„ჩვენ ყველაზე ხილული უხილავები ვართ“, - მითხრა 31 წლის ელენემ, რომელიც ბავშვობიდან ჭარბწონიანია. დავფიქრდი, რამდენად ხშირად ვხედავთ ჭარბწონიან ადამიანებს ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურებში?
ზოგი იმიტომ არჩევს შინ დარჩენას, რომ ფარული ბულინგი აირიდოს თავიდან. ზოგს იმ დაღლის გამო არ უნდა გარეთ გასვლა, რომელსაც იწვევს მუდმივი მითითება - „ცოტა ჭამონ“, „თავს მოუარონ“, გაფრთხილება, რომ „ასე ოჯახს ვერ შექმნიან“, რომ „ისინი არავის მოეწონება“, მინიშნება, რომ „ტრანსპორტში დიდი ადგილი უკავიათ“ ან პირდაპირ მიხლილი სიტყვა, რომ „ისინი მსუქნები არიან“ და რომ იმ კოვზით, რომლითაც ჭამენ, სინამდვილეში „საკუთარ საფლავს ითხრიან“.
ეს ადამიანები ერთად შეიძლება იმ კლინიკებთან ნახო, სადაც ჭარბი წონის დასაკლებად ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ.
მეორე გზაც არის - დარჩე ისეთად, როგორიც ხარ, არ დაიმალო, გიყვარდეს და მიიღო შენი თავი ასეთი. ოღონდ ეს ყოველდღიური ბრძოლის გზაა, რომელსაც ხშირად დიდი იმედგაცრუებაც მოჰყვება.
საზოგადოებას ასეთი ამბების მოსმენა არ უყვარს. მას წარმატების ისტორიები ურჩევნია, წონაში დაკლების მაგალითებზე ლაპარაკი. მაგრამ როგორია იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც ასეთ გამოცდებს ვერ და არ აბარებს? ან მათი, ვისაც საამისოდ უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა?
ანა: როგორ ვისწავლე საკუთარი თავის მოსმენა
აი, 23 წლის ვლოგერის, ანა ადამაშვილის ამბავი, რომელსაც 15 წელი დასჭირდა იმის სათქმელად, რასაც ახლა ღიად ამბობს. ანა დღეს 106 კილოა.
დღეს უკვე ასე ვფიქრობ: ჩვენი წონა უნდა მივიღოთ და ვიცხოვროთ მასთან ერთად, თუკი ის არ გვიქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.
ჩვენი ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, შესაძლოა მართლაც ადარდებდეთ ჩვენი ზედმეტი წონა, შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ეს ხელს გვიშლის დაოჯახებაში ან ვიღაცას ჰგონია, რომ ჯანმრთელობის პრობლემას წარმოშობს. შესაძლოა, მართლაც რეალური საფრთხეების გამო შიშობენ ჩვენ გამო, მაგრამ როცა ამ დევიზით ერევიან სხვების ცხოვრებაში, ეს უარესია. მე მხოლოდ იმის გამო არ ვიკლებდი, რომ ამას სხვები მთხოვდნენ. სხვებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი არაეფექტიანი და მოკლევადიანია.
აი, მაგალითად, მომწონს ბიჭი, რომლის გამოც მინდა წონაში დავიკლო, რომ მას მეტად მოვეწონო. ხომ შეიძლება, ერთ კვირაში, ის ბიჭი საერთოდ აღარ მომეწონოს და ჩემს მიზანსაც გამოეცალოს საფუძველი? მაგრამ თუ ეს წონა ხელს მიშლის იმაში, რომ, მაგალითად, ველოსიპედი ვატარო, რაც ძალიან მინდა, ან წავიდე ლაშქრობაში, ან მალე არ დავიღალო, ან უკეთესად ვისუნთქო, და მივხვდე, მათ მოგვარებაში მხოლოდ გრძელვადიანი მიზანი დამეხმარება, აი, მაშინ შემიძლია დავფიქრდე და გადავწყვიტო რა მინდა.
ახლა მე 106 კილო ვარ, მაგრამ როცა 80 კილო ვიყავი, გაცილებით მსუქნად აღვიქვამდი თავს, ვიდრე ახლა. მეგონა, რომ სადმე უნდა დავმალულიყავი, ოღონდ ადამიანებს არ შევემჩნიე. დღეს უკვე ფსიქოლოგიურად ბევრი რამ გადავლახე. მაგრამ როცა თინეიჯერი ხარ, ყველა სიტყვა შეიძლება მოურჩენელ ტრავმად იქცეს.
