პოლიტიკური მრჩევლები უკრაინის საკითხზე პარიზში გამართავენ ოთხმხრივ შეხვედრას

25 იანვარს პოლიტიკური მრჩევლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან "ნორმანდიულ ფორმატში", პარიზში გამართავენ შეხვედრას აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე - იუწყება სააგენტო როიტერსი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტო წერს, რომ პარიზში შეხვედრის დანიშვნა დაადასტურა, თუმცა თარიღად 26 იანვარი დაასახელა მიხაილო პოდოლიაკმაც - მოლაპარაკებებზე უკრაინის მთავარი წარმომადგენლის, ანდრიუ იარმაკის მრჩეველმაც.

დაგეგმილი მოლაპარაკების ფონია დასავლეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ზრდა უკრაინის საკითხის გარშემო.

დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებული არიან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით და აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი მძიმე ეკონომიკურ საფასურს გადაიხდის. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას, თუმცა აშშ-სგან და ნატოსგან მოითხოვს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გარანტიების მიღებას უსაფრთხოების სფეროში.

ოთხმხრივი "ნორმანდიული ფორმატის" სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზანია დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მთავრობასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირებმა კოლაფსი განიცადა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დონბასის რეგიონში ტერიტორიებზე დაამყარეს კონტროლი.