აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციისთვის. პრესსამსახურის თანახმად, ეს დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის „მტკიცე ერთგულება“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ბლინკენი ლავროვს ესაუბრა კიევში ვიზიტის წინ, რომელიც 19 იანვრისთვის არის დაგეგმილი. როგორც იტყობინებიან, ვიზიტი იქნება გაგრძელება აშშ-ის ძალისხმევისა, დაარწმუნოს რუსეთი, რომ უარი თქვას უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე და დიპლომატური გზა აირჩიოს.
ბლინკენი ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“
ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში აქცენტი გაკეთებულია „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის მოთხოვნებზე, რაზეც გასულ კვირაში გაიმართა მოლაპარაკებები. მოსკოვი ვაშინგტონისგან მათზე წერილობით ითხოვს პასუხს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია: „მინისტრმა სახელმწიფო მდივანს მოუწოდა, თავი შეიკავოს მოახლოებული ‘რუსული აგრესიის’ თაობაზე სპეკულაციების ტირაჟირებისგან და კიევის ხელისუფლება აიძულოს, სრული მოცულობით შეასრულოს მინსკის შეთანხმებები.“
მოსკოვი აცხადებს, რომ არ ამზადებს უკრაინაში ინტერვენციას. ამავე დროს ის უარს ამბობს უკრაინის საზღვარზე თავის სამხედროთა რიცხვის შემცირებაზე. უკრაინის საზღვარზე რუსეთის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრის გამო დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ დარტყმას ამზადებდეს.