სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„ყურადღება!“ - იწერება ეკრანზე დიდი, თეთრი ასოებით. „ძვირფასო მაყურებელო, გთხოვთ პირველი სიგნალის შემდეგ დახუჭოთ თვალები, მეორე სიგნალის შემდეგ კი ისევ გაახილოთ“ - მოგვმართავს ეკრანი ინსტრუქციით.
ასეთ ფოკუსს ალექსანდრე კობერიძე თავისი უცნაური და მშვენიერი ფილმის -„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ - დასაწყისშივე გვიტარებს, მალევე მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის და კაცის სიყვარულის ისტორიის დაწყების არქეტიპულ სცენას ვნახავთ. ცოტა სასაცილო და ცოტა უხერხულ ფოკუსს - უფროსები როგორსაც გვიტარებდნენ ხოლმე ბავშვობაში, როცა რაღაც საგანი ერთი მუჭიდან მეორეში გადაჰქონდათ. არადა ეს სამიოდე წამი, როცა თვალების დახუჭვას გვთხოვენ, სინამდვილეში ალქიმიის წამებია. ზუსტად ეს მომენტი განსაზღვრავს იმას, რას დავინახავთ, როცა თვალს ისევ გავახელთ, ან - კიდევ უფრო დრამატულად - საერთოდ თუ „დავინახავთ“ ამ ფილმს. თანაც, სწორედ ამ წამებში, საკუთრივ ფილმშიც ზღაპრული ფოკუსი ხორციელდება - შეყვარებულ წყვილს, ლიზას და გიორგის ავი ძალა გათვალავს და ისინი გადასხვაფერებული გარეგნობით იღვიძებენ. ამიერიდან შეყვარებულები ერთმანეთის მუდმივი ლოდინის და უიმედო ძიებისთვის არიან განწირულები - ქუთაისის სხივიან ქუჩებში ისინი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან, სულ ხედავენ. მაგრამ ვეღარ „ხედავენ“.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ - რომელსაც გასულ წელს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია, FIPRESCI ერგო - ზედაპირზე მართლაც ზღაპარია, ოღონდ ეს არის ზღაპარი, რომელიც ცნობიერად და კომპლექსურად პასუხობს თანამედროვე დროის სულს. რეალობას, რომელიც ადამიანებმა ჩვენი სივრცის რაციონალიზაციით, თუ ინტელექტუალიზაციით მივიღეთ და რომელშიც გვიწევს როგორც საკუთარი იდენტობის, ისე ემოციური და ინტიმური გამოცდილებების, სიყვარულის, შეყვარებულად ყოფნის მდგომარეობის გააზრება. სოციოლოგების ტერმინით, ეს „განჯადოებული“ რეალობაა, რომელშიც ზღაპრულს და სასწაულებრივს კოშმარული და დამზაფვრელი სჭარბობს. და ამ ფილმის გმირების სხეულებრივი ცვლილება, ზღაპრული ფაბულის მიღმა, კაფკასეულ მეტამორფოზასაც აუცილებლად გაგვახსენებს.
ამიტომაც, თავისი ფოკუსით, ეს ფილმი - ჩემი აღქმით - გვთხოვს ოდნავ მაინც გავცდეთ ამ ჩვეულ, რაციონალიზებულ და ინტელექტუალიზებულ სამყაროს. და რაციონალიზებულ კინოს - ჩვენს განწყობას, მოლოდინებს, იდეოლოგიურ შეხედულებებს, კლიშეებს, წარმოდგენებს ფილმის რეჟისორზე, ჟანრზე, მსახიობებზე, თემატიკაზე. რაციონალურ აღქმას აქ მგრძნობელობა უნდა შევაგებოთ, მნიშვნელობების ინტელექტუალურ ძიებას სენსორული სიამოვნება ვამჯობინოთ. საიმისოდ, რომ ამ ფილმში ნაჩვენები სიყვარულის ამბავი შევიგრძნოთ, შეყვარებულების მსგავსად ჩვენც უნდა ვეზიაროთ მოჯადოებულ მდგომარეობას - რამდენადაც შევძლებთ, სულ ცოტათი მაინც. ეს ამბავი ისეთი ელეგიური, ლირიკული, რომანტიკული და ნოსტალგიურია, რომ რაციონალიზებულ და სწორედაც განჯადოებულ სამყაროში მისი აღქმა უბრალოდ არ არის შესაძლებელი.
