თქვენთვის გაწვევის უწყებაა - რატომ უჩივის სახელმწიფო 18 წლის შშმ პირებს?

„სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება რომ ვთხოვე, უფროსმა მითხრა, მუშაობა თუ გეზარება, სხვა მიზეზი მაინც მოიფიქრეო... იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო“, - ასე იხსენებს ეტლით მოსარგებლე იკო იაკობიძე ხუთი წლის წინანდელ ამბავს, როცა სასამართლოდან უწყება მოუვიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების „ბრალდებით“ და იძულებული გახდა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო.

იმ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიფტი გაფუჭებული აღმოჩნდა და სხდომა, რომელიც მეორე სართულზე უნდა ჩატარებულიყო, პირველ სართულზე გადმოიტანეს. „ეტლით რომ დამინახა მოსამართლემ, ახლა იმან გაიკვირვა, უი, თქვენ ხართო?“..

იკო არც პირველი და არც უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლებსაც იმის გამო, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდება, შესრულდებიან თუ არა 18 წლისები, სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას სთხოვს და გამწვევი კომისია ხან გაწვევის უწყებას უგზავნის სახლში და ხან ტელეფონით უკავშირდებიან.

არადა, სანამ იკოს სასამართლოსგან უწყება მოუვიდოდა, არაერთხელ წარადგინა ცნობა საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვევ კომისიაში იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო:

იკო იაკობიძე

„ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც გამგეობაში მივიტანე ცნობა, რომ ვიყავი შშმ სტატუსის მქონე პირი. 19 წლის ვიყავი პირველი გაწვევა რომ მომივიდა. კვლავ მივედი გამგეობაში და ისევ მივიტანე საბუთები. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი საბუთები სადღაც დაიკარგა და შემდეგი გაწვევის დრო რომ მოვიდა, თავიდან მივიტანე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, კომისარიატის თანამშრომელმა თავად მომაკითხა სახლში. კარი რომ გავაღე და ეტლით დამინახა, შეწუხდა, შეავსო რაღაც საბუთები და ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები, მითხრა, აღარავის შეგაწუხებსო. რამდენიმე ხნის შემდეგ კი სამსახურში ვიყავი, დედამ რომ დამირეკა, სასამართლოდან უწყება მოვიდაო. ახლა კი მეცინება ამ ყველაფერზე, წლები გავიდა, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს სასაცილო პროცესი და არც მორალურადაა ადვილად გადასატანი“.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ხარვეზი, მოუწესრიგებელი კომუნიკაცია უწყებებს შორის, წლებია პრობლემად რჩება, როგორც ჩანს, ამ სქემის დახვეწას, ჯერჯერობით, არავინ ჩქარობს. ყოველ შემთხვევაში, შშმ პირებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, დღესაც მისდით სახლებში გაწვევის უწყებები, დღესაც იმართება სასამართლო სხდომები სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების გამო. შშმ პირების მშობლებს კი პირადად უწევთ გამწვევი კომისიისთვის იმის მტკიცება, რომ მათი შვილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვერ გაივლიან.

ერთ-ერთი ასეთი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს ჩატარდა. უფრო ზუსტად კი მოპასუხე მხარის, ანუ შშმ სტატუსის მქონე პირის, 18 წლის ლევან გაფრინდაშვილის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო სხდომა 3 თებერვლისთვის გადაიდო. მოსამართლემ ლევანის მამა და ბიძა მის წარმომადგენლებად არ მიიჩნია.

ლევან გაფრინდაშვილის ამბავი

18 წლის ლევან გაფრინდაშვილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირია. მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია წლებია აქვს სხვადასხვა უწყებას. მაგალითად, საპენსიო ფონდს, სოციალური დაცვის სააგენტოს და ა.შ. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ლევანს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყება არ მისვლოდა და მეტიც, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი არ დაწყებულიყო.

გასული წლის დეკემბერში, ლევანის მშობლებს სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის თანამშრომელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მათი შვილი რაიონის გამწვევ კომისიაში უნდა გამოცხადებულიყო. მათ კომისიის თანამშრომელს შვილის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ლევანის დედა, ნათია გოგსაძე, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს გამწვევი კომისიის თანამშრომლებთან ურთიერთობის დეტალებს და ყვება, რომ ბიუროკრატიული ლაბირინთისა და არასწორი კომუნიკაციის გამო, მათ ახლა სასამართლო სხდომებზე სიარული უწევთ:

ნათია გოგსაძე

„დეკემბერში რომ დარეკეს, ჩემმა ქმარმა უთხრა, რომ ჩვენი შვილი შშმ პირია. ბოდიში მოუხადეს, შეწუხდნენ და გააფრთხილეს, რომ კომისიაში შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარგვედგინა. ჩვენ ეს დოკუმენტი გვქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, როდესაც შშმ პირი 18 წლის ხდება, ახალი დოკუმენტი უნდა გაკეთდეს და მას თავიდან უნდა მიენიჭოს შშმ პირის სტატუსი, განისაზღვროს ჯგუფი. ამ დოკუმენტის გაკეთება ცალკე პრობლემა აღმოჩნდა, ბავშვმა უნდა გაიაროს არაერთი კომისია, შემოწმება, სტრესი. ცხადია, დავიწყეთ დოკუმენტების შეგროვება. სწორედ ამ დროს მამა გამიხდა ავად და გარდაიცვალა. ამასობაში კვლავ დარეკეს პოლიციიდან, ამჯერად მე დამიკავშირდნენ. ისევ ავუხსენი ლევანის მდგომარეობა. უი, არ ვიცოდითო. მითხრა, რომ გამწვევ კომისიაში შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარგვედგინა და პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ როდის უნდა წარგვედგინა ეს დოკუმენტი, ამის შესახებ არავის აღარაფერი უთქვამს“.

