წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს, 20 იანვარს მეექვსე შეკრებაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ოპოზიციის მიერ სხდომაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, პარტია “საქართველოსთვის” წევრს კორნელი სალიას კანდიდატურას მხარი ისევ ოპოზიციამ დაუჭირა. ის 14 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა “ქართულმა ოცნება”, თუმცა პარტიის წარმომადგენლები სხდომას ესწრებოდნენ.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიციას, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, “ნაციონალური მოძრაობასთან” "წარმატებული გაერთიანება" მიულოცეს.

ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, წალენჯიხელების ინტერესების გათვალისწინებით კონსტრუქციულად იმუშავებს ყველა პარტიასთან, მათ შორის “ქართულ ოცნებასთან”. კორნელი სალიას თქმით, ახლა უმთავრესია მუნიციპალიტეტი გამოვიდეს კრიზისიდან და საკრებულომ მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი დროულად.

კენჭისყრას წინ მცირე დაპირისპირება უძღოდა დეპუტატებს შორის. ენმ-ის წევრების განცხადებით, არ სურთ მმართველ პარტიას ჰქონდეს რაიმე თანამდებობა საკრებულოში. ამ განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, საკრებულოში უმრავლესობა არც ენმ-ს აქვს. შესაბამისად, ეს საკითხი არ არის მათი გადასაწყვეტი.

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.