აშშ-მა რუსეთს სთხოვა, არ გამოაქვეყნოს მის მოთხოვნებზე ვაშინგტონის პასუხის ყველა დეტალი

ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვის შეხვედრა ჟენევაში.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სთხოვა, არ გამოაქვეყნოს რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხის სრული ტექსტი. ამის შესახებ შაბათს იტყობინებოდა გაზეთი Washington Post-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით. მისი თქმით, კრემლმა შესაძლოა არ დააკმაყოფილოს ეს თხოვნა და აშშ-ის სურვილის მიუხედავად მაინც გამოაქვეყნოს დოკუმენტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ მისი გამოქვეყნება „სწორი“ იქნებოდა.

იმის თაობაზე, რომ წერილობით პასუხს გასცემენ რუსეთის მოთხოვნებს, რომელთა უდიდესი ნაწილი აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ფაქტობრივად უკვე უარყვეს, გუშინ განაცხადეს ჟენევაში შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მოსკოვი დაჟინებით ითხოვს წერილობით პასუხს.

როგორც Washington Post-ი წერს, დოკუმენტში, რომელსაც შაბათ-კვირას განიხილავენ ვაშინგტონში, ორშაბათს კი, როგორც მოსალოდნელია, აშშ მასზე ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად იმსჯელებს, შეიტანენ ასევე საპასუხო წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე. მათ შორის ჩამოთვლილი იქნება სფეროები, რომლებშიც შესაძლებელია დიალოგი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დოკუმენტში შევა უარი რუსეთის მოთხოვნებზე, რომ შეწყდეს ნატოს გაფართოება და მასში არ იქნეს მიღებული უკრაინა.