რას ნიშნავს სტალინის დაბრუნება საჯარო სივრცეში?

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში დღემდე შეხვდებით „ძველი დროიდან“ შემორჩენილ სტალინის ქუჩას, ბიუსტსა თუ ძეგლს, რომლებსაც, ბოლო დროს, დაემატა პიროვნების კულტის განდიდების ტრადიციების დაცვით შესრულებული ახალი ნიმუშებიც. ერთი ასეთი ნიმუში, მემორიალური დაფის სახით, ძველ თბილისში, ბოტანიკურის ქუჩის ერთ-ერთი სახლის ეზოს კედელზეა დამაგრებული. „1905-1907 წლებში ამ სახლში ცხოვრობდა და რუსეთის მეფის ჟანდარმერიას ემალებოდა რევოლუციონერი ი.ბ. სტალინი“, - ამ შინაარსის ინფორმაციას აწვდის კანონის დარღვევით გაკეთებული ეს აბრა როგორც თბილისელებს, ასევე თბილისის ასობით ათას სტუმარს, თუმცა, კანონთან შეუსაბამობის გარდა, ამ აბრას სხვა სამარცხვინო ხინჯიც აქვს.

სტალინი ბოტანიკურის ქუჩაზე

იოსებ სტალინის მემორიალური დაფა ბოტანიკურის ქუჩის ბოლოში საქართველოს პარლმენტის ყოფილმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა შეამჩნია და გადაიღო.

„რუსული პროპაგანდის მორიგი წარმატება - სტალინის ახალთახალი დაფა თბილისში. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სტალინის 10 ახალი ძეგლი დაიდგა“, - ასეთი ტექსტი დაურთო გიორგი კანდელაკმა ფოტოს, რომელზეც ბელადის პროფილის ბარელიეფს სამ ენაზე შესრულებული ტექსტიც ახლავს. ამასთან, „რატომღაც“, რუსულადაც და ინგლისურადაც სტალინის მამის სახელი შეცდომით ბესარიონად არის გადატანილი, ნაცვლად Виссарион-Vissarion-ისა.

სტალინი ბოტანიკურის ქუჩაზე

„ეტყობა, რომ ბარელიეფი ძველია, მაგარამ აშკარად განახლებულს ჰგავს, ინგლისური ტექსტიც ახალი დამატებული უნდა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კანდელაკმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ, სულ ცოტა, ათი წელი მაინც იქნება, რაც სტალინის ეს დაფა პირველად შეამჩნია.

„ბოტანიკურის N19 ან N21-ია. ქუჩიდან პატარა ეზოში შედიხარ, სადაც სახლის კედელზეა მიმაგრებული. საჯარო სივრცეა ეს თუ - კერძო, გადაწყვეტილება მერიამ ან რომელიმე საქალაქო სამსახურმა უნდა მიიღოს. რაც უნდა ვთქვათ, მაინც ერთ-ერთი დატვირთული ქუჩის ფასადია, შესაბამისად, სჭირდება მერიის ნებართვა და ფორმის და ტექსტის შეთანხმება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეცდომებით არის სავსე ტექსტი“, - უთხრა ანტონ ვაჭარაძემ რადიო თავისუფლებას.

თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ამგვარ მემორიალურ დაფაზე ნაბართვა არ გაცემულა.

„მოკვლევა დაწყებული აქვს თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას. თუ კერძო სივრცე არ არის, უკანონოდ დამაგრებულ დაფას აუცილებლად მოხსნიან, თუმცა ბოტანიკურის ქუჩაზე გამომავალი არცერთი შენობის კედელზე ასეთი დაფა არ არის“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრესსამსახურში.

სტალინის მონატრება თუ რუსული რბილი ძალის შედეგი?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მასტაბით, სტალინის 10-მდე ძეგლი დაიდგა.

„მუხრანი, ალვანი, გორი, აკურა, ლანჩხუთი და ა.შ. - ასეთია სტალინის ძეგლების ახალი გეოგრაფია. კერძო სივრცეებშიც დაიდგა, მაგალითად, ზესტაფონში ერთმა ბიზნესმენმა თავისი ფაბრიკის ეზოში აღმართა, გრიშა ონიანს აქვს მუზეუმი გაკეთებული საგურამოში... ანუ ძეგლები დადგეს როგორც საჯარო (მაგალითად, სოფლის ცენტრებში, შინმოუსვლელთა მემორიალებთან), ასე კერძო სივრცეში“, - უთხრა ანტონ ვაჭარაძემ რადიო თავისუფლებას.

ანტონ ვაჭარაძე

2012 წლამდე საქართველოს მთავრობა ენერგიულად და, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად რადიკალურადაც ატარებდა მეხსიერების პოლიტიკას. საბჭოთასიმბოლიკიან ყველანაირ გამოსახულებას ხსნიდნენ ლამის ყველა შენობიდან, რისი თვალსაჩინო მაგალითია ორთაჭალჰესის შენობიდან საბჭოთა ბარელიეფების ამომტვრევა.

