შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს - ხელოვნებათმცოდნე მაკო [მაია] მაჭარაშვილს, რომელიც მუზეუმში 2010 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების ბრძანება დღეს მიუვიდა. მისი თქმით, რეორგანიზაციის დასაწყისში, მუზეუმის დირექტორთან, ნიკა ახალბედაშვილთან და მის მოადგილესთან, გია მარსაგიშვილთან გასაუბრების დროს მას ჰკითხეს პეტიციის შესახებ, რომლსაც ხელს აწერდა. ამ პეტიციით მოქალაქეები ითხოვნენ მუზეუმთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას და რეაბილიტაციის პროცესში პროფესიონალების ჩართულობას. მაკო მაჭარაშვილი ფერწერისა და გრაფიკის ფონდში მუშაობდა. ამ ფონდის კურატორი, ნინო ხუნდაძე 13 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან.
"ამ თაობის ერთადერთი წარმომადგენელი იყო დარჩენილი მუზეუმში და ისიც აღარ არის. ის იყო ასევე ბოლო ადამიანი, ვინც იყო ეროვნული მუზეუმის გუნდის წევრი. მაკო არის პეტიციების ხელმომწერი და მასთან გასაუბრებისას სხვა არაფერი აინტერესებდათ, გარდა იმისა, რატომ აწერდა ხელს პეტიციებს" - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა კიკნაძემ, ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა.
ასევე ნახეთ რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩებაკულტურის სამინისტრომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა, 15 იანვარს გაავრცელა. ამ განცხადებას წინ უძღოდა მუზეუმის კურატორების გათავისუფლება სამსახურიდან 13 და 14 იანვარს. ხელოვნების მუზეუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ისტორიული შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული, "არარენტაბელურია". მინისტრის ბრძანებითვე, ხელოვნების მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე" იმყოფება 2021 წლის ზაფხულიდან. ამ დროიდან დღემდე სამსახურიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი მეცნიერი. მათი უმეტესობა თვლის, რომ სამსახური ახალ მენეჯმენტთან მიუღებელი მოსაზრებების გამო დაკარგეს.
ასევე ნახეთ ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”