ძალადობის უწყვეტი ჯაჭვი - რა პრეტენზიები გვაქვს პოლიციასთან

პოლიცია "ქართული ოცნების" ოფისთან; 15 ნოემბერი, 2021 წელი

„ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტყამს პოლიციელი ქალს სახეში”, „პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”,„პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა”, „ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს”-ეს ქართული ახალი ამბების სათაურებია.  

მედიაში გაშუქებულ ისტორიებს მოსდევს მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები და მოთხოვნა, დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. მერე კი თავიდან იწყება მსჯელობა იმაზე, როგორი არაეფექტიანია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და როგორ იშვიათად ისჯება პოლიციელი ძალის გადამეტებისთვის, მოქალაქეებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. ძალადობის ყოველი ახალი ფაქტის გახმაურების შემდეგ საზოგადოება ითვლის მსხვერპლებს და იხსენებს დაუსჯელი პოლიციელების ამბებს.

24 და 25 იანვარს პოლიციელების მხრიდან ძალადობის მამხილებელი ორი სხვადასხვა ვიდეო გავრცელდა: ერთში პოლიციელი ყრუ არასრულწლოვანს სცემს, მეორეში პოლიციელი ქალს ურტყამს ზუგდიდში, მდინარის პირას. ორივე სამართალდამცველი დაკავებულია.

  • რას ცვლის ერთი ან ორი პოლიციელების დაკავება, თუკი სისტემა ძალადობაზე დგას?
  • რამდენად ხშირია არასათანადო, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები?
  • ხუჭავს პროკურატურა და მთელი სახელმწიფოც თვალს პრობლემაზე, რომელიც ზედაპირზეა?
  • აქვს სამართალდამცველ სისტემას გაუმჯობესების შესაძლებლობა, სანამ მას ბევრი მოქალაქე ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად ხედავს?

„თაროზე წლობით არის შემოდებული საქმეები, სადაც პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის შემთხვევებია და საქართველოს უკვე არაერთი საქმე აქვს სტრასბურგში წაგებული იმის გამო, რომ აქ არ ხდება ასეთი საქმეების ეფექტური გამოძიება. თუ არ არის აშკარა მტკიცებულებები, ადამიანმა თუ ვერ მოიპოვა კადრები, ვერ გადაიღო მასზე ძალადობის ფაქტები, მაქსიმალურად ჭიანურდება გამოძიება და თითქმის არასოდეს დგება შედეგი”, - ამბობს ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებების სახლის იურისტი. მის ორგანიზაციას სტრასბურგის სასამართლოსთან აქვს კომუნიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ”.

ქეთევან ხმალაძე ამტკიცებს, რომ, 2016 წლის იანვარში, როცა დააკავეს, ახალციხის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელები არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ და სწორედ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მას 16 საათი აწამებდნენ პოლიციის შენობაში, დაუმტვრიეს თითები, სხეულზე ურტყამდნენ წყლით სავსე ბოთლს. ქეთევან ხმალაძეს ყაჩაღობისთვის 9 წელი აქვს შეფარდებული - ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. ხმალაძეს ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის პროცესს სწავლობდა და ასაჯაროებდა.

ქეთევან ხმალაძის საქმეზე განაჩენის გამოტანა სტრასბურგის სასამართლოს ჯერ წინ აქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფო არაეფექტიანად იძიებს პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.

2004-2021 წლებში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოდან გაგზავნილ 14 საქმეზე, სადაც სასამართლო მსჯელობდა პოლიციის მიერ არაადამიანურ მოპყრობასა და ეფექტიან გამოძიებაზე, ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დარღვევა დადგინდა 12 შემთხვევაში.

სტრასბურგის გამამტყუნებელ განაჩენებს შორისაა საქმე „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მონაწილეობდა. გოგუაძის მტკიცებით, 2011 წელს, სწორედ გამომძიებელი ჩოლოიანი მონაწილეობდა სასტიკი მეთოდებით დაკითხვის პროცესში. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს არაეფექტიანი გამოძიებისთვის დარღვევა 2019 წლის ივნისში დაუდგინა და ქვეყანას 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, მარიანა ჩოლოიანმა კი საზოგადოების ყურადღება 2019 წლის დეკემბერში კიდევ ერთი გახმაურებული საქმით მიიქცია - მის მიერ დაკითხულმა არასრულწლოვანმა, ლუკა სირაძემ პოლიციის სამმართველოს დატოვებიდან რამდენიმე საათში თვითმკვლელობა სცადა და მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა. მარიანა ჩოლოიანს ბრალი ჩვენების იძულებით მიღების მცდელობისთვის წარუდგინეს და სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, „უდოს კომისიის” გადაწყვეტილებით, 2021 წლის აგვისტოში პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„ამ საქმეს მაშინ იმხელა გამოხმაურება ჰქონდა, მარიანას ციხის გარეშე ვერ დატოვებდნენ, მაგრამ ალბათ მაშინვე უთხრეს, რომ ჩაჯექი და მერე ვადაზე ადრე გამოხვალ. ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ სისტემის თანამშრომლებს ყველაფერი შერჩებათ, ყველაფრის უფლება აქვთ”, - უთხრა მაშინ ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ რა სიგნალი მიიღო საზოგადოებამ გამომძიებელი ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებით

გამონაკლისები თუ პრაქტიკა

პოლიციელების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს სახელმწიფო სათანადო რეაგირების გარეშე გამონაკლის შემთხვევებში ტოვებს, თუ ეს ჩვეული პრაქტიკაა?

სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 ადამიანი ცნეს. 2020 წელს პროკურატურამ პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მხოლოდ 1 საქმეზე დაიწყო გამოძიება და ბრალი 3 ადამიანს წაუყენა.

იმის გამო, რომ პოლიციელების ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას არაეფექტიანად მიიჩნევდა არასამთავრობო სექტორი, 2019 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შეიქმნა, თუმცა 2021 წლის მიწურულს „ქართულმა ოცნებამ” ეს ინსტიტუტი ერთი ხელის მოსმით გააუქმა.

ასევე ნახეთ თუკი კანონი ერთი ადამიანის გამო იცვლება

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამოხელეო დანაშაულის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მაკონტროლებელი რგოლი შეიძლება ყოფილიყო, შეზღუდული იყო უფლებამოსილებაში და ამ ინსტიტუტის დამოუკიდებელი გამოძიებების ეფექტიანობა დიდწილად სასამართლოზე, პროკურატურასა და ექსპერტიზის ბიუროზე იყო დამოკიდებული.

მაგალითად, 2020 წლის ანგარიშში უწყება წერდა, რომ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, პროკურატურა, სასამართლო, შსს, პენიტენციური სამსახური არ სცემდნენ პასუხებს მათ წერილებს, გამოძიებებისთვის აუცილებელ ექსპერტიზებზე პასუხებს კი უფრო ხშირად თვეზე მეტი სჭირდებოდა, ვიდრე ნაკლები. 50-მდე შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი უწყებას არ მიუღია. სახელმწიფო ინსპექტორი ასევე ამბობს, რომ პროკურატურა სისტემატურად ცვლიდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაციას, კერძოდ: საქმეები, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით იძიებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გადააკვალიფიცირა.

პარლამენტმა ინსპექტორის აპარატის გაუქმებას მხარი ისე დაუჭირა, ეს ანგარიშში არც მოუსმენია.

ასევე ნახეთ დარჩენილი საქმეები - მოასწრებს სახელმწიფო ინსპექტორი 689 საქმის შესწავლას?

ორმაგი სტანდარტები

„სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი ანგარიშვალდებულება ძალიან სუსტი იყო. ასევე შეშფოთების საფუძველს იძლეოდა პოლიციის უხეში ჩარევა თავისუფალი შეკრების უფლების რეალიზებაში, თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და ძალადობა ჟურნალისტებზე”, - ეს არის ფრაგმენტი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, Humans Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშიდან, სადაც პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები და მათი გამოუძიებლობა, როგორც პრობლემა, ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი.

2021 წელს პოლიციელები „ორმაგი სტანდარტით” მუშაობდნენ: განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს აქციებისას, აკავებდნენ ძალის დემონსტრაციული გამოყენებით, მაქსიმალურად დიდხანს ტოვებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, რომლებიც ხშირად დაკავების ადგილიდან საკმაოდ შორს, სულაც სხვა ქალაქსა და რეგიონში მდებარეობდა. მეორე მხრივ, პოლიცია ხაზგასმით ლმობიერი და დამთმობი იყო მოძალადე ჯგუფების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 5 ივლისს, როცა ფაქტობრივად უმოქმედოდ უყურებდნენ პოლიციელები, როგორ ძალადობდნენ ჰომოფობიური და რადიკალური კონსერვატიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, როგორ ესხმოდნენ თავს სამოქალაქო საზოგადოების ოფისებს და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც წინ ხვდებოდათ.

პოლიცია რუსთაველზე, 6 ივლისი, 2021 წელი

სახალხო დამცველის ყოველწლიური, საპარლამენტო ანგარიშები აჩვენებს, რომ 2016 იზრდება ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როცა მოქალაქეებს ფიზიკური ზიანი ადგებათ დაკავებისას ან დაკავების შემდეგ. ადმინისტრაციული წესით დაკავებისას შესწავლილ საქმეებში 2020 წელს 35%-მდე იყო ისეთი შემთხვევები, როცა დაკავებულს ჰქონდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებები. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არც 2021 წელს შეცვლილა, თუმცა „იმდენად ჩაკეტილია და დახურულია სისტემა, რომ უამრავი რამე სავარაუდოდ არც ჩანს”.