მახსოვს, ერთხელ უცნობმა მოხუცმა ქალმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა, ასე მსუქანი რატომ ხარ, გახდი, ნაკლები ჭამეო. ძალიან მეწყინა. ასეთ რამეებს რომ გეუბნებიან, არასრულფასოვნების დაუძლეველი კომპლექსი გიჩნდება. იმ ქალის მოძახილის მერე 7 წელია გასული, მაგრამ დღემდე გულის სიღრმეში ჩამრჩა.
როცა ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, 137 კილო ვიყავი. მოძრაობა მიჭირდა. დღეს 30 კილოზე მეტი მაქვს დაკლებული, მაგრამ ახლა ყოველი კილოს დაკლებას ისე მძაფრად აღარ ვუყურებ, როგორც ადრე. მთავარია, რომ რაც მქონდა, ის პრობლემები მომეხსნა - ახლა ჩემი ასეთი სხეულის მიღებაც შემიძლია.
Your browser doesn’t support HTML5
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდი, რაც ჩემს წონას დაფარავდა. მეგონა, რომ რადგან გარეგნულად საკმარისად კარგი არ ვიყავი, არც საზოგადოებაში აზრის გამოთქმა შემეძლო.
ერთხელ, სკოლაში, ჩემთვის ძალიან ავტორიტეტულმა მასწავლებელმა თქვა, ადამიანი, რომელიც თავის წონას ვერ უვლის, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევსო. დიდხანს მჯეროდა ამ აზრის.
დღეს, ხუთი წლის წინანდელი ანა რომ მიყურებდეს, ალბათ ძალიან იამაყებდა ჩემით. არადა, 15 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო თავი ისეთი, როგორც ვარ. ჯერ კიდევ ეს პროცესია.
როდესაც ვლოგებს ვწერ ხოლმე, მაშინ ვგრძნობ ამას და ვცდილობ, ტელეფონის ფილტრები არ გამოვიყენო, ისე გამოვჩნდე კამერის წინ. ეს ყოველდღიური ბრძოლაა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ან საზოგადოების აზრს უნდა დავნებდეთ, ან საკუთარი თავი შევიყვაროთ.
ეს არჩევანი გვაქვს და ყოველდღე უნდა ავირჩიოთ ჩვენი თავი.
მაგრამ როგორ ავირჩიოთ ჩვენი თავი? ვითომ ეს ასე ადვილია? ფსიქოლოგთან ამ პრობლემით ასობით ჭარბი წონის მქონე ადამიანი მიდის. უმეტესობა ქალები. კიდევ უფრო მეტი უსახსრობის გამო მისვლას ვერ ახერხებს და ცხოვრების ბოლომდე საკუთარ პრობლემასთან მარტო რჩება.
ფსიქოლოგის კაბინეტში: მე ეს მართლა მინდა თუ სხვისი სურვილით ვხდები?
ფსიქოლოგი ანი ახმეტელი შვიდი წელი მუშაობდა წონის პრობლემის მქონე პაციენტებთან. ისინი ფსიქოლოგს აკითხავდნენ მას შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი ნაცადი ჰქონდათ, წონაში კი ვერაფრით იკლებდნენ.
ზოგი ამბობდა, რომ „ზედმეტი” კილოგრამების მოცილება იმიტომ უნდოდა, რომ მალე იღლებოდა, ზოგი ამბობდა, რომ თავის ზომა ტანსაცმელს ვერ შოულობდა. ღიად არავის უთქვამს , რომ „დაწესებულ სტანდარტში ვერ ჯდებოდნენ“.
მათ არა მხოლოდ ის უნდა ესწავლათ, სწორად როგორ ეკვებათ, ან კვებითი დამოკიდებულება როგორ დაეძლიათ, მათ უნდა ეპოვათ პასუხი მთავარ კითხვაზე - რატომ სურდათ წონაში დაკლება და ეს ნამდვილად იყო თუ არა მათი სურვილი.
„თუ გახდომა გინდა მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის თავის მოსაწონებლად, დაიკლებ, მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდები ჭარბ წონას. ამიტომ ჩვენ სწორედ ამ პასუხების ძებნაში ვეხმარებოდით… ერთი პაციენტი, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი 20 კილოს დაკლება, ათი კილოთი გახდომის შემდეგ მიხვდა, რომ თავს კარგად გრძნობდა - მეტი უბრალოდ არ სჭირდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც სტანდარტში ჩამჯდარიყო“, - მოგვითხრობს ანი ახმეტელი.
