თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, საჯარო პირები.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, აქციაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში დღეს მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელის, თითოეული ქართველის, უკრაინის თითოეული მხარდამჭერის ხმა. ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებით მადლიერია ქართველი ხალხის, თქვენი სოლიდარობისთვის. დღეს თქვენი მოსვლა და ყოფნა აქ [უკრაინის საელჩოსთან] დემონსტრირებაა ქართველი ხალხის შეუქცევადი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მისამართით... საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“, - აღნიშნა კასიანოვმა.
მანამდე, 21 იანვარს, მოძრაობა „სირცხვილია“-მ ღია წერილით მიმართავს საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს.
„თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიოს მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”, - აღნიშნული იყო წერილში.
აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის მხარდაჭერას გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის მისამართით, რომელიც ახლა რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
აქციის მონაწილეები იხსენებდნენ 2008 წლის ომის დღეებს, როდესაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან ერთად, თბილისში სოცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა.
„ეს კრიზისი არ არის მხოლოდ უკრაინის. ეს კრიზისი არის უკრაინის, საქართველოს და მთელი რეგიონის კრიზისი... რუსეთი ამბობს, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, იყოს ჩემი უპირობო კონტროლის ქვეშ... ამიტომ დღეს ეს არის არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ ამ მსოფლიო გადანაწილების პროცესში თქმა იმისა - თუ სად ვართ ჩვენ - იქ, სადაც არის წარსული და ძალადობა, თუ სადაც არის საერთაშორისო სამართალი, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.
ხშირად ამბობენ, რომ [საქართველოს] ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, თითქოს ეზარება. ყველაზე მინიმუმ, ალბათ უკვირდებიან - აბა, რომელი მოერევა და თუ რუსეთი მოერევა, ვიქნებით რუსეთის ნაწილი... ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ, მიუხედავად ჩვენთვის არალეგიტიმური ხელისუფლების ასე მოქცევისა, ჩვენ არ ვდგავართ ისტორიის არასწორ მხარეს, საითაც გვექაჩება რუსეთი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა.
სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას. ჯერჯერობით უშედეგოა მრავალეტაპიანი დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთის ქვეყნები აფრთხილებენ რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გარდაუვალი "სერიოზული საფასურის" გადახდა. აშშ რუსეთს ჯერ არნახული სანქციებით ემუქრება.