სტალინის ძეგლი გორში. 2009 წ. 21 დეკემბერი (აიღეს 2010 წლის 25 ივნისს)

„2012 წელს საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაიწყო ბიუსტებისა და ძეგლების ხელახლა აღმართვა. ცალკე ამბავია, რომ არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან კანონის დაცვის ეფექტური კონტროლი, რაც ამ ადამიანებს მოქმედების საშუალებას აძლევს, თუმცა ვიცით, რომ თელავისა და აკურის შემთხვევაში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა რამდენიმე დღეში აიღეს ძეგლები. ალვანში ასაკიანი ხალხი იცავს სტალინის ძეგლს, ამის გამო ვერ იღებენ“, - ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

გიორგი კანდელაკი კი ფიქრობს, რომ ერთნაირად შემაშფოთებელია როგორც კერძო თუ საჯარო სივრცეში სტალინის გამოსახულებების დაბრუნება, ასევე სტალინისადმი შეცვლილი დამოკიდებულება.

სტალინის შეღებილი ძეგლი თელავში 2013 წ.

„სტალინის ძეგლებისა თუ მემორიალური დაფების დაბრუნება რუსული დეზინფორმაციის გამაოგნებელ წარმატებაზე მიუთითებს. რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის გრძელვადიანი ამოცანაა საქართველოში, რომ მოხდეს სტალინის ინტეგრირება ქართულ ნაციონალიზმში, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა, ჩვენმა მოქალაქემ დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სტალინი არის ცოტათი მაინც საამაყო, რომ ამდენს მიაღწია, ასეთი ძალაუფლება ჰქონდა და ა.შ. სტალინის ამდენი ძეგლი რომ გაჩნდა, ეს ანარეკლია რუსული პროპაგანდის წარმატებისა. ჩვენი სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, თანამონაწილედ და ხელის შემწყობად გვევლინება ამ პროპაგანდისა. ეკლესიის დიდი ნაწილიც, უმაღლესი მღვდელმთავრების ჩათვლით, ასევე ქება-დიდებას ასხამს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დამსამარებელს“, - ამბობს გიორგი კანდელაკი.

გიორგი კანდელაკი

„კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის“ (CRRC) -ის მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობის 29%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ, ხოლო დაახლოებით 22 %-ს უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი, რაც ჯამში მოსახლეობის ნახევარზე მეტია. 40%-ს მიაჩნია, რომ სტალინი იყო მორწმუნე, 40%-ს კი სტალინის შესახებ ოჯახში და სკოლაში ან კარგი, ან მეტწილად დადებითი სმენია, რაც, გიორგი კანდელაკის თქმით, სრული კატასტროფაა:

„კატასტროფაა, რადგან, თუ ადამიანი დაიჯერებს, რომ სტალინი არის ოდნავ მაინც საამაყო, ასეთი ადამიანი თანამედროვეობის შესახებ ნებისმიერ სისულელესაც დაიჯერებს. სტალინი არ არის წარსულში მომხდარი უბრალოდ საინტერესო ისტორიული ამბის პერსონაჟი, სტალინს რუსული პროპაგანდა უყურებს როგორც ერთგვარ პოლიტიკურ კაპიტალს, სამშენებლო მასალას, რომლის (სტალინის) ირგვლივ შეიძლება ბევრი სხვა რამის დაშენება პროპაგანდისტულად. თუ დავაკვირდებით, ანტიდასავლური დაჯგუფებების შემკრები დროშაც სტალინია - ვითომ პატრიოტიზმის სიმბოლო, რომელიც კრებს ამ ანტიდასავლურ, ვითომ ქართულ ნაციონალიზმს“.

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანიც დარწმუნებულია, რომ სტალინის ამგვარი დაბრუნება დიდი პროცესის ნაწილია.

სტალინის ძეგლი. 2012 წ. 1 ოქტომბერი

„ეს არის რუსული რბილი ძალის მოქმედების პირდაპირი შედეგი. ვხედავთ, რაც ხდება რუსეთში, როგორ მიდის კონსოლიდაცია ტოტალიტარიზმის გარშემო, როგორი დატვირთვა აქვს ისტორიას, საბჭოთა წარსულის განდიდებას და გაკეთილშობილებას. ეს არის ამ პროცესის ანარეკლი. ჩვენთანაც მიდის პარალელური პროცესი“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.

მეხსიერების პოლიტიკის გარეშე

2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი - „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზანი იყო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა. შესაბამისად, სტალინის ძეგლების და მემორიალური დაფების მონტაჟი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

„თავისუფლების ქარტია“ დღევანდელ მმართველ პარტიას მემკვიდრეობით ერგო, საკუთრივ „ქართული ოცნების“ „მეხსიერების პოლიტიკა“ კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, სწორედ მეხსიერების პოლიტიკა განსაზღვრავს იმას, ვის იხსენებს სახელმწიფო და ვის არა, ვის უდგამს ძეგლს, ვის სახელს არქმევს ქუჩას, ვის მემორიალურ დაფას აკეთებს და ასე შემდეგ.

