აშშ იმედოვნებს, რომ რუსეთი დიპლომატიურ გზას აირჩევს უკრაინის საზღვარზე კრიზისის გადასაჭრელად. ამის შესახებ კიევში ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. მან აღნიშნა, რომ ვითარების სამშვიდობო დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებას აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.
უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრირება ნიშნავს, რომ მოსკოვმა შეიძლება უმოკლეს ხანში გასცეს უკრაინაში შეჭრის განკარგულება, თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სთხოვა მას, კიევში ჩავიდეს უკრაინის წინაშე აშშ-ის ვალდებულებების დასადასტურებლად. ოთხშაბათს ბლინკენი ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.
თავის მხრივ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობა შეიქმნა ამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების, ასევე სამხედრო მანევრებისა და ნატოს ავიაციის ფრენების გამო.
შარშან შემოდგომის შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილია რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა. აშშ და დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი სამხედრო ინტერვენციას ამზადებს. კრემლი ამ ვარაუდებს უარყოფს და აშშ-ისა და ნატოსგან ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. კერძოდ იმას, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ და მასში არ შევლენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.