ანი იხსენებს, რომ ამ ქალებს, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ სექსუალური ცხოვრება და ფიქრობდნენ, რომ ჭარბი წონის გამო, მათი სხეულებისთვის ეს საერთოდ დახურული თემა იყო, სიამოვნების მიღება, პარტნიორის ყოლა - დასრულებული ამბავი.
ელენე - „თითქოს მარტო წონა ხარ და მეტი არაფერი“
ელენე ხაჭაპურიძეს, სანამ თინეიჯერი იყო, ეგონა, რომ მისი წონა მხოლოდ პირად ცხოვრებაზე მოახდენდა გავლენას. წლები რომ გავიდა, მიხვდა, რომ ეს პრობლემას ქმნის ყველგან - ტრანსპორტში, სამსახურში, საჯარო შეკრებებზე, ახლობლებთანაც კი. ელენე 120 კილოა.
მსუქან ადამიანზე ხშირად ამბობენ, პუტკუნააო. ჰგონიათ, რომ დადებითი, საყვარელი შინაარსი შესძინეს ამ სიტყვას. თითქოს უნდა მოგვწონდეს კიდეც ეს კნინობით-ალერსობითობა - პუტკუნა, ბუნჩულა, ფუშფუშა... მაგრამ როცა შენი ასე მოხსენიება არ მოგწონს და თან ამას ხმამაღლა ამბობ, ეს ძალიან უკვირთ.
სინამდვილეში, ეს გამხდარმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, მათი აღქმით გამოგონილი პოზიტიური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება.
მაგრამ საკმარისია, ჩვენში რამე არ მოეწონოთ, რომ ეს საყვარელი სიტყვები უსწრაფესად გადაიქცევა არაეთიკურ და ხშირად ძალიან უხამს ტერმინებად და სიმსუქნის აღმნიშვნელ კატეგორიას კიდევ სხვა სიტყვებიც ემატება. მსუქანი მატყუარა, ან მსუქანი ზარმაცი ან უარესი... არც მინდა გამეორება.
ჭარბწონიანი და მსუქანი კაცის ცხოვრებაც შეიძლება იყოს რთული, მაგრამ ქალის გაცილებით მეტად რთულია და მისი ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ის დაშორებული სილამაზის და ესთეტიკის გავრცელებულ სტანდარტებს.
პირდაპირ შენ შეიძლება საწყენი არაფერი გითხრან. მაგრამ გვერდით იდგე და უცებ ვიღაცაზე თქვან - რამდენი ხანია არ მენახა და როგორ გასიებულა! როგორ უნდა დარჩე გულგრილი, როცა ზუსტად იცი, რომ შენზეც ამას იტყვიან. თითქოს მხოლოდ მაგით ფასდები. თითქოს მარტო წონა ხარ და მეტი არაფერი...
ჩემთვის ისიც უთქვამთ, მსუქანი კაცი ცოლს მოიყვანს და აი, მსუქანი ქალი, შეიძლება ვერ დაქორწინდესო. ვინც ეს მითხრა, ცუდი განზრახვა არ ჰქონია - ცდილობდა ჩემთვის მოტივაცია მოეცა, მაგრამ ამან შეიძლება ისე გაგაბრაზოს, რომ სამუდამოდ გაგაჯიუტოს და გათქმევინოს - სულ არ გავხდები!
მე სულ მქონდა ჭარბი წონა. ბავშვობიდან.
ოღონდ, როცა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ წონა უფრო პირად ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას, მხოლოდ ვიღაცის მოწონება-არმოწონებასთან იყო კავშირში. მაგრამ გავიდა დრო, გავიზარდე, დავიწყე მუშაობა და მივხვდი, რომ წონა ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება.
დავაკვირდი იმას, რომ შენი, როგორც „პუტკუნა“ და „ფუმფულა“ ადამიანის მიმართ, ძალიან სტერეოტიპული წინასწარგანწყობები არსებობს - რომ უთქმელი, არაამბიციური, არაწარმატებული, დიდი პრეტენზიების არმქონე ადამიანი ხარ. ხოლო თუ ამ ჩარჩოს გასცდები და წინააღმდეგობას გაუწევ ვინმეს, ან, უბრალოდ, აზრს გამოთქვამ გაბედულად რომელიმე უმტკივნეული საკითხზე, შენ მიმართ წინააღმდეგობა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვების მიმართ.
მე ყოველთვის ვგრძნობდი მტრულ განწყობას ასეთ სიტუაციებში.
