კიევში, პეჩორის რაიონის სასამართლოს შენობის წინ, სადაც მიმდინარეობს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ზომის შერჩევის შესახებ სხდომა, შეტაკებები მოხდა ექს-პრეზიდენტის მომხრეებსა და პოლიციას შორის. შეკრებილებმა კარვები დადგეს ქუჩაში, მაგრამ ტროტუარებზე ცეცხლიანი ღია კასრების დადგმის უფლება მათ არ მისცეს.
პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალებში არ მოიპოვება პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას უწოდებს შურისძიებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.
პეტრო პოროშენკო კიევში ორშაბათს, 17 იანვარს დაბრუნდა ვარშავიდან. სასაზღვრო კონტროლისას მას ცოტა ხნით ჩამოართვეს პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლებ პირებთან ერთად.
პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცადა, საბაბი გამოეგონებინა საიმისოდ, რომ ის არ შეეშვა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მას არ გამოუვიდა. ექს-პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაერთიანდნენ მისი პოლიტიკური ფიგურის გარშემო, რათა მოიგერიონ რუსეთის მხრიდან აგრესია.