პოლიციის მანქანები და ძალადობის სხვა სივრცეები

ერთ-ერთი ადგილი, სადაც სახალხო დამცველმაც და სახელმწიფო ინსპექტორმაც იციან, რომ პოლიცია მოქალაქეებზე „შეუმჩნევლად” ძალადობს, პოლიციის ავტომანქანებია, სადაც დაკავებულებს ხშირად სცემენ. აქ პოლიციელები უფრო თამამები და სასტიკები არიან, ვიდრე ქუჩაში, სადაც შეიძლება ხალხმა დაინახონ და პოლიციის შენობებში, სადაც შეიძლება კამერებმა დააფიქსირონ. ასე სცემეს 2017 წელს ნარინჯისფერი ქურთუკის გამო დაკავებულ პოეტ ზვიად რატიანსაც პოლიციელებმა ჯერ პოლიციის მანქანასა და შემდეგ სანაპიროზე, სადაც იცოდნენ, რომ კამერები ვერ დაინახავდა პოლიციის სამმართველოში მიყვანამდე. ამ საქმეზე ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი არ დასჯილა, მხოლოდ შსს დააჯარიმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა 2 000 ლარით რატიანის კადრების გადაღებისა და გასაჯაროებისთვის. ნაცემი პოეტის კადრები, რომელსაც პოლიციელები პირადი ტელეფონებით იღებდნენ, მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ასევე ნახეთ ნაცემი და დაჯარიმებული

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ძალადობა „შეუმჩნევლად” შეიძლება, პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ოთახებია. იქ კამერები არ არის. ლუკა სირაძის საქმეში, მარიანა ჩოლიანის გარდა, სხვა პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ეჭვს სწორედ ის აჩენდა, რომ არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის უფროსმა კაბინეტში შეიყვანა რამდენიმე წუთით.

სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს სახელმწიფოს, რომ:

  • საჭიროა პოლიციელებს ჰქონდეთ ვალდებულება, ჩართონ სამხრე კამერები მოქალაქეებთან ყველა სახის კომუნიკაციისას;
  • საჭიროა პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა;
  • მნიშვნელოვანია ხარვეზების გარეშე, სიზუსტის დაცვით დგებოდეს დაკავებულთა შესახებ დოკუმენტაცია; ზუსტად უნდა იყოს დაფიქსირებული სამმართველოში/წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლა-გამოსვლის დროები, დაკავებულის სტატუსი, დაზიანებები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები;
  • პრობლემაა ისიც, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმები დაკავებულების სხეულის დაზიანებებს არასათანადოდ ეკიდებიან და ხარვეზებით შეაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია საბუთებში;
  • ხშირად გამოუყენებელია დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც იმის გამო, რომ მათზე არ ჩანს დაზიანებების ხარისხი, განათება აკლია ან ფოკუსი არ არის გასწორებული.

„ეს პროცედურული გარანტიები, სამხრე კამერები, დაკავებისას დოკუმენტაციის სწორად წარმოება, გენერალური ინსპექცია საჭიროა იმიტომ, რომ პოლიციელებს არ ჰქონდეთ არანაირი სურვილი და განცდა, რომ შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ძალიან მარტივ რაღაცებს, მაგალითად იმას, რომ პოლიციელი ვალდებული იყოს, ჩართული ჰქონდეს სამხრე კამერები ყოველთვის, როცა მოქალაქეებთან აქვთ ინტერაქცია. გენერალური ინსპექციები საერთოდ არ მუშაობს. შემთხვევითი შერჩევით შევისწავლეთ რამდენიმე საქმე და აღმოჩნდა არაერთი დარღვევა”, - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. ის განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს იმას, რომ საპატრულო პოლიციის გარდა სამხრე კამერების ტარების ვალდებულება სამართალდამცველებს არ აქვთ, მაგალითად, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

„იმაზე ვართ დამოკიდებული, კეთილი მინისტრი იქნება სათავეში თუ ბოროტი და გასცემს თუ არა დავალებებს, ვიღაც აწამონ თუ არა. 2012 წლამდე ვხედავდით, რომ ბევრი პრობლემები იყო ამ მიმართულებით, მაგრამ სისტემურ სურათს რომ ვიღაცამ შეხედოს და გააანალიზოს, ნახავს, რომ სისტემურად სურათი არანაირად არ არის შეცვლილი და მთელი სისტემა იმაზეა აგებული, რომ ადრე ბოროტები იყვნენ და წამების ბრძანებას გასცემდნენ და დღეს კეთილები ვართ და ასეთ ბრძანებას არ გავცემთ. ის, რომ სისტემა მუშაობდეს და ბოროტი და კეთილი ადამიანების მიღმა იძლეოდეს საშუალებას სამართალდამრღვევი პოლიციელების გამოვლენის, სამწუხაროდ, არ გვაქვს”, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

საპროტესტო აქცია თბილისში, 24 იანვარი, 2022 წელი