ღარიბაშვილი: საქართველოს მიწა გადაეცა იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადაეცა.​ ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 19 იანვარს გაავრცელა, როცა ნათლისღების დღესასწაული აღინიშნებოდა.

"შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მომენტის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს პერიოდში დასრულდება.