რამზან კადიროვი საჯაროდ დაემუქრა იანგულბაევების ოჯახს

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევის დედას, ჩეჩნეთში ძალადობრივად ჩაყვანილ ზარემა მუსაევას და მის ოჯახს „ჩეჩნეთში ან ციხეში ელოდება ადგილი, ან მიწაში“.

კადიროვი ამტკიცებს, რომ მუსაევა, რომელიც გროზნოში პარასკევს ჩაიყვანეს, თითქოს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და „ლამის თვალი ამოთხარა“. ამ ქმედებით, ჩეჩნეთის ლიდერის აზრით, უფლებადამცველის დედამ პატიმრობის რეალური ვადა დაიმსახურა.

20 იანვარს ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა ზარემა და საიდ იანგულბაევების, ჩეჩნეთის სასამართლოში მოწმეების სტატუსით დაკითხვაზე მიყვანის უფლებას. ვინაიდან მოსამართლის სტატუსის გამო საიდ იანგულბაევი ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე მხოლოდ ზარემა მუსაევა წაიყვანეს. ამასთან, სოციალური მედიის ცნობით, პოლიციელებმა ცოლ-ქმრის გარდა სცემეს ყველას, ვინც ბინაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტელეგრამის არხით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მესაევა ჩეჩნეთის უფლებადამცველთან საუბარში ამტკიცებს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია მის წინააღმდეგ ძალა და მას დიაბეტის წამალიც კი უყიდეს.


ზამირა მუსაევას ვაჟი, იურისტი აბუბაქარ იანგულბაევი, რუსეთში უცხოეთის აგენტად მიჩნეულ ორგანიზაცია „წამების საწინააღმდეგო კომიტეტში“ მუშაობს, იგი ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარს მიიჩნევს გატაცებად და აღნიშნავს, რომ მისი დედა ჩეჩნეთში წაიყვანეს, როგორც მოწმე კრედიტების თაღლითობის საქმეზე, რომლის შესახებ არც მან, არც მისმა მეუღლემ და არც შვილმა არაფერი იცოდნენ.