აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბერლინში ჩავიდა უკრაინის გამო კონფლიქტის განსახილველად

ენტონი ბლინკენი კიევში, 2022 წლის 19 იანვარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბერლინში 20 იანვარს ხვდება თავის კოლეგა ანალენა ბერბოკს. ვიზიტის ფონზე მიმდინარეობს დიპლომატიური მცდელობები უკრაინის გამო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

21 იანვრისთვის დაგეგმილია ბლინკენის ჟენევაში ჩასვლა, სადაც ის რუსეთის სგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

ბლინკენი ევროპის ქვეყნებს ეწვია 19 იანვარს უკრაინის გამო რუსეთთან მზარდი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკების გასამართად.

კიევში ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

კიევში ზელენსკისთან შეხვედრაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი: თუკი ის მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გადაწყვეტს, მას ძალიან მკვეთრი პასუხი ელის არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან, არამედ დასავლელი მოკავშირეებისგანაც.

ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე ბლინკენი კიევში შეხვდა ამერიკელ დიპლომატებს. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა შეიძლება ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მოსკოვი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუჭერს მხარს. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კრემლის სურვილი, თქვა ბლინკენმა.

აშშ და მისი ნატოელი პარტნიორი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის, ასი ათასამდე სამხედროს თავმოყრის გამო, რაც უკრაინაში შეჭრის სამზადისი შეიძლება იყოს. რუსეთი უარყოფს, რომ ასეთი განზრახვა აქვს.

ბერლინში ბლინკენთან შეხვედრამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბარს აპირებდა ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან.

ბლინკენის მხრიდან კომპრომისების გამონახვის მორიგი მცდელობა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება ჟენევაში.