კიევის სასამართლომ პოროშენკო პირადი პასუხისმგებლობით დატოვა პატიმრობის გარეშე

კიევში სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აღმკვეთ ზომად შეუფარდა პირადი პასუხისმგებლობა, ასევე დაავალდებულა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომ ჩააბაროს უცხოეთში სამოგზაურო პასპორტები.

ბრალდება ითხოვდა პოროშენკოს დაპატიმრებას ერთი მილიარდი ჰრივნის (35 მლნ დოლარი) გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ადვოკატები ითხოვდნენ, მისთვის საერთოდ არ დაენიშნათ აღმკვეთი ზომა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გახარებულმა პოროშენკოს მომხრეებმა სასამართლოს დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს.

ევროპარლამენტმა უკრაინას მოუწოდა, პოროშენკოს საქმე სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და არ იქნეს გამოყენებული შერჩევითი მართლმსაჯულება.

პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალებში არ მოიპოვება პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას უწოდებს შურისძიებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.

პოროშენკო კიევში ორშაბათს, 17 იანვარს დაბრუნდა ვარშავიდან. სასაზღვრო კონტროლისას მას ცოტა ხნით ჩამოართვეს პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლებ პირებთან ერთად.