ლევანს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მალევე გაუკეთეს, რომელიც ნათიამ წარადგინა საპენსიო ფონდსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა, საბუთის ამ ორი უწყებისთვის გადაცემა საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ვიფიქრე, რომ ამ უწყებებმა დოკუმენტაცია კომისარიატშიც გადააგზავნეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ კომისარიატში იცოდნენ ლევანის მდგომარეობის შესახებ და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს საკითხი აქ არ ამოიწურებოდა. თურმე შევცდი. რამდენიმე დღის წინ, კურიერმა მოგვიტანა სახლში სასამართლოსგან უწყება. რას ვიფიქრებდი, რომ სასამართლოში უჩივლებდნენ ლევანს. მაშინვე გავიქეცი კომისარიატში და მივიტანე საბუთი. მეგონა, რომ სამართალწარმოება ამით შეწყდებოდა, მაგრამ, როდესაც მოსამართლის თანაშემწესთან გადავამოწმეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ პროცესი მაინც ტარდებოდა 18 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ კომისარიატიდან უკვე გადაგზავნილი იყო ჩემი შვილის შშმ ცნობა სასამართლოში. 18 იანვარს, სხდომაზე, მოსამართლემ განაცხადა, რომ მიიღო დამატებითი საბუთები, რაზეც იმსჯელებს 3 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე. თუმცა, სხდომის გადადების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ სასამართლოში არ გამოცხადდა ჩემი შვილი, ლევან გაფრინდაშვილი“.

საბა ვაჭარაძის ამბავი

19 წლის იყო საბა ვაჭარაძე სამგორის რაიონის გამგეობის გამწვევი კომისიიდან უწყება რომ მიიღო. საბას მძიმე შშმ პირის სტატუსი აქვს. გადაადგილდება ელექტრო ეტლით და საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას.

„ეს უნდა გადაგხდეს, რომ გაიგო, რას ნიშნავს“, - ამბობს საბას დედა, შორენა შავლაყაძე. სწორედ მან ჩაიბარა გამწვევი კომისიის უწყება. ამ ცნობას ელოდა, რადგან რამდენიმე ხნით ადრე, მსგავსი უწყება საბას მეგობარს, ლუკასაც მიუვიდა. ლუკა დღეს ცოცხალი აღარ არის. იმ დღეს კი, როცა ლუკას კომისიიდან უწყება მიუვიდა, ის რეანიმაციაში იწვა:

„მშობლებს ურეკავდნენ, სასამართლოს გადავცემთ, თუ არ გამოცხადდებითო და გადასცეს კიდეც სასამართლოს. ლუკას მშობლებს, რომლებსაც შვილი რეანიმაციაში ჰყავდათ, ახსნა-განმარტებების დაწერა მოუწიათ, რომ ბავშვი რეანიმაციაშია, არის მძიმე შშმ პირი, პალიატიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება... მოუწიათ ამ საბუთებით სირბილი მაშინ, როცა შვილის გვერდით უნდა ყოფილიყვნენ. ვიცოდი, რომ მსგავსი უწყება ადრე თუ გვიან ჩვენთანაც მოვიდოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს წლების განმავლობაში კარგად აქვთ გაცნობიერებული შვილების მდგომარეობა, შორენა ამბობს, რომ მსგავსი უწყებების მიღება, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს:

„ამ ცნობის მიღება პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ხომ შეიძლება, რომ ინფორმაცია ამ ბავშვების შესახებ გადაიგზავნოს იმ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. ხომ არ შეიძლება, რომ ასე, კონვეირული სისტემით იგზავნებოდეს ეს ცნობები. რამდენი წელია ამას ვითხოვთ, რომ გაჩნდეს გრაფა, რომ ამ ბავშვებს აქვთ სტატუსი, რომლებსაც გაწვევა არ ეკუთვნით. ბავშვი ახალნაოპერაციები იყო, ისედაც სტრესში ვიყავი და იძულებული გავხდი, რომ მერბინა ამ საბუთებით წინ და უკან, მივსულიყავი სამგორის რაიონის გამგეობაში. ვიცოდი, მაშინვე რომ არ მივსულიყავი გამწვევ კომისიაში, მერე ახლა სასამართლოში მომიწევდა სირბილი. არადა, საბას დიდი ხნით მარტო დატოვება არ შეიძლება“.

