აშშ-ის მაღალი თანამდებობის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, რომელიც ირანთან ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მუშაობს, მოლაპარაკების ჯგუფის რიგები დატოვა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მაშინ, როცა შეთანხმების განახლების მცდელობა ძლიერდება.
რიჩარდ ნეფიუ "აღარ ასრულებს“ საგანგებო დესპანის მოადგილის მოვალეობას, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაში, რომელიც 24 იანვარს ელექტრონული ფოსტით გამოეგზავნა რადიო თავისუფლებას. ოფიციალურ პირს არ განუმარტავს ცვლილების მიზეზი. მან თქვა, რომ "ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საშინაო პოლიტიკის განხილვას დეტალებში“.
The Wall Street Journal ადრე იუწყებოდა, რომ ნეფიუმ დატოვა აშშ-ის მოლაპარაკების ჯგუფი შიგნით წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ. გაზეთის მიხედვით, მას უფრო ხისტი პოზიცია ჰქონდა მიმდინარე მოლაპარაკებებში.
ნეფიუს წასვლა მოლაპარაკების კრიტიკულ მომენტში მოხდა.
ირანმა ბირთვული პროგრამა შეთანხმებიდან 2018 წელს აშშ-ის გასვლის საპასუხოდ ეტაპობრივად მნიშვნელოვნად განავითარა და ურანის გამდიდრება გაზარდა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა პარტნიორებმა ცხადად თქვეს, რომ "ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება მალე შეუძლებელს გახდის ჩვენთვის შეთანხმებაში დაბრუნებას", - როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
"თუმცა, ჩვენ ჯერ ბოლომდე არ მიგვიღწევია ამ წერტილამდე და სანამ მივაღწევდეთ, ვაპირებთ, გავაგრძელოთ გადაუდებელი მოლაპარაკებები, რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას - ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA)“.