითხზე.

დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით რუსეთმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში ინტერვენციას გეგმავს, თუმცა მოსკოვი მძაფრი რიტორიკით გამოდის და მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში გარანტიების მიღებას, მათ შორის პირობისა, რომ ნატო არასოდეს მიიღებს თავის რიგებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და, ამასთან, შეზღუდავს თავის ყოფნას აღმოსავლეთ ევროპაში.