Your browser doesn’t support HTML5
სხვათა შორის, ბევრ ადამიანს დავშორდი, ვინც წონაზე ხშირად მიმანიშნებდა. ახლობლებსაც. შეიძლება, ეს ადამიანები ამ ინტერვიუს შემდეგ მიხვდნენ ამას. მაგრამ ეს მთლად კარგი არ არის, იმიტომ, რომ ბოლოს იზოლაციაში ექცევი.
ჩემთვის მგზავრობა იმდენად დიდი დისკომფორტი იყო, რომ ერთხანს საერთოდ აღარ ვჯდებოდი. თითქოს არაფერი, ზიხარ ავტობუსში და ეუბნები გვერდით მჯდომს, თუ შეიძლება, გამატარეთ. ის კი ოდნავ გასწევს ფეხს და გიტოვებს პატარა ადგილს, სადაც შენ ვერ გაეტევი. იძულებული ხარ, ხმამაღლა, მთელი ავტობუსის გასაგონად თქვა, რომ იქ ვერ გაივლი.
ამას წინათ, ფეისბუკზე, ერთ-ერთ პოსტში, ვიღაც ქალი ზარბაზანს შეადარეს. არავის ეუხერხულა. არავინ შეიმჩნია, რომ ასეთი არაეთიკური რაღაც ეწერა. მეც რომ ვყოფილიყავი სადმე იმ ამბავში, მეც ქალ-ზარბაზნად ვიქნებოდი მოხსენიებული.
ამას წინათ, ქუთაისში აფთიაქში შევედი. რაღაცას ვარჩევდი და მესმოდა ორი ფარმაცევტის ლაპარაკი. ჩემზე ამბობდნენ, აი, რა მსუქანია და რა თხელი ხელები აქვსო. ჩემს გასვლასაც კი არ დაელოდნენ აფთიაქიდან.
არადა, მე, შეიძლება მთელი ცხოვრება ვიყო ასეთი და ვერ დავიკლო, რადგან წონის დაკლება არის ძალიან რთული!
ამის გამო, არ უნდა მიწევდეს არც იზოლირება, არც სადმე რომ შევდივარ, ყოველ ჯერზე პატივისცემის მოპოვება - ეს არის პრობლემა. მე ხომ არ ვითხოვ, ყველას მოვწონდე და ვუყვარდე, მაგრამ იმას კი ნამდვილად მოვითხოვ, რომ როცა მე მიყვარს ჩემი თავი, სხვა არ უნდა მეუბნებოდეს, რომ არ უნდა მიყვარდეს და არც უნდა მომწონდეს.
„ბოდი ფოზითივითის“ მოძრაობებზეც მიფიქრია - რადგან სიმსუქნეს აქვს სამედიცინო განზომილება და შესაძლოა, ზედმეტმა წონამ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ამ ფონზე ამ მოძრაობებმა, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს მიზანს, მაგრამ ნაწილობრივ გააფართოოს წარმოდგენები სიგამხდრესა და სიმსუქნეზე. ასევე მგონია, რომ ეს მოძრაობა შეცვლის შეხედულებებს იდეალურ სხეულებზეც. შეიძლება მე დიდად ვეღარ ვიხეირო ამ ცვლილებით, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ, სხვა ქალებიც ხომ არიან...
გახსოვთ ერთი ქართული ტოკშოუ, რომელშიც ჭარბწონიან ბიჭს პირდაპირ ასე ჰკითხეს, თქვენ გაქვთ სექსი? რა წინასწარი განწყობა აქვს ამ შეკითხვას? რომ მსუქანი ადამიანი არასასურველი და არასექსუალურია, ხომ? და მას არა აქვს სექსუალური ცხოვრება. როცა ეს გესმის, შენც, მეორე ჭარბწონიანი ადამიანი იჯერებ ამას. ფლირტიდანაც გამორიცხავ შენს თავს. და თუ მაინც ვინმეს მოეწონე, ვეღარ იჯერებ, რომ ეს ნამდვილად ხდება.
აი, მე, მაგალითად, როცა მითქვამს, რომ ვიღაც მომწონს, ის კი არ უთქვამთ პირდაპირ, მას არ მოეწონებიო, რაღაცნაირი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილა. ეს უარესია.
მედიას კი მხოლოდ წარმატების ისტორიები აინტერესებს - თუ როგორ დაიკლეს წონაში ადამიანებმა. სიმსუქნის სხვა შრეებზე ლაპარაკი აქტუალური არ არის.
