აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ჩავიდა. ამავდროულად, ვრცელდება 19 იანვარს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელიც გვიჩვენებს უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციასა და წვრთნებს. ბევრი შიშობს, რომ ეს რუსული იერიშის საწინდარია.
19 იანვარი, კლიმოვო - ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანები. კლიმოვოს სამხედრო საცავი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია.
19 იანვარი, იელნია - რუსული დანაყოფების კარვები და საცხოვრებელი სივრცე. ამავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრიტიკის სამიზნე გახდა განცხადების გამო, რომელშიც იგი თითქოსდა განასხვავებდა რუსული ძალების პოტენციურ „მცირე“ და „დიდ შეჭრას“ უკრაინაში.
19 იანვარი, იელნია - რუსული ტანკები და საარტილერიო დამხმარე აღჭურვილობა, რომელთა ნაწილიც აშკარად ახლახან გამოიყენებოდა. თეთრი სახლი მოგვიანებით ცდილობდა განემარტა აშშ-ის პრეზიდენტის 19 იანვრის კომენტარი, მათი თქმით: „თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადალახავენ უკრაინის საზღვრებს, ეს ჩაითვლება უკრაინის ტერიტორიაზე განახლებულ შეჭრად და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“.
19 იანვარი, კლიმოვო - სამხედრო აღჭურვილობის საცავი. ამავე ადგილზე Google Map-ის ადრინდელი ფოტოები აშკარად ასახავს, რომ აღჭურვილობის რაოდენობამ მასობრივად იმატა.
19 იანვარი, კლიმოვო - სამხედრო ტექნიკა რკინიგზის სადგურის ეზოში. ბოლოდროინდელი ვიდეოები ცხადად ასახავს, თუ როგორ გადააქვთ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა სარკინიგზო ტრანსპორტით დასავლეთ რუსეთში.
19 იანვარი - რუსული სადაზვერვო და თავდასხმის შვეულმფრენი კა-52 „ალიგატორი“, რომელიც დაფრინავდა დაუზუსტებელ ადგილას რუსეთის როსტოვის ოლქში. ეს სურათები გადაღებულია დამოუკიდებელი ფოტოგრაფის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, რუსულ სამხედრო ბაზაზე შეუშვეს, შემდგომ კი ეს კადრები Reuters-მა გაავრცელა.
19 იანვარი - იმავე ფოტოგრაფმა კამენსკ-შახტინსკის საწვრთნელ მოედანზე რუსი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნები გადაიღო.
19 იანვარი - სამხედრო პილოტი კა-52 ვერტმფრენის კაბინაში, ფრენის ტესტირებისას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს მართავს ევროპელ მოკავშირეებთან, საყოველთაო შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ძალიან მოკლე დროში“ შეიჭრას. მოსკოვი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის რაიმე გეგმას და ნატოს ადანაშაულებს - რუსეთში ფიქრობენ, რომ უკრაინის ალიანსის წევრად მიღებასა და იქ შეტევითი იარაღის განთავსებას აპირებენ.