სრიალი გლოლაში - რაჭული დომბურით

Your browser doesn’t support HTML5

რაჭული ციგით - ხისგან გამოთლილი დომბურით - სრიალი ზემო რაჭის სოფელ გლოლაში ბავშვების და ახალგაზრდების მთავარი გასართობი და ზამთრის უცვლელი რიტუალი იყო. მაშინ გლოლაში ახალგაზრდაც ბევრი ცხოვრობდა და ბავშვიც. იყო ზამთრები, როცა სამოცი მოსრიალე გროვდებოდა. დომბურებს, როგორც წესი, ბაბუები უკეთებდნენ.

ციგის კეთება სოფელში ჯერ კიდევ ბევრს ეხერხება, ხელობა ახალგაზრდებმაც ისწავლეს, მაგრამ რაც დრო გადის, გლოლაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. 300-კომლიან სოფელში დღეს 90 ოჯახია დარჩენილი, უმრავლესობა პენსიონერია.

76 წლის გიორგი ხარებაშვილი და 35 წლის ილია ბიძიშვილი მეზობლები არიან. მათ უბანში 40 სახლიდან ნახევარზე მეტი დაკეტილია. წინ გრძელი ზამთარია. თან წელს თოვლიც დიდი მოვიდა, მაგრამ მიუხედავად სოფლის დაცლით გამოწვეული დიდი სევდისა, გლოლაში მაინც არ ივიწყებენ დომბურებით სრიალის ძველ, კეთილ ტრადიციას.