ზაალ ანდრონიკაშვილი

„საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ თუნდაც მხოლოდ რევოლუციების ისტორია რომ ავიღოთ, არ გვაქვს, მაგალითად, ნოე ჟორდანიას ან ბენია ჩხიკვიშვილის აბრა. სახელმწიფო არ იხსენებს და ახსენებს უამრავ სოციალ-დემოკრატს ან სოციალ-ფედერალისტს ან, გნებავთ, ეროვნულ-დემოკრატს. მთლად უბრალო ხალხზეც არ არის ლაპარაკი, მაგალითად, ჟორდანია, მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მეთაური იყო, ხოლო ბენია ჩხიკვიშვილი თბილისის მერი. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჩაგვძახებდნენ (ლავრენტი ბერიას წიგნის შემდეგ რევოლუციური ბრძოლის შესახებ ამიერკავკასიაში), რომ ქართველების როლი რევოლუციაში იწყება და მთავრდება სტალინით. არ არის ეს ასე. ამიერკავკასიაში ბოლშევიკების რევოლუციური როლი იყო მინიმალური და თუ რევოლუციას ვიხსენებთ, ვინც გასახსენებელია, პირველ რიგში ის ხალხი გავიხსენოთ. ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ იმავე საკითხს: სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა გახსენება სულ რამდენიმე წლის საქმეა და ჯერ წესიერად არც დაწყებულა“, - დაწერა ზაალ ანდრონიკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე.

ბენია ჩხიკვიშვილი

ანტონ ვაჭარაძე კი იხსენებს, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა IDFI-ის საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწისა და პარლამენტის თავმჯდომარის, კარლო ჩხეიძის მემორიალური დაფის დასამაგრებლად ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის №4 სახლის ფასადზე, რისთვისაც თბილისის მერიას 2019 წლის 4 აპრილს მიმართეს.

„ერთწლიანი პროცედურები დაგვჭირდა, ნოტარიული დამოწმებები, შენობაში მცხოვრებთა ამხანაგობის კრების ოქმი და ა.შ.“, - ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

კარლო ჩხეიძის მემორიალური დაფა

თბილისში შენობის ფასადზე მემორიალური ნიშნის დამაგრების ბიუროკრატიულ სირთულეებზე ლაპარაკობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანიც, რომლის თქმითაც, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის - „უკანასკნელი მისამართის“ ფირფიტები არავითარ შემთხვევაში არ არის მემორიალური დაფა, თუმცა თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა იგი მაინც მემორიალურ დაფად განიხილა და, რომ იტყვიან, „გაჭედა პროცესი“.

"უკანასკნელი მისამართის" ნიშანი რუსთაველის ქ. 37

„ითხოვდნენ ყველაფრის უკიდურესად დოკუმენტირებას. განსაკუთრებით რთულად არის ხოლმე საქმე, როცა შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საჭიროა ნახაზის, მაცხოვრებლთა თანხმობის დოკუმენტაციის წარდგენა, საჭიროა არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, ხომ არ ამახინჯებს ფასადს, მერე გადაეცემა ეს ყოველივე მერიის სახელდების კომისიას, რომელიც ხშირად არ იკრიბება... ანუ უზარმაზარი ბიუროკრატიაა. ბოტანიკურის ქუჩაზე კი ვხედავათ, ან თვითნებურად გააკეთა ვიღაცამ, ან ყველა ეს პროცედურა გაიარა. ისეთი ტერიტორია და ზონაა, რომ იქ ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობაა. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს მაღალი წარმოდგენა მერიის სამსახურებზე, არ მგონია, რომ სტალინის ამგვარი მემორიალური დაფა გაეტარებინათ. ვფიქრობ, თვითნებობასთან გვაქვს საქმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ხვადაგიანმა, რომელსაც არაფერი სმენია სტალინის კავშირზე ბოტანიკურის ქუჩის რომელიმე სახლთან.

ირაკლი ხვადაგიანი

„საბჭოთა პერიოდში გადაჭრელებული იყო პროპაგანდისტული გამოცემები ასეთი თვითნაბადი მოგონებებით: აქ იბრძოდა, იქ იმალებოდა, ეს გააკეთა და ა.შ. - უმეტესი მათგანი სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამებოდა და პიროვნების კულტის გამოვლინების ნიმუში იყო... თითზე ჩამოსათვლელია შენობები, რომლებთან მართლა მჭიდრო და საფუძვლიანი კავშირი აქვს და რამე ტიპის ამბავი უკავშირდება... ეს ყველაფერი არის პიროვნების კულტის შემადგენელი ნაწილი. ასეთი მემორიალიზაცია ნამდვილი თუ გამოგონილი ადგილების, სტალინის პიროვნების კულტის ჩამოყალიბების დროს დაიწყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, რომლის თქმითაც, ისტორიული ადგილის მონიშვნა, ცხადია, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა „აუცილებელია, ტოტალიტარიზმის სიმბოლოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ავტორის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს ისე, რომ არ იყოს მანიფესტირებული პიროვნების კულტის ტრადიციებში“.