ლუკა ჩხენკელის ამბავი

18 წლის ლუკას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. არ ლაპარაკობს. ლუკა მეთორმეტეკლასელია. გამწვევი კომისიიდან ლუკას დედას, თათია მელაშვილს დაურეკეს. თათიამ იცოდა, რომ როდესაც ლუკა 17 წლის გახდა, მისი საბუთები, სადაც მითითებული იყო, რომ ლუკა განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვია, სკოლის ადმინისტრაციამ გამწვევ კომისიაში გადააგზავნა, თუმცა, მას მაინც მოუწია აეხსნა კომისიის თანამშრომლისთვის, რატომ ვერ გამოცხადდებოდა ლუკა გამწვევ კომისიაში:

„ძალიან შეწუხდა, მომიბოდიშა, დოკუმენტები მიიტანეთ კომისარიატში და არ იქნება პრობლემაო“.

თათიამ გამწვევ კომისიაში ფსიქონევროლოგიური დისპანსერის კომისიის მიერ გაცემული ცნობა წარადგინა, სადაც ლუკას დიაგნოზს, მძიმე გონებრივ ჩამორჩენას, ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა, ნევროლოგმა და სოციალურმა აგენტმა მოაწერეს ხელი, მაგრამ ეს ცნობა კომისიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა:

თათია მელაშვილი

„კომისარიატის თანამშრომელმა უკან გადმომიფრიალა ცნობები, ეს არ არის საკმარისი, შშმ პირის სტატუსის ოფიციალური ცნობა გვჭირდება, განსაზღვრული ჯგუფითო. ვუთხარი, რომ ცნობა წარმოების პროცესში იყო და უახლოეს პერიოდში მივიტანდი. მაშინ, კომისარიატის სამედიცინო კომისიაზე, დიღომში უნდა გავიყვანოთო. ლუკა ექიმების დანახვაზე ისედაც იძაბება, განიცდის, ნერვიულობს. ვუთხარი, არანაირი კომისიაზე არ გამყავს, წაიყვანეთ ჯარში-მეთქი, გაიწვიეთ. ამ დიალოგის შემდეგ, გადამამისამართეს უფროსთან. ახლა ამ ადამიანს წარვუდგინე კომისიის დასკვნა... ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. როდესაც ბავშვს აქვს შშმ პირის სტატუსი, ის სულ მინიმუმ შშმ მოსწავლეა სკოლაში, ანუ, ამ ბავშვს განათლების სამინისტროს ბაზა ხედავს, როგორც შშმ პირს. ეს ბავშვები დარეგისტრირებულები არიან სოციალური სააგენტოს ბაზაშიც. ბავშვები დარეგისტრირებულნი არიან მერიის სოციალურ სააგენტოშიც, სადაც მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სპეციალურ პროგრამებში არიან ჩართულები. ანუ, სახელმწიფო ამ ბავშვების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ ეს ბაზები უჩინარია იმ სტრუქტურული ერთეულებისთვის, რომლებიც სამხედრო აღრიცხვასა და სამსახურში გაწვევაზე არიან პასუხისმგებელნი და მშობლებს გვიწევს, ამ გადატვირთული რეჟიმის, სტრესის ფონზე, აქეთ-იქით სირბილი და მტკიცება, რომ შენი შვილი შშმ პირია და არ ეკუთვნის გაწვევა“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, რამდენიმე წლის წინ, თავად იყო იმ შშმ პირის ადვოკატი სასამართლო პროცესზე, რომელსაც სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებას ედავებოდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ არაგულისხმიერი, გულგრილი სისტემის დამსახურებაა ის, რომ დღემდე ვერ აღმოიფხვრა შშმ სტატუსის მქონე პირების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სქემაში არსებული ხარვეზი:

ანა არგანაშვილი

„როგორც კი სასამართლოში გამოვცხადდით, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ შეცდომა იყო დაშვებული, რადგან არ მოიკითხეს არც ბაზაში, არც მონაცემებში, ყურადღება არ მიაქციეს ვის უჩიოდნენ და რაზე. ჩვენ ხომ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს აქვს გაერთიანებული ბაზა, სადაც გამოჩნდება, რომ ადამიანი ბავშვობიდან პენსიას იღებს, რეაბილიტაციას გადის, სამწუხაროდ, გამოდის, რომ სახელმწიფოს მსგავსი ბაზა არ აქვს და არც უწყებებს არ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჯანდაცვის უწყებას არ აქვს კომუნიკაცია შსს-სთან, გამწვევ კომისიასთან, ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ, ადამიანს ვერ ხედავენ. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა, მოხდეს შშმ პირის რეტრავმატიზაცია კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირებით, რომ ის, მაგალითად, ვერ წავა ჯარში. ტრავმას იღებს ამ დროს მშობელიც. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სისტემისთვის არ არის ღირებული ადამიანის დაცვა თუნდაც ემოციური ტრავმისგან“.

კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან ათავისუფლებს „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილ პირს“.

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის დებულების“ თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, თანამდებობის პირები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან, გამწვევ კომისიას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღეში, მიაწოდონ ინფორმაცია სამხედრო ვალდებული მოქალაქეების შესახებ.

შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, გამწვევ კომისიას 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.