ბლინკენი: ვლადიმირ პუტინმა თავად დააჩქარა ნატოს გაძლიერება

ენტონი ბლინკენი

რუსეთის პრეზიდენატმა ვლადიმირ პუტინმა თავად დააჩქარა ნატოს გაძლიერება, თუმცა თქვა, რომ ცდილობს ამის თავიდან აცილებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, ნატო იძულებული გახდა, გაეძლიერებინა თავისი ძალები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს.

ბლინკენმა ინტერვიუში ისაუბრა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლის თემაა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბული ვითარება და ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ნატოსგან ითხოვს რუსეთი საზღვარზე ვითარების გამწვავების ფონზე.

მოსკოვი ითხოვს, შეწყდეს ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო საქმიანობა რუსეთის საზღვრების მახლობლად. ნატოში უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა ბლინკენმა, ვაშინგტონი ჯერჯერობით ვერ ხედავს, რომ კრემლი თავის პოზიციას ცვლიდეს. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს უკრაინის მახლობლად ჯარების თავმოყრას.

„მეორე მხრივ, მოლაპარაკებების ფაქტი აჩვენებს, რომ დიპლომატია რეალურ ვარიანტად რჩება. ჩვენ ამ გზით სიარულს ვაპირებთ, სანამ ეს შეგვიძლია,“ თქვა მან.