„თქვენ არ იქნებით მარტო“ - როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში

აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ კი სწორედ უკრაინულმა გემებმა და ვერტმფრენებმა გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს.

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოფრინდა და მიტინგზე შეკრებილ ხალხს უთხრა: „თქვენ არასდროს იქნებით მარტონი!“

ერთი ბედის ორი ქვეყანა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იხსენებს წარმოშობით ქართველ გენერალს ანატოლი კამკამიძეს, რომელიც 1992 წელს, ომის დროს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ანატოლი კამკამიძეს ჯერ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, შემდეგ - საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის.

აკია ბარბაქაძე

„შეიძლება ითქვას, რომ კამკამიძემ ჩაატარა 1993 წლის 16 მარტის წარმატებული ოპერაცია. ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ოპერაცია იყო სოხუმის დაცვის კუთხით. უკრაინელებმა დაგვანახეს, რომ ნამდვილი მოკავშირეები იყვნენ. ხშირად გვეხმარებოდნენ იარაღის შეძენაში, ტექნიკური პერსონალიც ხშირად ჩამოდიოდა უკრაინიდან. ომის მერეც უკრაინა ჩართული იყო ოფიცრების მომზადებაში. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს. ჩვენ შავი ზღვის მონაკვეთის გამხსნელი და ჩამკეტი ქვეყნები ვართ. ერთნაირად გვინდა ნატოში შესვლა, ერთნაირად გვინდა დემოკრატიის მშენებლობა. თუ გავიხსენებთ, 1921 წელს რუსეთმა საქართველოს გასაბჭოება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის გასაბჭოებას მორჩა“, - ამბობს აკია ბარბაქაძე.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს, უკრაინელები საქართველოს სამხედრო ძალითაც ეხმარებოდნენ, ტექნიკითაც და ჰუმანიტარული ტვირთითაც. დახმარება იყო როგორც სამთავრობო, ასევე მოხალისეობრივი.

გემები უკრაინიდან

ელგუჯა ადამიამ, გენერალ გენო ადამიას შვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული მხარე ფაქტობრივად ავტომატის ამარა იბრძოდა. ამის გამო ჰოსპიტალი დაჭრილებით გადაივსო. მათი ევაკუაცია მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი გემებით მოახერხეს. რუსულ-უკრაინული (მაშინ შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი) დიდი სადესანტო ხომალდები მოადგნენ ადგილებს, რომლებსაც სოხუმში „მაჭარკას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ ეძახდნენ. თითოეული გემი 15 ათას კაცს იტევდა. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები და ბევრი სხვაც, ვინც იმ დღეებში სოხუმს ტოვებდა.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც მაშინ აფხაზეთში იმყოფებოდა, იხსენებს:

ბაბუშერის აეროპორტი ჩაკეტილი იყო და ალყაში ვიყავით. სოხუმის დაცემის დღე იყო თუ მეორე დღე, აღარ მახსოვს, მაჭარკაში მდინარის პირას ჩავედით და ორი დიდი სამხედრო გემი მოადგა ნაპირს. ამ გემებიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდა, ჯარიც გადმოვიდა და დევნილების გაყვანაც დაიწყეს“.

როგორც ვაშლი ვაშლის ხიდან

ხალხი ბორბლებს ეჭიდებოდა, ვერტმფრენზე მობობღავდა. 3-4 მეტრის სიმაღლეზე ავფრინდებოდით, შემდეგ პილოტი ვერტმფრენს აჯანჯღარებდა და როგორც ვაშლები ცვივა ვაშლის ხიდან, ისე ცვიოდა ხალხი ვერტმფრენიდან“, - ასე იხსენებს აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უკრაინელი ბორტმექანიკოსი ვოლოდიმირ გარკუშა დოკუმენტურ ფილმში „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“.

ეს ფილმი აფხაზეთში უკრაინულ მისიაზეა გადაღებული. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთი 300 ათასამდე დევნილმა დატოვა. უმეტესი ნაწილი სვანეთის გზას დაადგა, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე, ყინვასა და თოვლში 120 ათასამდე ადამიანი მიდიოდა, ასამდე დევნილი იმ გზაზე დაიღუპა. მაშინ დევნილების გამოსაყვანად უკრაინამ 17 ვერტმფრენი გამოგზავნა. პილოტები ჰყვებიან, რომ ვერტმფრენი მხოლოდ 24 ადამიანის წონაზე იყო გათვლილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 40 კაცს სვამდნენ და შემდეგ ლოცულობდნენ, აეროპორტამდე მიეღწიათ.

აფხაზეთის ომის შემდეგ

ფილმის „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“ ჩვენება 2019 წელს საქართველოშიც მოეწყო, პრემიერაზე მფრინავებიც ჩამოვიდნენ.

როცა უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი ბავშვები, ქალები, მოხუცები დავინახეთ, რომლებიც გარდაუვალი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი, წამითაც არ დავფიქრებულვართ, რისკზე მივდიოდით და 24-ის ნაცვლად, გაცილებით მეტს ვსვამდით შვეულმფრენში, რადგან არ შეგვეძლო, უმწეო, განადგურებული დევნილები, გასაყინად გაგვემეტებინადა ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი“, - თქვა ჩვენების შემდეგ კაპიტანმა ოლეგ ტარჩევსკიმ.

1993 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა პილოტებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 300-მდე რეისი შეასრულეს. მათ სამშვიდობოს გაიყვანეს 8 ათასამდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომი - „ახლავე მოვდივარ

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ქვეყანა პარალიზებული იყო და დახმარებას ითხოვდა, პირველი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო.

„[მიშამ] სადილის შემდეგ დამირეკა. ჩვენ ყოველთვის დიდხანს ვლაპარაკობდით მიმდინარე მოვლენებზე, ახლა არც მომსალმებია. მესმის რეზონანსული ხმა. პირველი რეპლიკით შეიძლება იმსჯელო პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებაზე. ის ამბობს (ეს პირველი ფრაზაა): „ისინი მოდიან თბილისზე...“ ვეუბნები, „მიშა, დაიცა, დაიცა, რით შემიძლია დაგეხმარო?“, ის მპასუხობს: „ჩამოდი“, ვუთხარი: „ახლავე მოვდივარ“, - ჰყვება ვიქტორ იუშჩენკო თომა ჩაგელიშვილის ფილმში „აგვისტოს ომი“.

2008 წლის 12 აგვისტო

მალე ვიქტორ იუშჩენკო სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად თბილისში მრავალათასიან მიტინგზე იდგა და ხალხს მიმართავდა. ქვეყნების პირველი პირების დედაქალაქში ყოფნა გარანტია იყო, რომ სანამ ისინი იქ იყვნენ, რუსეთი თბილისს არ დაბომბავდა.

ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ, ძალიან გვინდოდა აქ ყოფნა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვიყოთ. ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ ვთქვათ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავისუფლები. ჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრი, რომ ქართველ, გაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ... თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“... - თქვა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.