ამ გადასხვაფერებას თუ შევძლებთ და ამ ფილმის მედიტაციურ ტემპს, ელეგიურ და ნოსტალგიურ ატმოსფეროს, ხმას, ბგერებს და რაღაც უჩვეულო, თითქოს მართლა ჯადოსნური სხივით განათებულ სახეებს თუ გავყვებით, „დავინახავთ“ კინოს, რომელსაც თავბრუდამხვევი, სუნთქვის შემკვრელი, გადამდები სილაღით უყვარს შეყვარებულები, ზღაპრები, ნაყინი, ქუთაისი, მაწანწალა ძაღლები, ზაფხული, მოშრიალე ხეები, ამღვრეული რიონი, ღია კაფეები, ბავშვები, ფეხბურთი, მუსიკა. და უყვარს კინო - „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, ყველაზე მოკლედ თუ აღვწერთ, სიყვარულის ახსნაა კინემატოგრაფის მიმართ.
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ყველაზე მეტს სწორედ კინოზე ვილაპარაკებთ - ფილმის ავტორთან, რეჟისორთან და მთხრობელთან, სანდრო კობერიძესთან, მთავარი როლის შემსრულებელ გიორგი ბოჭორიშვილთან და ოპერატორთან, ფარაზ ფეშარაქისთან ერთად. რაც უნდა მოუხელთებელი იყოს, ჩვენი სამივე სტუმარი მაინც შეეცდება აგვიხსნას ის წამები, თუ სულ პატარა მომენტები, რომელთა დროსაც მხოლოდ კინოში არსებულ ჯადოქრობას, მხოლოდ კინოთი გადმოცემულ ტრანსცენდენტულ განზომილებას შევიგრძნობთ ხოლმე. ვილაპარაკებთ კენ ლოუჩის „კესზე“, „პოეტურ კინოზე“, ალ პაჩინოზე, იური ნორშტეინზე, იმაზე, თუ როგორ საზრდოობს კობერიძის ეს სურათი აბას კიაროსტამის, რობერ ბრესონის, ოთარ იოსელიანის, ერიკ რომერის მგრძნობელობით. მუსიკაზეც ვილაპარაკებთ, ქუთაისზეც, ფეხბურთზეც - ემოციაზე, თავდავიწყებაზე და დიდი სპორტსმენების, მათ შორის დიეგო მარადონას ინტენსიურად მფეთქავ ვნებაზე, რომელიც, თავისებურად, ასევე ჯადოსნურის გაელვებაა ხოლმე განჯადოებულ რეალობაში.
ეპიზოდის ბოლო მონაკვეთში კი სანდრო კობერიძე „ჯადოსნურთან“ თავის მიმართებას ღიად გაგვიმხელს - თან, რაც უნდა უცნაური იყოს, აქ ის გოგოლს დაესესხება. სამყარო განჯადოებულია, შესაძლოა ჩვენც ავმა ძალამ გაგვთვალა, და ჯადოსნურს მხოლოდ წამიერად, გაკვრით თუ შევიგრძნობთ ხოლმე - როცა, მაგალითად, რომელიმე მივიწყებული სიმღერა მიძინებულ ემოციას გაგვიღვიძებს, ნაყინის გემო ბავშვობის გემოს მოიტანს, ან როცა სხვა ადამიანი აბსოლუტურად მოგვიცავს და გვიყვარდება. მაგრამ ჯადოსნური არსებობდა და არსებობს. ასეთი ამბები იშვიათად, მაგრამ ხდება - გვეუბნებიან გოგოლიც და სანდროც - მთავარია ჩვენ შევძლოთ მათი „დანახვა“. რასაც უნდა ვუყურებდეთ - კინოს, ცას, თუ მთელ სამყაროს.