სავარაუდოდ, საცოლედ მოტაცებული 14 წლის გოგოს ბედი ბუნდოვანია

დაახლოებით 2 თვის წინ, პირველ დეკემბერს, კახეთის სოფელ იორმუღანლოში 14 წლის გოგო გამზრდელი ბებიის სახლიდან გაუჩინარდა. ბებია ამტკიცებს, რომ ბავშვი ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს, თუმცა სახელმწიფოს მისი არ სჯერა. თითქმის ორი თვეა, ბუნდოვანი რჩება, სად და ვისთან ცხოვრობს არასრულწლოვანი.

გოგოს მშობლები, ისევე, როგორც იორმუღანლოს მოსახლეობის უმრავლესობა, მესაქონლეები არიან და სოფლისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ფერმაში ცხოვრობენ. ბავშვი კი წლებია, ბებიის სახლში იზრდებოდა, ბიძასთან, ბიცოლასა და ბიძაშვილებთან ერთად. სოფლის სკოლაშიც აქედან დადიოდა.

წერია, რომ ბავშვი „მარიამის სახლშია“ და ეს „მარიამი“ მამის ნათესავია. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ „მარიამი“ იმ ბიჭის [გამტაცებლის] ბებიაცაა. სოფელში ყველა ერთმანეთის ნათესავია...

ჯერ კიდევ 23 დეკემბერს იორმუღანლოში რადიო თავისუფლებას ბავშვის ბებიამ და სხვა ნათესავებმა გოგოს გაუჩინარების ისტორია აღუწერეს. 1 დეკემბერს ბავშვი სახლში ბიცოლასთან ერთად იყო. ქალი რამდენიმე წუთით შეშის მოსატანად გავიდა, უკან დაბრუნებულს გოგო სახლში აღარ დახვდა.

ბებიის მტკიცებით, 14 წლის გოგო 22 წლის თანასოფლელმა კაცმა მოიტაცა, დაოჯახების მიზნით. მისივე თქმით, გოგო ჯერ კიდევ 11 წლის იქნებოდა, როდესაც სოფელში, სუფრაზე, მამის თანხმობით, არაფორმალურად საცოლედ დანიშნეს. გამზრდელი ბებია კი ქორწინების წინააღმდეგი იყო.

„განათლების მიღება უნდოდა! შეგიძლიათ სკოლაშიც იკითხოთ, ყველაზე ბეჯითი ბავშვი იყო! მე ვარ პასუხისმგებელი ამ ბავშვზე!“ - ტირილით ჰყვებოდა ბებია რადიო თავისუფლებასთან.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ 14 წლის გოგოს 2021 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სკოლაში არ უვლია. სკოლის დირექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვის დამრიგებელი სამჯერ იყო მისული გამზრდელ ბებიასთან, თუმცა დაპირების მიუხედავად, ბავშვი სკოლაში არ დაბრუნებულა.

ნათესავების თქმით ბოლო ერთი სემესტრი გოგო სკოლაში იმიტომ არ მიდიოდა, რომ გამტაცებელი კაცი სისტემატიურად ედევნებოდა. ნათესავბი იმასაც ამტკიცევებნ, რომ გოგო გაკვეთილებს დისტანციურად, ონლაინ ესწრებოდა და მიზეზი სკოლაშიც იცოდნენ.

გოგოს გაუჩინარებისთანავე ოჯახმა პოლიციას შეატყობინა, თუმცა ბავშვი ბებიის სახლში აღარ დაუბრუნებიათ.

ოჯახმა დახმარება თანასოფლელ, ქალთა უფლებათა აქტივისტს, თოზუ გულმამედლის სთხოვა. საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი. დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

თუმცა გაუჩინარებიდან თითქმის ორი თვის თავზეც გოგო ბებიას და ნათესავებს აღარ უნახავთ.

„თარჯიმნები, ძირითადად, არიან კაცები. არასრულწლოვანი გოგო 40 წლის კაცთან როგორ უნდა გაიხსნას, მით უმეტეს, ადგილობრივთან?! გოგომ იცის, რომ თუ რამეს იტყვის, ყველა გაიგებს ამას...

თოზუ გულმამედლი, ადგილობრივებთან საუბრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დარწმუნებულია, ბავშვი დაოჯახების მიზნითაა მოტაცებული.

სოციალური მუშაკი კი ამტკიცებს, რომ ამჟამად ქორწინების ფაქტი არ დასტურდება და მონიტორინგის მიზნით, გოგოსთან „ხშირად“ ჩადიან.

„სოცმუშაკის ანგარიშში წერია, რომ თითქოს იმის გამო, რომ იორმუღანლოში საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, დროებით, სანამ სახლს იქირავებენ, გოგო ნათესავთან რჩება, მშობლები კი - ფერმაში“, - ამბობს თოზუ და განაგრძობს: „წერია, რომ ბავშვი „მარიამის სახლშია“ და ეს „მარიამი“ მამის ნათესავია. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ „მარიამი“ იმ ბიჭის [გამტაცებლის] ბებიაცაა“.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე ქორწინება იკრძალება, დაუშვებელია 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირიც. თოზუ ფიქრობს, რომ გამტაცებელი ცდილობს კანონს გვერდი აუაროს და გატაცების დამალვის მიზნით გოგო ბებიის სახლში მიიყვანა.

გოგოს თანხმობის არარსებობის პირობებში, სექსუალური კავშირის დამყარებაზე ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.

თოზუს თქმით, შესაძლოა, სოციალური მუშაკი ვერ შედის სრულყოფილ კომუნიკაციაში ბავშვთან, მათ შორის, ენის ბარიერის გამო.

ბებია სხვა რაღაცას ამბობს, სოცმუშაკი - სხვას. სამართლებრივად ვერაფერს ვაკეთებთ...

„თარჯიმნები, ძირითადად, არიან კაცები. არასრულწლოვანი გოგო 40 წლის კაცთან როგორ უნდა გაიხსნას, მით უმეტეს, ადგილობრივთან?! გოგომ იცის, რომ თუ რამეს იტყვის, ყველა გაიგებს ამას“, - ამბობს თოზუ და ამატებს, რომ, როგორც წესი, ორი-სამი დღის შემდეგ, გოგოებმა შეუძლებელია აღიარონ, რომ მოიტაცეს. ასეთ ასაკში, რამდენიმე საათიც საკმარისია ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ თარჯიმანი ადგილობრივი არ არის და ბავშვთან კომუნიკაციის პრობლემა არ დგას.

„ბებია სხვა რაღაცას ამბობს, სოცმუშაკი - სხვას“, - ამბობს თოზუ და ამატებს: „სამართლებრივად ვერაფერს ვაკეთებთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ, რომ ჩართული არიან საქმეში, თუმცა დამატებითი დეტალები აპარატისგან არ მიგვიღია.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგო სკოლაში ზამთრის არდადეგების შემდეგაც არ დაბრუნებულა. წინა კვირას კი სკოლაში მისულმა მამამ ადმინისტრაციას უთხრა, რომ ბავშვი თავისთან ფერმაში მიყავს და შვილის სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა მოითხოვა.