შეგაქებენ მხოლოდ მაშინ, თუ დაიკლებ. სანამ ამას ვერ შეძლებ, უხილავი ხარ. ყველაზე ხილული უხილავი.
სამედიცინო განზომილებასაც აქვს ათასი ასპექტი და არც ამაზე მსმენია რაიმე დისკუსია. იცით, რომ ჯანდაცვის სისტემა, მაგალითად, საერთოდ არ ხედავს მსუქან ადამიანს? არანაირ სერვისს არ სთავაზობს სამკურნალოდ, წონას კი მხოლოდ მის პასუხისმგებლობად ხედავს. კორპორატიული დაზღვევა უნდა გამეკეთებინა და იქ იდო პირობა, რომ თუ ადამიანი არის მსუქანი, მას ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევებს არ დავუფინანსებთო...
რაც შეეხება კვებას, კვებასთან, ჩვენ, შესაძლოა, მართლაც გვქონდეს რაღაც ობსესიური დამოკიდებულება და ჭამა შვებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ აქ შემოდის კიდევ ერთი სტერეოტიპი - მსუქან ადამიანს სხვა სიამოვნებები არ გააჩნია, სექსი არა აქვს და ამიტომ ჭამსო. რაც არის ძალიან ზედაპირული აღქმა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ამ ობსესიური დამოკიდებულების გამო ფსიქოლოგთან წასვლა რამხელა ფინანსებს საჭიროებს. ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლია.
მართლა არ ვიცი, საიდან უნდა იპოვო ეს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე.
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ამ გამოცდილებაზე უარს არ ვიტყოდი, რადგან მივხვდი, რომ „ასეთად ყოფნამ“ გამხადა ემპათიური ადამიანი. დღეს მე არ მჭირდება, ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადო, რომ ვინმეს მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდეს. ეს კი, მგონია, რომ ჩემი, როგორც ჭარბწონიანი ადამიანის გამოცდილების დამსახურებაა.
ნათია: „ეს შენი ბრალი არ არის, ყველანი განსხვავებულები ვართ“
გენდერის მკვლევარი, ფემინისტი აქტივისტი ნათია გვიანიშვილი წონას ადრე არასოდეს შეუწუხებია. ამ თემაზე არც მის ოჯახში ყოფილა დისკუსია. პირველად რამდენიმე წლის წინ გაუელვა თავში „აუ, რას ვგავარ“, როცა სარკეში თავისი თავი აღარ მოეწონა. ნათია 90 კილოა.
მე საბრძოლო ხელოვნება მიყვარს და მივხვდი, რომ ამ წონის გამო, ისე ვეღარ ვვარჯიშობ, როგორც მინდა. მაგრამ რადგან დიეტების დაცვა არ შემიძლია, გადავწყვიტე, რომ რამენაირად ჯანსაღად მეჭამა. წონაში არ დამიკლია, მაგრამ რაც შვედეთში წამოვედი და ჩემი ცხოვრებაც დღეს ნაკლებად სტრესულია, ამ წონით თავს მაინც უკეთესად ვგრძნობ.
ხანდახან სარკეში ისევ არ მომწონს ხოლმე ჩემი თავი. ან მაღაზიაში ვერ ვპოულობ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც კარგად მომერგება და მაშინ ფრუსტრაცია მეწყება, მაგრამ მალევე ვამშვიდებ ჩემს თავს, ვეუბნები, ნათია, ეს შენი ბრალი არ არის, უბრალოდ, ყველანი განსხვავებულები ვართ.
ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, პრობლემა არის ის, რომ მთელ ამ ამბავში ამოსავალი წერტილი მაინც სილამაზეა და არა ის, როგორ ვგრძნობთ ჩვენ თავს. რომ კაცს შეიძლება ჰქონდეს ღიპი და ეს ნორმალურია, მაგრამ ქალის შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებია.
თან ეს იმ ფონზე, როცა ბიჭებს ბავშვობიდანვე ზრდიან ფიზიკური აქტივობების თანხლებით და გოგომ - ცომი და ტკბილი არ უნდა ჭამოს და თუ გასუქდა, უნდა იშიმშილოს. ეს არასწორი ფორმულაა.
ჩემთვის გასაგებია, როცა მწვავე რეაქცია აქვთ ქალებს, როცა მათ სხეულზე ვიწყებთ ლაპარაკს. ხანდახან აგრესიულიც, რადგან მათ სულ ვიღაც უდგენს და უთითებს, როგორი იყოს.
დღეს შედარებით მეინსტრიმულმა ე.წ. ბოდი პოზითივითის მოძრაობამ ის მოიტანა, რომ, სულ მცირე, დისკუსია დაიწყო მსოფლოში ამ თემაზე, რასაც პატარ-პატარა ცვლილებებიც მოჰყვა. თუნდაც ის, რომ სამოდელო სივრცეში გამოჩნდნენ არასტანდარტული ზომის ადამიანები.
როცა გამოსავალზე ვფიქრობ, როგორ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც არ ჰგავს უმრავლესობას, მაინც განათლებამდე მივდივარ. თუ ახალ თაობას არ ექნება ადეკვატური წარმოდგენა სხეულის იმიჯზე, მე მგონი, ასეთი ტაბუები სულ იარსებებს.
ენრიკო: კეთილი რჩევების საბურველში გახვეული ბულინგი
21 წლის ენრიკო ჟღენტმა ოპერაციის შემდეგ 90 კილო დაიკლო. ძველი ფოტოებიდან სამახსოვროდ მხოლოდ ერთი-ორი შეინახა. ახლა თავს უკეთესად გრძნობს და ოპერაციის გადაწყვეტილებაც კოვიდის პანდემიის დროს მიიღო. ენრიკო დღეს 65 კილოგრამს იწონის.
ვისაც არ გამოუცდია, მისთვის ძალიან მარტივია ლაპარაკი. დაიკელი, დაიკელი, რა პრობლემაა, მაგდენი ნებისყოფა არ გაქვს?
როცა 50 კილო და მეტი გაქვს დასაკლები, ასე მარტივად არ არის საქმე. დიეტები ნაკლებად შველის და შეიძლება ქირურგიული ჩარევაც კი დაგჭირდეს - როგორც, მაგალითად, მე.
წონასთან ბრძოლა ფსიქოლოგიურად ურთულესი პროცესია - დაიკლებ, მერე ისევ იმატებ. სულ ასე, წრეზე დადიხარ.
Your browser doesn’t support HTML5
კი, ჩემთვისაც დაუძახიათ მსუქანი და ეს არ იყო სასიამოვნო. თუმცა უფრო აგრესიული ბულინგის მსხვერპლი მე პირადად არ გავმხდარვარ.
თუმცა სულ რაღაცაცს მირჩევდნენ, როგორ დამეკლო წონაში - ხან ერთი დიეტა მეცადა, ხან მეორე. ხშირად ვახერხებდი და ვპასუხობდი, სხვის საქმეში არ ჩარეულიყვნენ, მაგრამ ამასაც ძალიან მყარი ფსიქიკა სჭირდება, რომ წყობიდან არ გამოხვიდე და საზოგადოების წნეხი დაძლიო.
მე სულ მაწუხებდა ჭარბი წონა. პანდემია რომ დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც ეწერა, რომ კოვიდი განსაკუთრებით რთულად გადაჰქონდათ ჭარბწონიან ადამიანებს. მაშინ ყველაზე მეტად შემეშინდა და ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე.
155 კილო ვიყავი. 90 კილო დავიკელი.
არ დავმალავ, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ მაინც მგონია, რომ საზოგადოებრივი აზრის გამო არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, თუ ძალიან ჩაუღრმავდები, მიხვდები - მაინც იმიტომ გინდა შენი თავის შეცვლა, რომ საზოგადოებას მოსწონდე და შენზე კარგი თქვას. ეს უნდა ვაღიაროთ.
მეც მინდოდა, ის ენრიკო წარსულში დარჩენილიყო.
როდის დგება ოპერაციის დრო?
როცა ადამიანს ჭარბი წონით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემა უჩნდება.
საქართველოში ბარიატრიულ ანუ კუჭის ოპერაციას სახელმწიფო აღარ აფინანსებს (ოპერაცია 11 500 ლარი ღირს), რადგან ის პლასტიკური ოპერაციების სიაშია.
საქართველოში ამ ოპერაციას უმეტესად ქალები იკეთებენ. საქართველოში წელიწადში, სულ დაახლოებით 400-მდე ასეთი ოპერაცია კეთდება.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% ჭარბწონიანია. მათგან კრიტიკულად ჭარბწონიანად ითვლება, დაახლოებით, 10% - 700-800 მლნ ადამიანი.
ასევე ნახეთ „სიგამხდრის ტირანია“ და სხეულის შიში: რევოლუციური წიგნი ქალების და საკუთარ თავთან დაბრუნების შესახებ